ზოგს გუგავა მოჰყავს და ზოგს ტოტი - შესაბამისად, NO TOTTI, NO PARTY - კვირის პალიტრა

ზოგს გუგავა მოჰყავს და ზოგს ტოტი - შესაბამისად, NO TOTTI, NO PARTY

ტოტი, რივალდო, მალდინი, შევჩენკო, ძანეტი, ალბერტინი, ბობანი, ქინქლაძე, კაფუ, ტონი - ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩის ჩასატარებლად შეიკრიბნენ. ამ რაოდენობისა და ამ კლასის ფეხბურთელები საქართველოში ერთად პირველად შეიყარნენ. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები მათი სახელების ჩამოთვლით არასდროს დაიღლებიან.

მართალია, საქართველოს ნაკრებმა მაინც წააგო, მაგრამ კალაძეს ავტოგოლი არ გაუტანია. პირიქით, საღამო შედგა და ნაკრების კაპიტანი მეტოქის კარში "გოლს გოლზე იტანდა". ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგანდა ანდრეი შევჩენკო იუბილარი იყო - მას 41 წელი შეუსრულდა და ყველანაირად ცდილობდა, კალაძეს მოგებაში დახმარებოდა.

რა თქმა უნდა, ეს იყო წინასაარჩევნო პიარის ნაწილი... რა თქმა უნდა, ეს იყო ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამართული საქველმოქმედო მატჩი, რომელსაც შემოსავალთან ერთად, საკმაოდ დიდი გასავალიც ექნებოდა, მაგრამ... არსებობს ბევრი მაგრამ... კალაძემ ათი ათასობით ქართველს დაუვიწყარი წუთები აჩუქა, ადამიანებმა მათი კუმირები ცოცხლად იხილეს, ბევრი მათგანის ბავშვობა-ახალგაზრდობა გაცოცხლდა 90 წუთით და ოცნება ხელშესახები გახდა.

კარგად და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ავტოგოლა" საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი იყო და მისი მხოლოდ საკუთარ კარში გატანილი გოლებით გახსენება ქართული და ზოგადად, ფეხბურთის შეურაცხყოფაა. აქვე გაგახსენებთ, რომ რუსებიდან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს ევროპის უპრესტიჟულესი თასი და ისიც მხოლოდ ერთხელ, ხოლო კალაძემ ეს ორჯერ შესძლო, თანაც "მილანთან" ერთად.

ყველა ისე ცდილობს პიარს, როგორც ეს მას ძალუძს და კალაძეც შეძლებისდაგვარად მოქმედებს. ზოგს გუგავა მოჰყავს, ხოლო ზოგს ტოტი... შესაბამისად, NO TOTTI, NO PARTY…

თავად მატჩს რაც შეეხება - ტოტიმ, რივალდომ, კაფუმ, შევჩენკომ, კრესპომ, ალბერტინიმ და ა.შ. გვანახეს, რომ კლასი უკვდავია და კიდევ ერთხელ, ვინ იცის ბოლოჯერ, აჩუქეს ხალხს დაუვიწყარი წამები. ...და რა თქმა უნდა, მოედანზე ქართველი გენიოსის გამოჩენას მთელი სტადიონი ფეხზე წამომდგარი შეხვდა - გიორგი ქინქლაძემ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელმა, კვლავ დინჯად შეაბიჯა მწვანე გაზონზე.

აღნიშნული მატჩის შედეგად 300,343 ლარი შემოვიდა, რასაც საქართველო - ირლანდიის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 102,871 ლარი დაემატა და ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში საერთო ჯამში 403,214 ლარი გადაირიცხება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა დაჯდა ვარსკვლავების თბილისში ჩამოყვანა, მაგრამ ათიათასობით ადამიანის გახარება მისასალმებელი ფაქტია და სპორტული მხარე ნამდვილად წონის პიარის კუთხეს.

პ.ს. არჩევნების დროს არჩევანი კანდიდატების პროგრამების მიხედვით უნდა კეთდებოდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს