სიკვდილისთვის გაწირული გოგონები ფარისეველთა ქვეყანაში - კვირის პალიტრა

სიკვდილისთვის გაწირული გოგონები ფარისეველთა ქვეყანაში

ცხოვრება სიკვდილის შემდეგ

ძნელია სიკვდილი, ძალიან ძნელი. თუმცა, ფარისევლების ქვეყანაში სიკვდილი ბევრად ძნელი ყოფილა - აქ სიკვდილი არ გათავისუფლებს, პირიქით, ყველაზე დიდი განსაცდელი გარდაცვალების მერე გელოდება.

საჯარო ხდება ყველა შენი მიმოწერა, ყველა შენი მეგობარი ნანობს, რომ ვერ დაგეხმარა, საზოგადოების ნაწილი თავადვე გადანაშაულებს სიკვდილში, ხოლო მეორე ნაწილი პირველს ამუნათებს - რას კადრულობთ, რეებს ლაპარაკობთო?! კაციშვილმა არ იცის გარდაცვლილების ავან-ჩავანი, უბრალოდ, საჯაროდ გლოვა-დატირების მიზეზი მიეცათ და ცდილობენ, ყველას აჯობონ. თუნდაც ეს გარდაცვლილი პატარა, არასრულწლოვანი გოგო იყოს...

იყო დრო, და არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც გოგონებს, მათ შორის უმეტესად არასრულწლოვნებს, იტაცებდნენ, მანქანაში ტენიდნენ და მათთვის უკან დასაბრუნებელი გზის გადასაკეტად აუპატიურებდნენ, ეს იყო შანტაჟის ყველაზე მძიმე ფორმა - თუ არ დარჩებოდნენ სამუდამოდ სახელგატეხილები იქნებოდნენ და არც შებრალების, არც თანაგრძნობისა და არც სიყვარულის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. იყო დრო, როცა გაუპატიურებული გოგოს მშობლების ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენდა ძალადობის მსხვერპლს, შემთხვევით, სახლში დაბრუნდება არ გადაეწყვიტა და ამას თითქმის ვერავინ ბედავდა. მერე იყო, ქორწილი, თეთრი კაბა, სადღეგრძელოები, კმაყოფილი ნათესავ-მეზობლები და ცხოვრება მოძალადესთან.

გოგოს მოტაცება სულ ცოტა ხნის წინ იყო ნორმა, საბედნიეროდ, დღეს თითქმის არავის იტაცებენ, მაგრამ შეიცვალა შანტაჟის მეთოდები და ამას დღესაც უამრავი გოგოს ცხოვრება ეწირება.

გოგონებს არ აქვთ შეცდომის დაშვების უფლება და თუ მაინც დაუშვებენ, საზოგადოება მეორე შანსს არ აძლევს.

გოგონებს არ შეუძლიათ ენდონ, გოგოებს ეშინიათ, რომ "გაუბაზრებენ" და ეს შიშები განსაზღვრავს მათ ცხოვრებას. ეს არის შიში იმ საზოგადოებისა, რომელიც ყველაზე სასტიკად, სწორედ პატარა გოგოებს ექცევა - იმდენად სასტიკად, რომ ხშირად ეს შემთხვევები თვითმკვლელობით სრულდება.

"აბა, რა ეგონა?" - აბა, რა ეგონა ლუდს რომ სვამდა უცხო კაცთან? აბა, რა ეგონა მესიჯებს რომ წერდა? აბა, რა ეგონა ფოტოებს რომ უგზავნიდა? პატრონი არ ყავდა? მშობლები რას აკეთებდნენ? და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

ახლა შვილმკვდარი დედა ეხვეწება ხალხს, რომ მისი და მისი გოგოს დედა-შვილობაზე არ ისაუბრონ და ბავშვზე, რომელმაც თავი მოიკლა, წინასწარი დასკვნები არ გააკეთონ. შვილმკვდარმა დედამ იცის, რომ ხალხმა უკვე დაადგინა ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, "უცოდველებმაც" ისროლეს ქვები და ისიც იცის, რომ ზოგმა მას დააბრალა შვილის სიკვდილი ამიტომ ადამიანებს ეხვეწება: "არ მაქვს თქვენთან ბრძლის თავი და საჯაროდ არ გაკიცხოთ ჩვენი დედა-შვილობა".

ალბათ, იმიტომ გვჭირდება დამნაშავის პოვნა, რომ თავი დავიმშვიდოთ, ეს ჩვენ არასდროს არ დაგვემართება, მაგრამ სანამ განაჩენს გამოვიტანთ, ყველამ შევხედოთ ჩვენს პატარა გოგოებს - ჩვენს შვილებს, დებს, მეზობლებს და დავფიქრდეთ, რა უნდა შევცვალოთ და როგორ უნდა შევიცვალოთ ყველამ ერთად, რომ გოგონებს აღარ შეეშინდეთ თქვან სიმართლე ...

და რაც მთავარია - მედია, რომლისთვისაც მთავარია რეიტინგი. რეიტინგი, რომელსაც ადამიანები და მათი გრძნობები და სახელი ეწირება. რაც უფრო დიდია ტრაგედია, მით უფრო დიდია რეიტინგი. სუიციდის მსხვერპლი გოგოს ფოტოები თავის მოკვლიდან მეორე დღესვე მედიასაშუალებების პირველ გვერდებზე იყო გამოფენილი. არავის უფიქრია გარდაცვლილზე და მის მშობლებზე... სამაგიეროდ, კვირის ბოლოს ამაყად გამოფენენ მაღალი რეიტინგის მაჩვენებელ პროცენტებს, რომელიც გაუბედურებული ადამიანების ტრაგედიებისგან შედგება...

ძნელია სიკვდილი, უფრო ძნელი სიკვდილის შემდგომი პერიოდია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს