როდესაც "ეკა" კანონია - კვირის პალიტრა

როდესაც "ეკა" კანონია

რამდენიმე დღის წინ რუსთავიდან თბილისში მოვდიოდი და "მარშრუტკის" მძღოლმა მოძრაობის წესები, აშკარად დაარღვია. დარღვევისთანავე "მარშრუტკა" საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, მძღოლს საბუთები მოსთხოვა და ბევრი ხვეწნის მიუხედავად, ჯარიმის დასაწერად მოემზადა. 50-ლარიანი ჯარიმის წერის მომენტში მძღოლი პატრულთან მივიდა, ორი სიტყვა უთხრა, შემდეგ მანქანა დაძრა და ჩვეულ გზას დაადგა. ცოტა ხნის შემდეგ გადმოგვხედა იქ მსხდომებს და ამაყად თქვა: - "სხვა გზა არ დამიტოვა, ეგ პატრული სვანია და ისეთი სვანის გვარი ვუთხარი, რომ ჯარიმას ვეღარ დამიწერდა".

დიახ, ეს მძღოლიც "ეკას" ერთ-ერთი ნაირსახეობაა. მძღოლს სვანი ჰყავს, ეკას - დავით ცინარიძე, ხოლო ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს პატივი საკუთარი გადასახადით "ცინარიძეებს" პრემიები გამოუწეროს და თავსაც "ეკას" ყოლის ფუფუნება მისცეს. ზოგადად, "ეკა ყუშიტაშვილი" ყველგანაა, მისი არსებობის მანკიერებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ვგრძნობთ. ეს კოლექტიური მოვლენაა, "კოლექტიური ეკა", რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საშუალებას არა და არ იძლევა.

ეკა - მისი გაჩერების უფლება არავის აქვს, მას პატრული გინებასა და წესების დარღვევას აპატიებს, ის არ გადაიხდის "სითი პარკის" 25 ჯარიმას, მის მუქარას პატრული შიშნარევი ხმით პასუხობს, მას შეუძლია გადაფაროს ლარის კურსის დაცემა და ადამიანების აფეთქება, ის გადაიღებს სელფს მონაზვნებთან დაპრუწული ტუჩებით , როგორც ჭეშმარიტი "მრევლი,"  მხოლოდ ერთი ზარი მის ძალაუფლებას განუზომელს ხდის.

ეკა ბედნიერია და ერი განრისხებული, აღშფოთებული, შეშფოთებული. ეკა ასეთია რას ვიზამთ, ის არაფერ შუაშია. უნდა მოვთხოვოთ, მოვითხოვოთ, თუ საჭიროა აქციები გავმართოთ, ვიმოქმედოთ, რომ ცინარიძის მსგავსმა ჩინოვნიკებმა ვერასდროს ვერ გაბედონ ჰყავდეთ "ეკა", მთელი თავისი ძლევამოსილებით.

რაც შეეხება ეკას, მის "კანონმორჩილებას", განათლებას, მეტყველებას - უბრალოდ უნდა დავცინოთ, არა კონკრეტულად მას, არამედ როგორც კრებით სახეს. თუ ოდესმე იმას მივაღწევთ, რომ პატრული აღარ შეკრთება "ვიღაცის" სახელის ხსენებაზე და იმაზეც შევთანხმდებით, რომ "ახლობელთან" გადარეკვა მაგრად "ტეხავს", ბევრად ნაკლები ეკა გვეყოლება.

მეტი განათლება = ნაკლები ეკა

დაუცველობა, სიბრაზე, შეურაცხყოფა - ეს ყველაფერი პატიოსან მოქალაქეს ერთდროულად ეუფლება, როდესაც კანონის დამცველებს უსუსურ მდგომარეობაში ხედავს. წარმოიდგინეთ, ადამიანს ვისაც დავით ცინარიძის დარი ნაცნობი არ ყავს დაჯარიმების გამო დედას აგინებს პატრულს. საინტერესოა, ისევე შემკრთალი შეეკითხება კანონის დამცველი კანონის დამრღვევს "რატომ უზრდელობთო?", როგორც ეკას ჰკითხეს?!

დღეს "ცინარიძეებს" აქვთ იმის უფლება, რომ "ეკა" კანონზე მაღლა დააყენოს და მის წინაშე კანონის დამცველები უძლურნი გახდნენ. დიახ, ესეც ის "ეკაა" "პროწივზე პატრულთან ატვეჩაი", რომ იყო.