უსუფაშვილის ჯოჯოხეთი, ბოკერია-მანდელას დაკითხვა და დადრგუნული ბადურაშვილი - კვირის პალიტრა

უსუფაშვილის ჯოჯოხეთი, ბოკერია-მანდელას დაკითხვა და დადრგუნული ბადურაშვილი

რამოდენიმე დღის წინ, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია პროკურატურამ დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საკითხზე დაკითხა. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას ისეთი ეფექტი არ ქონია, როგორიც საჭირო იყო და მშიერი ამომრჩევლის დასაპურებლად პროკურატურამ მორიგი სანახაობა შემოგვთავაზა და დაკითხვაზე "ნაციონალების" მორიგი ლიდერი დაიბარა დაკითხვაზე.

ისე, ბოკერიას რომ თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებ, იქვე მოქმედი უშიშროების საბჭოს მდივნის ნათქვამი გახსენდება - ლეპტოპი ბოკერიას არ ქონია და მანქანაც ისეთი გამჭვარტლული იყო სიგარეტის კვამლით, რომ სასწრაფოდ საჭიროებდა შეცვლასო.

ისე, ხალხი ნელ-ნელა იღლება: ყოველ კვირას ვიღაცას იბარებენ, დაკითხავენ და გაუშვებენ, ხან ვიდეობის გავრცელებით ცდილობენ, ქვეყანაში მიმდინარე რეალურად მნიშვნელოვანი ამბები გადაფარონ.

"ნაციონალებიც" უფრო მეტი რიხითა და შემართებით აგრძელებენ ხელისუფლებისა და "სამოქალაქო სექტორის" კრიტიკას. "რუსთავი-2"-ისა და განსაკუთრებით, გიორგი გაბუნიას შემართებაც თითოეული წარუმატებელი დაკითხვის შემდეგ ძლიერდება და ნიშნის მოგებით ამცნობს ხალხს, რომ ვინც დაიბარეს პროკურატურაში, თითქის ყველა განთავისუფლდა ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას გარდა და იმათთვისაც ჭირს რაიმეს დამტკიცება.

სააკაშვილის დროს თუ "ასფალტს ჭამდა ხალხი", ახლა ვიდეოებსა და "ნაციონალების" პროკურატურაში სიარულს ჭამს. თუმცა, ადამიანთა ნაწილს, ბოკერიაზე მეტად მისი ცოლის რეაქციები უფრო აინტერესებდათ გიგას პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით. ქალბატონმა თამარმაც არ დააყოვნა და მისი ქმრის ღვაწლი ორი სიტყვით დააფასა - სადაც მანდელა 23 წელი იჯდა ციხეში, ჩემი ქმარი ამას როგორმე გაუძლებსო. ცოტა უცნაურია, სად მანდელა და სად ბოკერია, თანაც ადრე მთლად დადებით კონტექსტში არ მოიხსენიებდნენ "ნაცები" მანდელას, მაგრამ ეპატიება ქალბატონ თამარს. ქმრის ღვაწლთან ერთად საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაციაც მოახდინა თამარ ჩერგოლეიშვილმა და ბოკერიას დაჭერის შემთხვევაში, ივანიშვილსა და "მის პაჟს" ჯოჯოხეთის მოწყობით დაპირდა.

არ ვიცი, ჩერგოლეიშვილი ივანიშვილს ჯოჯოხეთს როგორ მოუწყობს, მაგრამ ერთადერთი ვისაც ეხლა ნამდვილად ჯოჯოხეთში უწევს საქმიანობა არის დავით უსუფაშვილი. რა მოთმინება, რა გამძლეობა... თუმცა, უკვე დავით უსუფაშვილის ტიტულატურას რინგის მსაჯის წოდება უფრო მოუხდებოდა, ვიდრე პარლამენტის სპიკერის. სანახაობას არც პარლამენტი აკლებს ხალხს, მაგრამ ყოველდღე ჩხუბი უკვე მოსაწყენი გახდა, ერთი და იგივეს ვუყურებთ აგერ უკვე რა ხანია - რომელიმე "ნაციონალის" გამოსვლა , გაღიზიანებული ქანთარიას დაძაბულად წამომართული სხეული და დამცინავი ღიმილი და დავით უსუფაშვილის შესაბრალისი სახე, როდესაც საკუთარ თანაგუნდელებს, რომელთათვისაც ჰაკიმ ფაშა გინება გახდა, ხელჩართულ ჩხუბში ხედავს.

ამ ჩხუბისა და რომელიმე "ნაციონალის" ცემის კვალობაზე იფარება მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვა, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენენ გავლენას, გაფიცული მძღოლები თავის დაწვას ცდილობენ, უმუშევრობა არ მცირდება, სოციალური ფონი მძიმდება და ამის კვალობაზე, პარლამენტში ქუჩურ გარჩევებს ვუყურებთ.

სამაგიეროდ, ვერც პარლამენტი, ვერც ბოკერია-ჩერგოლეიშვილი-მანდელა და საერთოდ ვერაფერი ვერ გადაფარავს ქართული საზოგადოებით დადრგუნულ ნინი ბადურაშვილსა და მის წიგნებს, ვერც ის გადაიფარება, რომ ნინის დაქალები თურმე რვა ნომერ კენტს ეწევიან და ნუკი კოკშკელიშვილს ველოსიპედიდან გადმოვარდნის შემდეგ მუხლები უტყავდება...