ია ანთაძის ფერისცვალება, დახურული გადაცემები და წრეში მჯდარი სექსმუშაკი - კვირის პალიტრა

ია ანთაძის ფერისცვალება, დახურული გადაცემები და წრეში მჯდარი სექსმუშაკი

"ხელისუფლებისა და ძალაუფლების მქონე ძალების მუდმივი კონტროლი და ოპონირება, საზოგადოებისთვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება აი ეს არის თქვენი, მომავალი ჟურნალისტების მთავარი ფუნქცია და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ", - გვეუბნებოდა ია ანთაძე სტუდენტებს სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დროს…

მაშინ ვფიქრობდი, რომ თუ ამ ყველაფერს პროფესიაში პრაქტიკულად არ ან ვერ განვახორციელებდი, ჩემს ლექტორს თვალებში ვეღარ შევხედავდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

მახსოვს იმჟამად ია ანთაძე ძალიან განიცდიდა კრიტიკული და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაცემების სიმწირეს და ხელისუფლების მიერ მედიის მასობრივ კონტროლზე გველაპარაკებოდა. დღეს კი თავად გახდა იმის შემოქმედი, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერიდან გაქრეს მნიშვნელოვანი გადაცემები, მათ შორის: "ინტერვიუ", რომელშიც ობიექტური ჟურნალისტის მწვავე კითხვებს პოლიტიკოსები პასუხობდნენ და "წითელი ზონა" - მსჯელობა იმ საბჭოთა მემკვიდრეობაზე, რომლისგან გათავისუფლება ასე გვიჭირს და ზოგადად თავისუფლებაზე...

ია ანთაძის დასაცავად უნდა ითქვას, რომ მაშინ ჩვენმა ლექტორმა არ იცოდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი სოლოლაკში იქნებოდა, ხეები შავ ზღვაში გაცურავდნენ, პოლიტიკოსები კი მონარქიის აღდგენაზე სერიოზული სახეებით იმსჯელებენ… ამ ყველაფრის მიღმა რაღა გასაკვირია, რომ ერთი ჩვეულებრივი ლექტორის პოზიციაც შეიცვალოს და რასაც ადრე უპრინციპობას უწოდებდა, ის გაიხადოს ცხოვრების მთავარ "პრინციპად".

ის უკვე არ ახალი ამბავია, რომ არავის აინტერესებს ვისი ფულით ფინანსდება "საზოგადოებრივი" მაუწყებელი და ის ყოველთვის ხელისუფლების რუპორს წარმოადგენდა და წარმოადგენს. პრინციპში, არც ხალხი იჩენს იმდენ სამოქალაქო ინტერესს, რომ ტელევიზია დაიმსახუროს. უბრალოდ ისმის ყვირილი, - ტელევიზია ხალხისაა და ზედმეტი არაფერი მოგივიდეთო! ხოლო რას ნიშნავს ეს "ხალხის ტელევიზია" კაციშვილმა არ იცის. უფრო სამწუხარო ის არის, რომ პრინციპებს თანამდებობაზე ყოფნის სურვილი ძლევს-ხოლმე.

მართალია, ეს გადაცემები რეიტინგული არ იყო, მაგრამ მათი ეთერში გაშვება მიზერულ თანხებს უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ გადაცემების დახურვას სხვა მიზეზები აქვს, მაგალითად, არაპროფესიონალიზმი, ანდაც პოლიტიკური/პირადი ინტერესები/ხუშტურები. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ია ანთაძემ და ვასილ მაღლაფერიძემ არ იცოდნენ "ინტერვიუსა" და "წითელი ზონის" ფასი.

ამ გადაცემების დახურვისა და ნაკლებრეიტინგულობაზე აპელირების დროს სულ რეიტინგული შოუები მახსენდება - "პროფილი", "სხვა რაკურსი" და "რეაქცია". აქ არ ისმება საზოგადოებისთვის საჭირო კითხვები, აქ არ ლაპარაკობენ საბჭოთა მემკვიდრეობაზე - აქ რეიტინგს ადამიანები ეწირებიან.

"პროფილი" წლებია სტაბილურად გადის ეთერში, ხოლო "წითელი ზონისა" და "ინტერვიუს" მსგავსი გადაცემები ასევე სტაბილურად იხურება. წრეში დაყენებული სექსმუშაკისთვის მორალის კითხვა, ორი საჩხუბრად გამზადებული მხარის ეთერში დასმა, უცხოპლანეტელების დევნა - როგორც ჩანს, ეს საკითხებია ახლა ჩვენთვის მთავარი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს