გადმოწეული საზღვარი, "ქართველთა" მარში და საამოდ მიყუჩებული ინტელიგენცია
06-07-2017
გადმოწეული საზღვარი, "ქართველთა" მარში და საამოდ მიყუჩებული ინტელიგენცია
რუსმა ოკუპანტებმა სანდრო ბრეგაძისა და "კორკოტას" მარშის გადაფარვა სცადეს - "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საზღვარი კიდევ 500 მეტრით გადმოსწიეს. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, თბილისი ქალაქ-სახელმწიფოდ გადაიქცეს. ქართველობაწართმეულებს სწორედ ამიტომ უნდათ დედაქალაქიდან არაბების, თურქების, ინდოელებისა და ჩინელების გაყრა. პატრიოტები ითხოვენ, რომ მიწები არამონათესავე ერებს არ მიყიდონ, ხოლო მოძმე ერმა რამდენიც უნდა იმდენი ჰექტარი წაიღოს - ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო.

მართალია, საზღვრის გადმოწევის დროს ყველა მიჩუმდება ხოლმე, მაგრამ მარშების გამმართველებს ერთი იდეა მინდა
შევთავაზო, - მივყიდოთ სასაზღვრო ნაკვეთები არაბებსა და თურქებს და თუ რამე ინციდენტი მოხდა, დაე, თვითონვე მოაგვარონ "საკუთარი მიწის" პრობლემა. ამით ორ კურდღელს დაიჭერთ - დედაქალაქიც დაცული იქნება და "ძმასთან" უსიამოვნო საუბარსაც ავარიდებთ თავს.

რეალურად, კი ხელისუფლებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება სხვა პრობლემების განხილვას ეთმობა
- ბიბლიური თავისუფლება, სამტრედიელი კახი თუ თბილისელი ზალიკო, გადაკეტილი პეკინის ქუჩა, პაპანაქება სიცხე, ციანიდის საქმე, სექსმუშაკებისთვის მორალის კითხვა და ა.შ. ამ დროს კი ადამიანები საარსებო წყაროსა და მშობლიური კარმიდამოს გარეშე რჩებიან და ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სულ რაღაც რამოდენიმე ასეული მეტრი და "ძმებს" უკვე მთავარ მაგისტრალზეც ვიხილავთ.

შეუძლია, ალეკო ელისაშვილს წავიდეს საზღვართან და ოკუპანტს უთხრას, რომ კბილებს დაამტვრევს თუ საზღვარს გადმოწევს, ანდაც კორკოტა დაემუქროს "ძმას" თავის წაძრობით... თუ ძალადობით არაფერი გამოვა, ერთმორწმუნეებთან საუბარი "გირჩის" ბიბლიური თავისუფლების მღვდელმთავრებს მივანდოთ - წააწოწიალონ საკუთარი გასაბერი ეკლესია და იქნებ, ასე მაინც მოგვარდეს მარადიული პრობლემა. ისიც არ მგონია, ვინმე გაბრაზდეს თუ ბიძინა ივანიშვილი მიითვისებს ამ მიწებსაც და იქ ზოოპარკს, დენდროლოგიურ პარკს ან პანორამას თუ გააკეთებს, მაგრამ მილიარდელიც დუმს. ასეთივე წარმატებით "ნაციონალებსაც" არავინ უშლის ხელს ოკუპანტებს მიუცვივდნენ.

თუმცა, ამ პრობლემას ყველა გვერდს უვლის და ევროპის გზას მიჰყვება - მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება. რეალურ ქმედებებს კი ერთი ადგილი სჭირდება, რომელიც როგორც ჩანს, არავის გააჩნია. არადა, თავად თუ არ მიხედე შენს პრობლემას - სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ჩავლენ, ალბათ, ახალ წელს და მავთულხლართებს იქით მყოფ მოხუცებს, რა თქმა უნდა, კამერების თვალწინ, ტკბილეულს გადასცემენ, ერთი-ორს დაემუქრებიან რუსებს და საღამოს სამშობლოს სადღეგრძელოს დალევენ.

"საამაყო ინტელიგენცია", როგორც წესი, ასეთ დროს მიყუჩებულია და "მოსკოვები", დონეცკები", "ხარკოვები" და "20 მანეთები" ახსენდებათ - რუსეთის გარეშე ჩვენ ვერ გავძლებთ, ამერიკა შორსაა, ხოლო რუსეთი მეზობელია და სჯობს არ გავაღიზიანოთ, ასეთია მათი უმრავლესობის ლოგიკა.

