დაკანონებული მონობა, ამაო გაფიცვა და... ანუ როცა მედლის ერთი მხარე ჩანს - კვირის პალიტრა

დაკანონებული მონობა, ამაო გაფიცვა და... ანუ როცა მედლის ერთი მხარე ჩანს

რამდენიმე ათეული წლის წინ ჩარლზ ბუკოვსკიმ თქვა, რომ მონობა ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული და ის, უბრალოდ, ყველა კანის ფერს მოარგეს. მისივე თქმით, მონას არასდროს არ გადაუხდიან იმდენს, რომ მან შემდეგ ამით თავისუფლება მოიპოვოს. ბუკოვსკის ეს მოსაზრება, შეიძლება დღევანდელობის ბევრ სიტუაციას მიუსადაგო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება გაფიცულ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე მინდა გავამახვილო.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმოამდგენელმა ნათია მიქიაშვილმა გაფიცულებთან შეხვედრის მერე მარტივად განაცხადა, რომ მძღოლები, რომლებიც უარს იტყვიან მუშაობის გაგრძელებაზე, უბრალოდ, სხვა "მონებით" ჩანაცვლდებიან. რეალურად, "თბილისის მიკროავტობუსი", მსგავსად "სითი პარკისა", კერძო კომპანიაა, რომელმაც მერიისგან წლების წინ სასურველი ხელშეკრულება მიიღო და კანონით შეუძლია ყავდეს უიაფესი მუშახელი. თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება სამარშრუტო ტაქსთან დაკავშირებით, მერია "თბილისის მიკროავტობუსთან" გამისამართებს, კომპანია კი ხელშეკრულებას გიფრიალებს და გამოდის, რომ ისიც არ ვიცით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები საზოგადოებრივი ტრანსპორტია თუ - კერძო.

ზემოთნათქვამი მოსაზრებების გარდა, ყველა ხედავს იმ პრობლემებს, რაც თავად მძღოლებიდან მოდის. ტრანსპორტის უმეტესობა საშინლად არაჰიგიენურია. რაც არ უნდა ბევრი ადამიანი იდგეს ფეხზე, მძღოლების უმეტესობა ახერხებს, რომ გამუდმებით გაზარდოს მგზავრთა რაოდენობა და ამის ფონზე საშინელ პაპანაქებაში მოწიოს სიგარეტი და არ ჩართოს კონდიციონერი. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პრობლემების ძალიან ცოტა ჩამონათვალია.

თუმცა, მგზავრთა და მძღოლების კამათი მუდმივად იქნება. ჩვენ ვადანაშაულებთ მძღოლებს და არაფერს ვთხოვთ მმართველ კომპანიას, როგორც ზემოთ ვთქვი, ისიც არ ვიცით, ეს კერძო ტრანსპორტია თუ საზოგადოებრივი. არა მგონია, კარგი შემოსავლის მქონე ადამიანი მუდმივად თანხის დაზოგვაზე ზრუნავდეს, როდესაც მას ჰყავს ოჯახი და ამ ეკონომიის შედეგად, ის შეიძლება უმუშევარი დარჩეს. იზრუნოს "თბილისის მიკროავტობუსმა" თუნდაც სამარშრუტო ტაქსის ტექნიკური მომსახურების სერვისზე, თავად გადაიხადოს კონდინცირების საფასური და გააუმჯობესოს ხელშეკრულების პირობები. ვფიქრობ, ეს სიტუაციას მეტნაკლებად დაარეგულირებს.

მაგრამ როდესაც შეგიძლია, ძალიან მცირე დანახარჯით უამრავი მოგება ნახო - WHY NOT?

თანაც, კანონი შენს მხარესაა, ხალხის აგრესია მძღოლებისკენ. კომპანია უკეთესს გადანაწილებას ნამდვილად ვერ ინატრებდა. მით უმეტეს, მათ წისქვილზე პროფკავშირების მოქმედებებიც წყალს ასხამს - ეს არის, ფაქტობრივად, უმოქმედო, უმოძრაო გაერთიანება, რომელსაც არ ძალუძს შეასრულოს საკუთარი მოვალეობა - დაიცვას მისი წევრი. ასეთ ვითარებაში "თბილისის მიკროავტობუსს" შეუძლია წყნარად გააკრას სამარშრუტო ტაქსის საზურგეებზე სარეკლამო განცხადებები და დამატებით შემოსავალზეც იფიქროს.

წლებია უკვე ბევრი ასეთი კერძო თუ საჯარო პრივილეგირებული კომპანიაა, რომელიც კაბალური პირობებით მილიონებს შოულობს და უარესი ალტერნატივის შიშით, ადამიანიც იძულებულია დიდ მონობაში ჩაერთოს. ამიტომ, არაა აუცილებელი, დამკვეთის ნაცვლად შემსრულებელს მოვთხოვოთ პასუხი. ფაქტია, რომ ამით პრობლემა პრობლემად რჩება და საზოგადოება კვლავაც წაგებულ პოზიციაშია.