პროფესია პარლამენტარი, ანუ ბლოგი იმათზე, ვისაც EBRD-ი ბორდელი ჰგონია, სტალინი - ღმერთი, ბიძინა - ილია ჭავჭავაძე... - კვირის პალიტრა

პროფესია პარლამენტარი, ანუ ბლოგი იმათზე, ვისაც EBRD-ი ბორდელი ჰგონია, სტალინი - ღმერთი, ბიძინა - ილია ჭავჭავაძე...

ეს პროფესია იმ ადამიანებს აერთიანებს, რომელთა შრომითი ბიოგრაფია დიდწილად საკანონმდებლო ორგანოდან იწყება. ისინი 4 წელიწადში ერთხელ ძალებისა და ფანტაზიის მოზღვავებას გრძნობენ, ფლობენ საოცარი გარდასახვის უნარსა და ჯადოსნური დაპირებების გაცემის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. მეტიც, მათ წინაპრებს უთქვამთ, ვინც დაპირებას არ გასცემს, ის ბებიამისისას და ბაბუამისისას მიიღებსო...

აღსანიშნავია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს ერთი ფობია აქვთ - ფეხზე დგომის ფობია. მათთვის მთავარია სკამზე ისხდნენ. ამასთანავე, ნამდვილი ქართული პარლამენტი ვერ შედგება, თუ დეპუტატთა 3/5-მა 4-წლიან ხმისამოუღებლობას არ დაუჭირა მხარი.

ზოგადად, ამ პროფესიის ადამიანები უპრეტენზიო და მშვიდი ხალხია. რამდენიც არ უნდა უთხრა, რომ რაიონის მაჟორიტარი იმაზე, ვინც შიმშილით კვდები, ვისაც, სახლი თავზე ენგერვა, უნდა ზრუნავდეს, - ვერაფერს გააგებინებ და ისიც წყნარად გააგრძელებს საკუთარ ნაპატივებ ცხოვრებას. თუმცა, სიწყნარე არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი უემოციოა. პირიქით, ისინი პატარებივით გულჩვილები არიან და როგორც კი კამერას დაინახავენ, უხარიათ და იმ წამსვე ზღაპრების მოყოლას იწყებენ. თუმცა, თუ ორ, საჯაროდ არცთუ კეთილგანწყობილ პირს ერთდროულად მოაყოლე ზღაპარი, ეგრევე ჩხუბისა და გინების კორიანტელს დააყენებენ. კამერის გამორთვისთანავე კი ჩვეულებრივ რეჟიმში დგებიან და შესაძლოა იმ ღამეს რომელიმე ფეშენებელურ რესტორანშიც ერთად მოილხინონ.

ორიოდე სიტყვა ამ პროფესიის ადამიანთა კვების რაციონზეც - პარლამენტარები მხოლოდ ხალხის ჯიბიდან მოზელილ პრემიასა და დანამატს ჭამენ. მარხვის დროს კი ისინი ნაკურთხ დანამატებს მიირთმევენ. პარლამენტართა უმეტესობა სწორედ ამის გამოა საკანონმდებლო ორგანოში - აბა, შიმშილით ხომ არ დავხოცავთ?!

გარდა ამისა, პარლამენტართა და საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილისთვის აუცილებელია განათლების სიმცირე. მაგალითად, განათლების მინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უცხოეთში მიდის სასწავლებლად, ზოგს EBRD-ი ბორდელი ჰგონია, სტალინი - ღმერთი, ბიძინა - ილია ჭავჭავაძე. თუ... თუ... თუ... თუ ინგლისურ ტექსტებს ცისანა მასწავლებელი ქართული ასოებით დაგიწერს, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ევროკავშირში მოხსენებით ვერ გამოხვალ. თუმცა, განათლების ნაკლებობა არ ნიშნავს, რომ მათ არ მოემსახურება მძღოლი და მანქანა ბავშვების და სიდედრის აგარაკზე გასაშვებად და თავად ვერ ივლის მივლინებაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელით და იქაურ "იბიარდებსაც" ვერ შეავლებს თვალს.

გარდა ამისა, საჯარო მოხელეთა აბსოლუტური უმრავლესობა კონსერვატორია - ისინი ახალ სახეებს პოლიტიკაში დამკვიდრების საშუალებას არ აძლევენ და ამიტომაცაა 25 წელი ერთსა და იმავე სახეებს, რომ ვუყურებთ - მათ "მოღვაწეობაში" მხოლოდ პარტიების სახელები იცვლება.

პ.ს. სულ ეს არის, რაც ამ პროფესიის შესახებ მინდოდა მეთქვა და სწორედ ამ ადამიანებს შორის უნდა ავირჩიოთ ის ადამიანები, რომლებიც მომავალი 4 წელი კვლავ საკუთარი პროფესიის მიხედვით გააგრძელებენ ცხოვრებას. თუმცა, მეორე გზაც არსებობს - ხომ არ მოვიდა ცვლილებების დრო. ახალი სახეები, ახალი იდეები, ახალი ხალხი, რომლის პროფესიაც პარლამენტარობა არ იქნება.