ია ანთაძის ფერისცვალება, დახურული გადაცემები და წრეში მჯდარი სექსმუშაკი
20-06-2017
ია ანთაძის ფერისცვალება, დახურული გადაცემები და წრეში მჯდარი სექსმუშაკი
"ხელისუფლებისა და ძალაუფლების მქონე ძალების მუდმივი კონტროლი და ოპონირება, საზოგადოებისთვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება აი ეს არის თქვენი, მომავალი ჟურნალისტების მთავარი ფუნქცია და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ", - გვეუბნებოდა ია ანთაძე სტუდენტებს სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დროს…

მაშინ ვფიქრობდი, რომ თუ ამ ყველაფერს პროფესიაში პრაქტიკულად არ ან ვერ განვახორციელებდი, ჩემს ლექტორს თვალებში ვეღარ შევხედავდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

მახსოვს იმჟამად ია ანთაძე ძალიან განიცდიდა კრიტიკული და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი
გადაცემების სიმწირეს და ხელისუფლების მიერ მედიის მასობრივ კონტროლზე გველაპარაკებოდა. დღეს კი თავად გახდა იმის შემოქმედი, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერიდან გაქრეს მნიშვნელოვანი გადაცემები, მათ შორის: "ინტერვიუ", რომელშიც ობიექტური ჟურნალისტის მწვავე კითხვებს პოლიტიკოსები პასუხობდნენ და "წითელი ზონა" - მსჯელობა იმ საბჭოთა მემკვიდრეობაზე, რომლისგან გათავისუფლება ასე გვიჭირს და
ზოგადად თავისუფლებაზე...

ია ანთაძის დასაცავად უნდა ითქვას, რომ მაშინ ჩვენმა ლექტორმა არ იცოდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი სოლოლაკში იქნებოდა, ხეები შავ ზღვაში გაცურავდნენ, პოლიტიკოსები კი მონარქიის აღდგენაზე სერიოზული სახეებით იმსჯელებენ… ამ ყველაფრის მიღმა რაღა გასაკვირია, რომ ერთი ჩვეულებრივი ლექტორის პოზიციაც შეიცვალოს და რასაც ადრე უპრინციპობას უწოდებდა, ის გაიხადოს ცხოვრების მთავარ "პრინციპად".

ის უკვე არ ახალი ამბავია, რომ არავის აინტერესებს ვისი ფულით ფინანსდება "საზოგადოებრივი" მაუწყებელი და ის ყოველთვის ხელისუფლების რუპორს წარმოადგენდა და წარმოადგენს. პრინციპში, არც ხალხი იჩენს იმდენ სამოქალაქო ინტერესს, რომ ტელევიზია დაიმსახუროს. უბრალოდ ისმის ყვირილი, - ტელევიზია ხალხისაა და ზედმეტი არაფერი მოგივიდეთო! ხოლო რას ნიშნავს ეს "ხალხის ტელევიზია" კაციშვილმა არ იცის. უფრო სამწუხარო ის არის, რომ პრინციპებს თანამდებობაზე ყოფნის სურვილი ძლევს-ხოლმე.
მართალია, ეს გადაცემები რეიტინგული არ იყო, მაგრამ მათი ეთერში გაშვება მიზერულ თანხებს უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ გადაცემების დახურვას სხვა მიზეზები აქვს, მაგალითად, არაპროფესიონალიზმი, ანდაც პოლიტიკური/პირადი ინტერესები/ხუშტურები. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ია ანთაძემ და ვასილ მაღლაფერიძემ არ იცოდნენ "ინტერვიუსა" და "წითელი ზონის" ფასი.

ამ გადაცემების დახურვისა და ნაკლებრეიტინგულობაზე აპელირების დროს სულ რეიტინგული შოუები მახსენდება - "პროფილი", "სხვა რაკურსი" და "რეაქცია". აქ არ ისმება საზოგადოებისთვის საჭირო კითხვები, აქ არ ლაპარაკობენ საბჭოთა მემკვიდრეობაზე - აქ რეიტინგს ადამიანები ეწირებიან.

"პროფილი" წლებია სტაბილურად გადის ეთერში, ხოლო "წითელი ზონისა" და "ინტერვიუს" მსგავსი გადაცემები ასევე სტაბილურად იხურება. წრეში დაყენებული სექსმუშაკისთვის მორალის კითხვა, ორი საჩხუბრად გამზადებული მხარის ეთერში დასმა, უცხოპლანეტელების დევნა - როგორც ჩანს, ეს საკითხებია ახლა ჩვენთვის მთავარი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

DEVI
25 იანვარი 2018 12:00
არცერთი კომენტარი არ არის მიახლოებული ობიექტურ მსჯელობასთან. უმეტესობა უაზროა, დანარჩენში კი ჩანს ვინ რომელ პოლიტიკურ გუნდს უკმევს საკმეველს. აი ჩვენი საზოგადოება,- და საზმაუწყებელიც შესაბამისად ტორტმანობს გარემოების მღვრიე ზვირთებში(,,გარემოების საყვირი ხან მიწისა ვარ ხან ცისა".
მედეა
24 იანვარი 2018 17:19
ჩემი ზედა კომენტარი06--07 საათზე კლასიკური მუსიკის შესახებ ---ისტორიას ჩაბარდა. ახლა რუსეთის "ახლანდელ დროს" გვასმენინებენ და გვაყურებინებენ, რა არის ეს?, რად მინდა მისი ნახვა? უარყოფითზეა აწყობილი ჩვენი ტ.ვ. სივრცე. არც ერთი მათგანი სიკეთეს არ ემსახურება, არც ერთი გადაცემა ყურებად არ ღირს. მამლების ჩხუბის ყურებაც საშინელია, თორემ ადამიანების გაუთავებელი პაექრობა?/? " კავკასიის" , "ტ.ვ. პირველის" , რუსთავი2", "ობიექტივის" დასხვ------მხოლოდ ჩხუბი და მთავრობის გინება ისმის. ანუ ჩვენ--ამომრჩევლები ვყოფილვართ შტერები და ეს არასამთავრობოები, ჟურნალისტები, ექსპერტები, ნაცები, დემოკრატები, ლეიბორისტები და ა, შ. ვისაც ხელისუფლების გმობა ცხოვრებისა და შემოსავლების წყაროდ გაუხდიათ--------ჭკვიანები? გუბაზ სანიკიძე სიტყვას არ იტყვის თუ მთავრობა არ აგინა, კი, მაგრამ ისინი ძალით დასხდნენ იქ? ფულმა გადაწყვიტა ყველაფერიო ასე თქვა. ---რას გავს ეს? შენს ხალხს ასე უნდა ატყუებდე და თავი მოგქონდეს?-----ხალხი ბრძენია----ეს მცდარია? წინა პლანზეა წამოწეული გაშავება და ხალხის გულის გატეხვა, არ მოგბეზრდათ ბატონებო? "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის". ქარავანი ხალხია
***
22 ივნისი 2017 09:59
ტელევიზია ხალხის დაბალ გემოვნებაზე კი არ უნდა იყოს აწყობილი, არამედ თავისი გადაცემებით უმაღლებდეს მოსახლეობას ინტელექტს, აცნობდეს ხელოვნებას , მეცნიერებას და ა.შ.
სეირსა და სანახაობებზე ჩაბჟირებულები-თვითონ უქვეითებენ მოსახლეობას გემოვნებას და მერე თავს ისევ ხალხს აბრალებენ--არ აინტერესებთ სერიოზული გადაცემებიო.

რედაქტორის რჩევით