კიდევ რამდენჯერ გადაწონის "თაკოს ლოცვა" ადამიანის სიცოცხლეს?! - პრობლემა, რომელსაც სიკვდილი გვახსენებს - კვირის პალიტრა

კიდევ რამდენჯერ გადაწონის "თაკოს ლოცვა" ადამიანის სიცოცხლეს?! - პრობლემა, რომელსაც სიკვდილი გვახსენებს

9 მაისს, მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ისვენებდა, მინდელის მაღაროში ოთხი მუშა სიმაღლიდან გადავარდა და სამწუხაროდ, ოთხივე დაიღუპა. საქართველოში სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მარტო 2016 წელს გარდაიცვალა 58 და დაშავდა 84 ადამიანი. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც მხოლოდ ადამიანის სიკვდილის შედეგად ხდება ხოლმე აქტუალური.

ერთ მხარეს არიან შიმშილით დახოცილი ბავშვები, სიბერეგამწარებული მოხუცები, არაადამიანური სამუშაო პირობების შედეგად გარდაცვლილი მუშები, ხოლო მეორე მხარეს ვხედავთ გაზრდილ პრემია-დანამატებს, უმოქმედო მთავრობასა და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ბიზნესელიტას, რომლის წყალობითაც დღეს საწარმო დაწესებულებებში ქმედითი შრომითი ინსპექცია არ არსებობს.

ადამიანი კვდება მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობა ყოველთვის ბიზნესის მხარეს იჭერს და ამ დროს ხალხის პროტესტი უძლურია, უსუსურია ხალხის მიერ არჩეული მთავრობის ქმედებებიც. ხალხი მთავრობას იმიტომ ირჩევს, რომ მისი სოციალური პრობლემები მოგვარდეს და არა იმისთვის, რომ მისი გაღარიბებისა და სიცოცხლის ხარჯზე ერთეულები გამდიდრდნენ. ისე, მართალია, რა სარგებელი უნდა მოუტანოს 4-მა მუშამ ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ბიზნესი არაერთ შემოწირულობას აკეთებს.

გიფიქრიათ მეშახტეების ცოლებზე, შვილებსა და დედებზე, რომლებიც ყოველ დღე შიშით ელოდებიან დაბრუნდება თუ არა მათი ქმარი, შვილი ან მამა სამსახურიდან და იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მაღაროელები მაინც ჩადიან შახტაში, რადგან მათ სხვა არჩევანს არ ვუტოვებთ. წარმოიდგინეთ მაღაროელი, რომელიც უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმის დაცვის გარეშე მუშაობს, იქ, სადაც მოძველებული ტექნიკაა… ის იძულებულია, ოჯახის რჩენის მიზნით, სწორედ იმ გვირაბში იმუშაოს, რომელიც მის სახლს საძირკველს ურყევს.... ანდაც სპეცაღჭურვილობისა და თავდაცვის საშუალების გარეშე მაღალ შენობაზე ამძვრალი მუშა, რომელსაც უბედური შემთხვევისას, სამედიცინო დაზღვევაც კი არ გააჩნია... სახალხო დამცველმა მკვლელები უწოდა ყველას, ვინც ეფექტური და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება.

თუმცა, რეალურად, არანაკლები დამნაშავეა საზოგადოება და მისი ნიჰილიზმი. მაღაროელები რომ არ დაღუპულიყვნენ, მთავარი თავშესაქცევი ამბავი თაკო გაჩეჩილაძის ლოცვა, იური ლუჟკოვის ვიზიტი და პუტინის "მატაციკლეტისტი" ძმაკაცები იქნებოდნენ. მედიამაც და საზოგადოებამაც სწორედ მათ დაუთმო დიდი დრო და მომავალი სეირის მოლოდინში პოპკორნი მოიმარაგა. კიდევ არაერთხელ გადაწონის "თაკოს ლოცვა" ადამიანის სიცოცხლეს... მუშები და მაღაროელები ხომ ხშირად იხოცებიან, ხოლო "თაკოს ლოცვა" აღარ განმეორდება...

რაც ყველაზე მთავარია, ეს დღეები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

ეს იმ ქვეყნის კონსტიტუციაა, რომელიც საკუთარი მოქალაქის სიცოცხლის დაცვას ვერ ახერხებს. მსჯელობენ ოჯახის დეფინიციაზე, მაშინ როდესაც კანონმდებლების უმოქმედობის შედეგად ოჯახები უბედურდებიან.

ლუჟკოვიც, "ღამის მგლებიც", თაკოც, ირაკლიც, გუგულიც - ზოგადად, ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ვიდრე ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე ჯეროვნად არ დაფასდება და პირველ რიგში, ადამიანის უფლებები არ გადმოინაცვლებს წინა პლანზე. ვიდრე ქვეყანას ბიზნესელიტა მართავს, სამწუხაროდ, კიდევ არაერთი ადამიანი დაიღუპება...

ეს თემაც მალე მიეცემა დავიწყებას იქამდე, სანამ პრობლემას წინ წამოწევას კვლავ რომელიმე მუშის გარდაცვალება არ "შეუწყობს" ხელს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს