ბიუჯეტს შარდის სუნი არ ასდის! - კვირის პალიტრა

ბიუჯეტს შარდის სუნი არ ასდის!

ნუ გეშინიათ მკვლელების, რადგან მათ მხოლოდ მოკვლა შეუძლიათ - გეშინოდეთ გულგრილი ადამიანების, რადგან დედამიწაზე მათი ჩუმი თანხმობით ყველაზე საშინელი დანაშაული ხდება.

მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობაში გვასწავლიდნენ ერთ ლექსს, რომლის მორალი ორი პატარა ბავშვის საქციელია. ისინი ხედავენ, რომ ეზოში ონკანია მოშვებული, წყალი მოდის და მთელ ეზოს ატალახებს. პატარები ღია ონკანს აუვლიან-ჩაუვლიან და მათი უმოქმედობა დანაშაულია.

რამდენიმე დღის კანცელარიასთან გაიმართა აქცია, სადაც მარიხუანის დეკრიმინალიზაციისა (და არა ლეგალიზაციას) და ხელისუფლების ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა პატარა პერფორმანსი შემოგვთავაზეს. მათ საკუთარი შარდი მიიტანეს აქციაზე და განაცხადეს, რომ ხელისუფლება შარდში კრიმინალს ვერ იპოვის -ადამიანებმა ამით 8 ივნისს 16 ადამიანის დაკავება გააპროტესტეს. თუმცა აღნიშნულ აქციაზე ძალიან ბევრი დეკრიმინალიზაციის მოხრე არ მივიდა, რადგან ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არ აპროტესტებდნენ ამას და მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნაში მხოლოდ პოლიტიკურ ელფერს ხედავენ.

იმის ნაცვლად, რომ ადამიანებში გაჩნდეს სოლიდარობის გრძნობა, სხვის პროტესტს დასცინიან. წინა ხელისუფლება იმიტომ შეიცვალა, რომ თავისუფლად ვერ გააპროტესტებდი მაგალითად იმას, რომ ბალახის მოწევისთვის მოქალაქეს 11 წელს უსჯიან, ხოლო ადამიანის მოკვლისთვის 7-8 წელს. ერთ დღესაც შეიძლება, თქვენ და თქვენი მეგობარი უცერემონიოდ წაგიყვანონ და მოწევის გამო დიდი ხნით ციხეში გამოგამწყვდიონ...

"ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვიყავი; პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ; ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვარ; შემდეგ მე მომადგნენ, მაგრამ არავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო" - პასტორი მარტინ ნიიმიოლერი.

თუ ხალხის ნებაა, რომ ბექა კრიმინალი არ არის, მაშინ ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს, მომავალი რამოდენიმე წლის განმავლობაში მოხდება თუ არა უწყინარი მოსაწევის დეკრიმინალიზაცია. თუმცა ხალხის ნება უნდა დაანახო და აგრძნობინო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნება ნებადვე დარჩება. აქვე უწყინარი მოსაწევის მნიშვნელობას განვმარტავ - წარმოიდგინეთ საღამოს მთვრალი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს ეჩხუბოს და აგინოს ყველას და ყველაფერს, რაც მოძრაობს და თავისთვის მოსიარულე უაზრო თვალების მქონე მოსიარულე არსება. ადრე თუ გვიან უნარების ტესტი შეგვეკითხება, თუ რომელი სუბიექტი უფრო უწყინარია საზოგადოებითვის და საინტერესოა, თავად საზოგადოებას რა პასუხი ექნება მაგ დროს შემოხაზული.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბიუჯეტი თურმე კაზინოების ხარჯზეა გარღვეული, მესმის, თუ რატომ არ მოხდება უახლოეს ხანებში მოსაწევის დეკრიმინალიზაცია - ბიუჯეტს შარდის სუნი არ ასდის! ის უნდა შეივსოს და ამისთვის ყველა ღონე უნდა იქნას მიღებული - ამ ლოგიკით, ბექას კრიმინალობა ქვეყნის ინტერესების სფეროში ყოფილა მოქცეული.

ისე, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში მიხეილ სააკაშვილს კითხეს თუ რა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა. ექს-პრეზიდენტმა (არ ვიცი რამდენად გულახდილად) უპასუხა, რომ საკმარისი ფული არ ჩადეს განათლებაში. არ ვიცი, სააკაშვილი მართლა ამას თვლის თუ არა უმთავრეს შეცდომად, მაგრამ პირველ რიგში საზოგადოების განათლების დონე რომ უნდა ამაღლდეს, ეს ნათელია. ...რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ მეტი გრაფიტი დაიხატოს სანაპიროზე, მეტი კრეატიული პროტესტი გაჩნდეს ხალხში...