ცხოვრება 13 ივნისამდე და 13 ივნისის შემდეგ (მოხალისის ჩანაწერები) - კვირის პალიტრა

ცხოვრება 13 ივნისამდე და 13 ივნისის შემდეგ (მოხალისის ჩანაწერები)

ერთმა დღემ საზოგადოების დიდი ნაწილი შეცვალა ან არ შეცვალა და ტრაგედიამ ქართული საზოგადოების რეალური სახე დაგვანახა.

რა იყო 13 ივნისამდე? დილას იღვიძებ, მიდიხარ სამსახურში, ლექციაზე, სკოლაში, სასეირნოდ, სამუშაოდ, მეზობელთან, მეგობართან, შეყვარებულთან. მაგრამ უცებ რაღაც ხდება. ეს შენ არ გეხება, არც შენ ოჯახს, არც შენს მეგობარს, არც შენს შეყვარებულს, არც შენს სამსახურს, მაგრამ შენ აღარ შეგიძლია არსად წასვლა და არაფრის გაკეთება, ფიზიკურად, რა თქმა უნდა, შეგიძლია, მაგრამ ვერ აკეთებ... ეს ყველაზე ადამიანური განცდაა და ამ დროს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხვდები სად უნდა წახვიდე, რა უნდა გააკეთო, ვის უნდა დაეხმარო, სად ხარ საჭირო და შენ ხდები მოხალისე!

ფილმებში რომ დიდი და კეთილი ფერდკანიანები არიან, ეგეთია ზუსტად, ჯერ გვიყურა, გვიყურა, მერე მოვიდა და ერთი დიდი ხე ისე ამოიღო, თითქოს ჩვენ იმდენ ხანს არ ვეწავლებოდით...

პირველი რაც მოხალისეების დანახვისას თვალში მომხვდა და ორმაგად გამიხარდა იყო ის, რომ იქ მხოლოდ მომავალი თაობა არ იდგა - იქ იყვნენ დედები შვილებთან ერთად, მოხუცები, ადამიანები განურჩევლად კანის ფერისა და ეროვნებისა... ეს უკანასკნელნი ორმაგ მოტივაციას აძლევდნენ იქ მყოფებს, მათ ჩვენი გასაჭირი წარბშეუხრელად გაიზიარეს. მოხალისეები ნამდვილად იყვნენ სამაგალითოები, ოღონდ არ აინტერესებდათ სახელის მოხვეჭა. მათთვის ისიც საკმარისი იყო, რომ მათი მოწოდებული წყალი დაგელია და ეგრძნოთ, რომ საკუთარი წვლილი შექონდათ დიდ საერთო საქმეში.

ბიჭებს შემართებით და შრომისუნარით არაფრით ჩამოგვრჩებოდნენ გოგონები

ეს ხალხი ვიღაცის მითითებებს არ ასრულებდა და მათ არ აქვთ მონური აზროვნება. რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდა მოხალისეები ის ადამიანები არიან, რომლებმაც უკვე ისწავლეს თეთრისა და შავის გარჩევა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, სამართლიანობის დაცვა, თანადგომის მნიშვნელობა, საკუთარი აზრის ქონა და გამოხატვა. თურმე, ამ ახალგაზრდობას პროტესტის გარდა, უბრალო შრომაც შესძლებია. ეს ის ახალგაზრდები არ არიან, რომლებიც რომელიმე პარტიის მაისურს ჩაიცვამენ და ლიდერების იდეებს უკრიტიკოდ გაიმეორებენ.

და რაც მთავარია, იქ სულ სხვა ხალხი და სულ სხვა ადამიანები იყვნენ შეკრებილნი... ადამიანები, რომელთა მიზანი არ იყო ურთიერთგადაბრალება, მათი მიზანი არ იყო ადამიანებისთვის ლაფის სროლა, მათი მიზანი ქვეყნის ლაფისგან გათავისუფლება იყო.

მომხდარმა ტრაგედიამ ახალი რეალობა გვიჩვენა. ერთ დღეში დავინახეთ, რეალურად ჩვენი საზოგადოების სიმწიფე და მზაობა, რომ შექმნან ქვეყანა, სადაც ერთი ადამიანის გასაჭირი მთელი საზოგადოების გასაჭირად იქცევა. იქ შეკრებილი ხალხი არ კითხულობს ვისთვის რეკს ზარები, არამედ იციან რომ ეს ზარი მათთვის რეკს. ეს არის ხალხი და არამარტო ახალგაზრდობა, რომელიც უკეთესს იმსახურებს... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დავინახე მათი მზაობა, რომ თავად, საკუთარი ერთსულოვნებით შექმნან ახალი უკეთესი გარემო... გარემო, სადაც სოლიდარობა ადამიანების მთავარი განცდა გახდება.