პოლიტიკური მასკარადის არენა, ანუ როცა ხალხი ყველას ფეხზე ჰკიდია - კვირის პალიტრა

პოლიტიკური მასკარადის არენა, ანუ როცა ხალხი ყველას ფეხზე ჰკიდია

"რუსთავი 2"-ის პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით ამოქმედდა." -  დაახლოებით ასეთი შინაარსის შეფასებები  მოვისმინეთ მმართველ გუნდისა და მისი მხარდამჭერებისგან ამ კვირის გადაცემა "არჩევანის" დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ გუშინწინდელ გადაცემაში ტელეკომპანიის ყველაზე ცნობილი ჟურნალისტები, საქართველოს ყველა კუთხიდან, ტელემაყურებლებს დღევანდელი ყოფიერების გაუსაძლისობას აჩვენებდნენ, რომელიც თვითონაც სულ ახალახან აღმოაჩინეს...

ზოგადად, როდესაც მოწინააღმდეგეს მიზეზს ე.წ. სატოპკეს მისცემ, ის ამ მიზეზს აუცილებლად გამოიყენებს და ეს მეტოქის ბრალი სულაც  არ იქნება. ზუსტად ასევე გამოიყენეს თავის დროზე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობის" სისუსტეები და ხელისუფლებაში მოვიდნენ. გუშინწინდელი დღის მერე, "9 წლით" უკმაყოფილო ხალხი კვლავ ძველ არგუმენტებს მიუბრუნდა და "რუსთავი 2"-ს სუბიექტურობასა და ორმაგ სტანდარტებში კიდევ ერთხელ დასდო ბრალი.

მართალია, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად" წოდებულ არხზე დამარცხებული და გაჭირვებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია სულა ახლახანს შეიტყო და სულ რაღაც 1-2 წელია აღმოაჩინა, რომ თურმე ქვეყანაში ვიღაცას უჭირს, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება... შესაბამისად, პროპაგანდაც რეალობის გარეშე არ არსებობს. ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ეს ახალი ამბავი სულაც არ არის. რა თქმა უნდა, ეს ხალხი  ორ წელიწადში არ გაღატაკებულა, მაგრამ ოცნება იმაზე, რომ ნელ-ნელა დააღწევდნენ სიდუხჭირეს თავს ნელ-ნელა ქრება...  ორი აზრი არ არის, რომ "რუსთავი 2"-ი ორმაგი სტანდარტების ტელეკომპანიაა და კონკრეტული პოლიტიკური ძალის დაკვეთას ასრულებს, მაგრამ როდესაც გაჭირვებული ადამიანების დიდი ჯგუფი საკუთარ სიღატაკეზე ღიად ლაპარაკობს, ამ ყველაფერს "9 წლითა" და "სიცრუის მანქანის" ძახილით არ უნდა უპასუხო. პირიქით, ხელისუფლება უნდა ეცადოს პრობლემების მოსაგვარებლად პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას.

ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი დეპუტატმა თამარ კორძაიამ მყისვე გადადგა და გადაცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "საინტერესოა ის, რომ ამ ტალახსა და წვიმაში, ამ გაღატაკებულ ხალხში, რომელთაც მართლა ძალიან უჭირთ, ტელევიზიის წამყვანები გახამებული, გაქათქათებული პერანგებით რომ დადიან. სხვაობა აშკარაა წამყვანებსა და რესპონდენტებს შორის. იმედია, თვითონაც კარგად გაეცნენ მათ ყოფას და მომავალ რეპორტაჟებში სხვაობა მათსა და რესპონდენტებს შორის, ასეთი თვალისმომჭრელი აღარ იქნება". კარგი იქნებოდა, თამარ კორძაიამ საკუთარი პარტიის წევრებს პრემიებისა და დანამატების აღების დროს შეახსენოს ხოლმე გაღატაკებული მოსახლეობა. ასეთი გაჭირვებული ადამიანების ფონზე, ხალხის ფულს დახარბებული თანაპარტიელები უფრო სახამუშოა, ვიდრე ბაზარში თეთრი პერანგით მოსიარულე მაია ასათიანი.

მე თუ მკითხავთ, პოლიტიკური მასკარადის ნაწილია ეს თეთრ პერანგიანი ჟურნალისტებიც, რომლებიც ხალხის მძიმე ყოფაზე ახლა ავიშვიშდნენ და ის პოლიტიკსოებიც, ვინც სააკაშვილის 9-წლიან მმართველობაზე ლაპარაკს ვერ მორჩნენ... და ყველას ერთად ხალხი სულ ფეხზე ჰკიდიათ...

როგორც ჩანს, სამთავრობო გუნდს ბაზრობებზე, "ბირჟებსა" და რეგიონებში აღმოჩენილი ადამიანების გაჭირვების არ სჯერა. და სად შეიძლება ასეთი ადამიანის პოვნა - სოლოლაკის აღმართზე? მთავრობის კანცელარიასთან? წინასწარ, პარტიული აქტივისტების მონაწილეობით დადგმულ ღონისძიებებზე? რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია უპირატესობას ყოველთვის უბრალო ადამიანებს ისტორიებს ანიჭებდა. მისი თქმით, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს და ამის შემდეგ საზოგადოება და ხელისუფლება საბჭოთა ფრაზებს ვეღარ მოიშველიებს: "არ ვყოფილვარ", "არ მინახავს" და .შ

დიახ, ჩვენ ყველაფერი ვნახეთ, ყველაფერი მოვისმინეთ... თუმცა, სამწუხაროდ, დღეს, ამ ადამიანების პრობლემებს ყველაზე ნაკლები ყურადღება ეთმობა. ერთი მხარე ამით მანიპულირებს, ხოლო მეორე მხარე - "აპრავებს". ამაზე უფრო სამწუხარო არაფერია, რომ მედიაც პოლიტიკოსების კვალს მიყვება.

აქვე, კიდევ ერთი გადაცემის, "20/30"-ის წამყვანის არჩილ გამზარდიას "სტატუს-გაპრავებას" შემოგთავაზებთ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: "ევროპაშიც შეიძლება მოიძიო მშიერი ადამიანები, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში.... ამ ლოგიკით ყველა ქვეყნის ხელისუფლება "ამოსატრიალებელი" ყოფილა... მიკვირს იმ ხალხის, ვინც ამას რამე ფასს ადებს... დაახლოებით იგივეა, მშიერი ებრაელი მოეძიებინათ ნაცისტებს და ემტკიცებინათ, ჰიტლერი თუ გიშველითო"...

ალბათ, არჩილმა ჩემზე უკეთ იცის, რომ ასეთი ხალხით მოიგო კოალიციამ არჩევნები... იცის, მაგრამ მაამებლური პოლიტიკა "ვიღაც მშიერ ხალხზე" მაღლა დგას... ეს მაამებლური პოლიტიკაც ჩვენი ხალხის კიდევ ერთი დიდი საზოგადო გაჭირვების ნაწილია...