მამულისთვის მოღვაწე "მამულიჩები" - კვირის პალიტრა

მამულისთვის მოღვაწე "მამულიჩები"

4 ოქტომბერს მოსკოვში, პარკ "ერმიტაჟში" "თბილისობა მოსკოვში" გაიმართა. ღონისძიება, რა თქმა უნდა, "რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარის მიხეილ ხუბუტიას დაფინანსებით შედგა. ერთი მშვენიერი გამოთქმაა - ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, ხოლო ამ ყველაფრისთვის უფრო ბევრი ფულია საჭირო! ცხადია, ეს გამოთქმა ჩემზე უკეთ ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა იციან.

ცოტა ხნის წინ "ნაციონალების" მიერ, ღირსების ორდენით ხელდამშვენებული მომღერლები მოსკოვში თუ თბილისობაზე ტაშ-ფანდურს გამართავდნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო. თუმცა, უფრო ძნელი წარმოსადგენი იყო "ფსოუს წყლის" შემსრულებელი, ერთ დროს ჯარისკაცთა საბრძოლო სულის ამმაღლებელი, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი მომღერალი თითის ერთ დატკაცუნებაზე თუ დაივიწყებდა ყველაფერს და მოსკოვში იმღერებდა. შეიძლება, არ გესმოდეს მოსკოვში სიმღერით რა უნდა დაშავდეს, მაგრამ ჩადიხარ რუსეთში, რომელსაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, და "ფსოუს წყალს" უმღერი - მთელი ერი "დავიდრგუნეთ"!

ასეთ ადამიანებს ზოგადი სახელი "მამულიჩები" რომ დავარქვათ, ურიგო არ იქნებოდა. ცინიკური დამთხვევაა - ოკუპანტის ტერიტორიაზე ამღერებული "მამულიჩას" ცოლი. კიდევ ერთი ღირსების ორდენოსანი და ერთ დროს "ნაციონალების" მიერ ლამის ისნის მაჟრიტარ კანდიდატურად დასახელებული ლელა წურწუმია, რომელსაც ყველას დაანახა - ხელოვნებას საზღვარი არ აქვს, ისევე როგორც უსირცხვილობას. მამულისთვის მოღვაწე "მამულიჩები" - მართლაც საინტერესო ფენომენია.

ნეტავ, ის ხალხი სად არის, თავის დროზე "ერისიონი", რომ ქვეყნის სირცხვილად გამოაცხადეს და ლამის აკრძალეს კრემლში მოცეკვავე ქართველთა ანსამბლი. თურმე, გენეტიკურად ასე ახლოს ვყოფილვართ ჩვენს ერთმორწმუნე ძმასთან და ამას აქამდე ვერ ვხვდებოდით. ქეთა თოფურია მოღალატეა და ნინი ბადურაშვილი არა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთი ადამიანი აფინანსებს. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ამ ადამიანებმა, უბრალოდ, მონატრებულ ქართველებს უმღერეს და გულში ანგარება არ ქონიათ, შეუძლიათ, ზედა სამი აბზაცი კიდევ უფრო გულდასმით გადაიკითხონ. ვერც ის გამოდგება არგუმენტად, რომ სპორტი და კულტურა პოლიტიკისგან განზე დგას და ერთი მეორისგან დამოუკიდებლად არსებობს. კულტურა პროპაგანდის ძალიან მძლავრი მანქანაა და პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირშია. ამას ვფიქრობ, ჩემი ახსნა არც ჭირდება.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. მნიშვნელობა არ აქვს, შემკვეთი შენი ქვეყნის მტერია თუ მოყვარე. როგორც მოსკოვში გამართულმა თბილისობამ გამოაჩინა, რომ მარტო "წითელი ინტელიგენცია" არ ყოფილა "ჩასარეცხი". ამიტომ, ჯობს ჯერ კარგად დავფიქრდეთ, თუ ვის გადავცეთ ღირსების ორდენი და ჰოპლა მერე დავიძახოთ-ხოლმე. თავის დროზე, არამარტო "მამულიჩებთან", "პირველ მოქალაქესთანაც" მშვენივრად თანამშრომლობდა წინა მთავრობა და მაშინ არავითარი კითხვა არ უჩნდებოდათ.

პ.ს. რაც მთავარია, მოსკოვში თბილისობაზე სოსოც ჩავიდა, პავლიაშვილი...