ბოლოს ისე არ დაგვემართოს, "ქალისა და მამაკაცის ერთობამ" რუსული პენსია (ან სხვა რამ...) აიღოს - როგორ სარგებლობს მე-5 კოლონა ჩვენი არეული პრიორიტეტებით - კვირის პალიტრა

ბოლოს ისე არ დაგვემართოს, "ქალისა და მამაკაცის ერთობამ" რუსული პენსია (ან სხვა რამ...) აიღოს - როგორ სარგებლობს მე-5 კოლონა ჩვენი არეული პრიორიტეტებით

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გიორგი ანწუხელიძის ვიდეოს ნახვისას, შინდისში დაღუპული გმირი ჯარისკაცების ამბის მოსმენის შემდეგ, ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა, რომ სულ რაღაც რვა წელიწადში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვინმე გაბედავდა და რუსულ პენსიას, საქართველოში რუსეთის ბაზების დაკანონებასა და ორმაგ მოქალაქეობას შემოგვთავაზებდა.

აღარაფერს ვამბობ იმ სიკეთეებზე, რომელიც 90-იან წლებში და ზოგადად, 1783 წლიდან მოყოლებული ერთმორწმუნე ძმამ საქართველოს "გაუკეთა". როგორც ჩანს, უამრავი ქართველის სიკვდილი და დაკარგული ტერიტორიები იმის საფუძველიც კი ვერ გახდა, რომ საზოგადოება ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე შეთანხმდეს - რუსეთი მტერია, რუსეთი ოკუპანტია და არასდროს მას საქართველოსთვის სიკეთე არ გაუკეთებია.

უამრავი მიტინგი და აქცია მახსოვს, მაგრამ ამ თემაზე მსგავსიც კი არავის გაუვლია თავში. ის საშიშროება, რაც ჯერჯერობით სხვადასხვა საშუალებებით იტესტება ჩვენს ქვეყანაში, რატომღაც საყოველთაო მღელვარების ობიექტად არ არის ქცეული. ალბათ, მიაჩნიათ, რომ 21-ე საუკუნე 1920 წელი არ არის და მეხუთე კოლონა ახლა თავის საქმეს ვერ გააკეთებს. არადა, ამ ე.წ. ცენტრისტების მიერ პარტიის დასარეგისტრირებლად შეგროვებული ხელმოწერები უკვე დიდი პრობლემაა.

ამ ეტაპზე, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს ქვეყანას - სწორედ მეხუთე კოლონა და დაუსჯელობის სინდრომი. აქ იმ ახალგაზრდას ვგულისხმობ, რომელმაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო, ხოლო "სამართალდამცავს", ჯერჯერობით მხოლოდ სამსახურიდან წასვლა აკმარეს...

დაახლოებით, ასევე რვა წელია გასულია სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელობებიდან და კვლავ იგივე განმეორდა. ამჯერად ადამიანი არ მოუკლავთ - ის თვითმკლელობამდე მიიყვანა იმან, ვისაც წესით უნდა დაეცვა 22 წლის ბიჭი. ეს მკვლელობაც, ისევე როგორც სხვა მრავალი, არის საზოგადოების, ანუ ჩვენი უმოქმედობის ბრალი, ეს არის ტრაგედია უგმიროდ. ახალგაზრდა ადამიანმა ისიც არ იცოდა დასახმარებლად ვისთვის მიემართა. არასამთავრობოები ამის შემდეგ მაინც მიხვდებიან, რომ თბილისისა და ბათუმის გარდა, სხვაგანცა ჭირდებათ ადამიანებს დახმარება. ვერც იმ ხალხს ვეღარ ვხედავ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების გამო ქუჩაში, რომ ათენებდნენ და აღამებდნენ. 9 წელი წარსულია და "9 წელი" სწორედ იმიტომ აღარ არის ხელისუფლებაში, რომ მსგავსი შეცდომები დაუშვა.

ნებისმიერ შემდგარ დემოკრატიულ ქვეყანაში - მკვლელობასაც და ანტისახელმწიფოებრივი ძალების მოწოდებებსა და თვითმკლელობამდე მიყვანილი ადამიანის სიკვდილს საერთო სახალხო გამოსვლები მოჰყვებოდა, რომელიც აუცილებლად გამოიღებდა სასურველ შედეგს.

რა პასუხი უნდა გავცეთ მავთულხლართების იქით დარჩენილ მოხუცებს, დაღუპული ჯარისკაცების მშობლებს, 300 000-მდე დევნილს, სიმართლისთვის მებრძოლ გარდაცვლილთა მშობლებს, რომ 8 წლის მერე დემოკრატია არ გვაძლევს საშუალებას, რომ "ცენტრისტებს" ქვეყნის ღირსების შელახვის გამო პასუხი მოვთხოვოთ?! თუმცა, პოლიციელის თაობაზე, ალბათ, შსს-ს პრეს-ცენტრს უნდა მივმართოთ, ხოლო "ცენტრისტების" ყოფნა-არყოფნის საკითხი ვოლსკის განცხადებებსა და ბიძინა ივანიშვილის კეთილ ნებაზე არ უნდა ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ - ისინი, უბრალოდ, არ უნდა იყვნენ საქართველოში, ეს დემოკრატია არ არის, ეს ქვეყნის ღალატია. ტრაგედია იქნება, თუ საქართველოში ამაზე ერთიანი აზრი არ იარსებებს...

ვიდრე ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს აღმოვფხვრით და რუსეთის მომხრეებს სათანადო პასუხს გავცემთ, იქამდე კიდევ ერთი, "არანაკლები პრობლემა" გვაქვს მოსაგვარებელი, რომელიც ასევე სახალხო საკითხია. უნდა განვსაზღვროთ ბოლოსდაბოლოს რა ჯანდაბაა ქალისა და მამაკაცის ერთობა და სად ჩავწეროთ ის.

განვითარება "ჰილტონისა" და "შეარატონის" სასტუმროს აშენება არაა, განვითარება პრიორიტეტების სწორი დალაგებაა, რომელიც საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს. ბოლოს ისე არ დაგვემართოს, "ქალისა და მამაკაცის ერთობამ" რუსული პენსია (ან სხვა რამ) აიღოს და მისი ნაწილი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" გადარიცხოს, რომ იქ "ცენტრისტების" რეკლამები გავიდეს.