მალე ისე მოხდება, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის დროს, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანო მაგისტრალზე გაიჭედოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ქართველი
18 იანვარი 2018 11:22
დგვიანებით წავაწყდი სტატიას და დაგვიანებულ კომენტარსაც შემოგთავაზებთ,რაღა თქმა უნდა თუ გამოაქვეყნეს. ჩემნაირებს ბლოკავ,იმიტომ მწარე სიმართლეს გეუბნებით და არ აწყობთ ხალხის გამოფხიზლება. აქ ხომ სტატიებს კარიერისთვის და საჭიროებისთვის აკეთებენ.
ეხლა თემას რაც შეხება: ზოგი მაღალფარდოვნობით,ზოგი ლექსებით და სხვისი ნაზრევის გადმოდინებით აფიქსირებს თავის პოზიციას. ყველას აზრს პატივს ვცემ,მაგრამ მაღალფარდოვნება არაფრის მაქნისია. ვიღაცამ 2 ვარიანტიაო,ვიღაცამ მიშას ბრალიაო და დახვრეტას ითხოვს,ვიღაც ირონიას იყენებს და ვიღაც კორკოტას სთხოვს შველას. უბრალოდ,მომხრე იპოვო ამ ქვეყანაში მართალმა კაცმა ძნელია. საზღვარს ნელნელა წევენ და დროა საჭირო სრული ოკუპაციისთვის. ზოგს ჰგონია ევროკავშირი და ნატო გაჩერებსო,მაგრამ ასეთი მამაცობაც არ შეიძლება ქართველებო. სამშობლოსთვის ომი გვეზარება და მსოფლიო ომისკენ მილტვის ქართული ვაი საზოგადოება. არაფრის მაქნისია გამოთქმა ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო და გავა დრო ამას ჩვენი შვილები გამოცდიან საკუთარ თავზე,როგორც ჩვენ ვცდით ეხლა ამ ყველაფერს. თითოეული მეტრისთვის უნდა ვიბრძოლოთ და გავდენოთ რუსები საქართველოდან. ახლა ვინმე იტყვის,რომ რუსეთთან ომი შეუძლებელია და აუცილებელ მარცხს გამოიწვევსო. არ მგონია,რომ აუცილებელ მარცხს გამოიწვევს და არც იმის მჯერა მთელი ჯარის გამოყენაბას რომ შეცდება რუსეთი. დიდი ტერიტორია აქვს რუსეთს და მას დაუცველს ვერ დატოვებს და ყველა ნაწილებს ჩვენსკენ არ გადმოისვრის. ქვეყანა უნდა გადავიდე შეძლებიდაგვარად მაქსიმალურ სამხედრო დაფინანსებაზე და უნდა გავიჭირვოთ თუ გვინდა ტერიტორიები დავიბრუნოთ ესაა გამოსავალი. არ არის 100% გამოსავალი მაგრამ აბაშიძე კარასინის ღვინოზე საუბარს ჯობია. საქართველო არის მეომართა ქვეყანა და ომი მოგვიწევს ისევ და მაშინ კი არ უნდა დაიწყო ომი,როცა მტერს უნდა არამედ,როცა შენთვის შესაფერისია. მოვა დრო და ვინანებთ 500 მეტრის უბრძოლველად დათმობაზე მარა გვიან იქნება. ტყუილად გაქვთ გაეროს და ნატოს იმედი. საქმის გამკეთებელი აქამდე გაკეთებდა საქმეს,ყოველ შემთხვევაში მცოცავი ოკუპაცია არ იქნებოდა. კუანა ჩრიდილო კორეელებმა როგორ უნდა გვაჯობონ. დიქტატურააქვთო გამოვა მავანი,მარა რა ჯანდაბად გინდათ დემოკრატია,როცა ქვეყანა არ გექნებათ. იფიქრეთ და მოემზადეთ ომისათვის ქართველებო და ჯერ ჩვენი ტერიტორია ჩვენვე დავიბრუნოთ,დევნილები დავაბრუნოთ სახლებში და მერე დემოკრატიასაც მივხედოთ
ნინო
17 იანვარი 2018 15:54
მიაქვთ ქვების გროვა თბილისში რო ჩამოვლენ გვიან იქნება მთავრობას არ ცალიათ ხელფასებს ინაწილებენ
მარიამი
07 ივლისი 2017 11:15
ჯ. ჯავახიშვილო, ერთმა ჭკვიანმა ქართველმა თქვა, რუსებს უნდა ვებრძოლოთ და დასავლეთს კი ვეჭიდავოთო, შენ პირიქით იქცევი,მთავარი მტერი რომ რუსეთია, რატომ არ გესმის?

რედაქტორის რჩევით