გადმოწეული საზღვარი, "ქართველთა" მარში და საამოდ მიყუჩებული ინტელიგენცია - კვირის პალიტრა

გადმოწეული საზღვარი, "ქართველთა" მარში და საამოდ მიყუჩებული ინტელიგენცია

რუსმა ოკუპანტებმა სანდრო ბრეგაძისა და "კორკოტას" მარშის გადაფარვა სცადეს - "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საზღვარი კიდევ 500 მეტრით გადმოსწიეს. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, თბილისი ქალაქ-სახელმწიფოდ გადაიქცეს. ქართველობაწართმეულებს სწორედ ამიტომ უნდათ დედაქალაქიდან არაბების, თურქების, ინდოელებისა და ჩინელების გაყრა. პატრიოტები ითხოვენ, რომ მიწები არამონათესავე ერებს არ მიყიდონ, ხოლო მოძმე ერმა რამდენიც უნდა იმდენი ჰექტარი წაიღოს - ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო.

მართალია, საზღვრის გადმოწევის დროს ყველა მიჩუმდება ხოლმე, მაგრამ მარშების გამმართველებს ერთი იდეა მინდა შევთავაზო, - მივყიდოთ სასაზღვრო ნაკვეთები არაბებსა და თურქებს და თუ რამე ინციდენტი მოხდა, დაე, თვითონვე მოაგვარონ "საკუთარი მიწის" პრობლემა. ამით ორ კურდღელს დაიჭერთ - დედაქალაქიც დაცული იქნება და "ძმასთან" უსიამოვნო საუბარსაც ავარიდებთ თავს.

რეალურად, კი ხელისუფლებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება სხვა პრობლემების განხილვას ეთმობა - ბიბლიური თავისუფლება, სამტრედიელი კახი თუ თბილისელი ზალიკო, გადაკეტილი პეკინის ქუჩა, პაპანაქება სიცხე, ციანიდის საქმე, სექსმუშაკებისთვის მორალის კითხვა და ა.შ. ამ დროს კი ადამიანები საარსებო წყაროსა და მშობლიური კარმიდამოს გარეშე რჩებიან და ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სულ რაღაც რამოდენიმე ასეული მეტრი და "ძმებს" უკვე მთავარ მაგისტრალზეც ვიხილავთ.

შეუძლია, ალეკო ელისაშვილს წავიდეს საზღვართან და ოკუპანტს უთხრას, რომ კბილებს დაამტვრევს თუ საზღვარს გადმოწევს, ანდაც კორკოტა დაემუქროს "ძმას" თავის წაძრობით... თუ ძალადობით არაფერი გამოვა, ერთმორწმუნეებთან საუბარი "გირჩის" ბიბლიური თავისუფლების მღვდელმთავრებს მივანდოთ - წააწოწიალონ საკუთარი გასაბერი ეკლესია და იქნებ, ასე მაინც მოგვარდეს მარადიული პრობლემა. ისიც არ მგონია, ვინმე გაბრაზდეს თუ ბიძინა ივანიშვილი მიითვისებს ამ მიწებსაც და იქ ზოოპარკს, დენდროლოგიურ პარკს ან პანორამას თუ გააკეთებს, მაგრამ მილიარდელიც დუმს. ასეთივე წარმატებით "ნაციონალებსაც" არავინ უშლის ხელს ოკუპანტებს მიუცვივდნენ.

თუმცა, ამ პრობლემას ყველა გვერდს უვლის და ევროპის გზას მიჰყვება - მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება. რეალურ ქმედებებს კი ერთი ადგილი სჭირდება, რომელიც როგორც ჩანს, არავის გააჩნია. არადა, თავად თუ არ მიხედე შენს პრობლემას - სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ჩავლენ, ალბათ, ახალ წელს და მავთულხლართებს იქით მყოფ მოხუცებს, რა თქმა უნდა, კამერების თვალწინ, ტკბილეულს გადასცემენ, ერთი-ორს დაემუქრებიან რუსებს და საღამოს სამშობლოს სადღეგრძელოს დალევენ.

"საამაყო ინტელიგენცია", როგორც წესი, ასეთ დროს მიყუჩებულია და "მოსკოვები", დონეცკები", "ხარკოვები" და "20 მანეთები" ახსენდებათ - რუსეთის გარეშე ჩვენ ვერ გავძლებთ, ამერიკა შორსაა, ხოლო რუსეთი მეზობელია და სჯობს არ გავაღიზიანოთ, ასეთია მათი უმრავლესობის ლოგიკა.

მალე ისე მოხდება, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის დროს, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანო მაგისტრალზე გაიჭედოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს