"მართმადიანი" პრეზიდენტი, "ანალისტი" ინტელიგენცია და სექსი სამშაბათობით - კვირის პალიტრა

"მართმადიანი" პრეზიდენტი, "ანალისტი" ინტელიგენცია და სექსი სამშაბათობით

ახლოვდება არჩევნები და ხალხს ცოტა პური და ბევრი სანახაობა არ მოაკლდება. თუმცა, ისე მიდის სიტუაცია, შეიძლება მხოლოდ სანახაობაზე გადაგვატარონ. პირველი კომპრომატებიც გამოჩნდა, ზოგი ჩაფარცხეს, ხოლო ზოგი ვერ ჩაფარცხეს - #არჩფარცხო!

ვიდერ მერიისგან გაგიჟებული ხალხი იუსტიციის სახლს მიაწყდა, ზოგიერთები სარდაფში ფოლკლორზე საუბროდნენ. თუმცა ბაასის განსხვავებული ვერსიები მოვისმინეთ - ერთმა თქვა, უცხოელების მოსატყუებლად ვილაპარაკეთო... მეორემ უპასუხა, რა უცხოელები, "დამარაკეტესო"... ანუ ორივემ მხარემ დაადასტურა ფარული აუდიოჩანაწერი. თუმცა, ექსპერტიზის შედეგად თქვეს - საერთოდ არ ულაპარაკიათ, მაგათმა რა იციან ილაპარაკეს თუ არა, ექსპერტიზას ჩვენ ვატარებთო... მიდი და ედავე ახლა, მართლაც ექსპერტიზას ეგენი ატარებენ და უკეთ იციან სინამდვილეში რა მოხდა. ერთი სიტყვით, ამ არეულობას კარგი "ანალისტები" სჭირდება, რათა თავი და ბოლო გაიგონ.

არჩევნებია და რა გასაკვირია - ყველა პატიოსნებაზე დებს თავს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ივანიშვილს 4 მილიონი რად უნდა, მილიარდერია და საერთოდ, ჩვენი გუნდის ლიდერებს წინ ფული რომ დაუდო, თითს არ დააკარებენო. ალბათ, ნოდარ ხადურიც ამის ნათელი დასტურია. ყოფილმა მინისტრმა თქვა, ლონდონში დაკითხვაზე როგორ წავიდე, გზის ფული არ მაქვსო. ეტყობა, მარტო წინ დადებულ ციკანს ეტანებოდა მხოლოდ, ფული არ ხიბლავდა.

სამაგიეროდ, უეცრად გამდიდრებულმა მეან-გინეკოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს და ალალად შესწირეს შემოსავალზე უფრო ბევრი თანხა. საოცარია, მაგრამ რაც უფრო ბევრი ფული შედის, მით უფრო ბევრ კანალიზაციაში გადასაგდებ სიტყვებს ამბობს ქალბატონი საპრეზიდენტე. იმ შემთხვევაში, თუ "დარაკეტებული" ფულით არჩევნებში გაიმარჯვებს, ის გახდება პირველი ქალი "მართმადიანი" პრეზიდენტი - ქალი საქართველოში და "მართმადიანი" მსოფლიოში.

ხო, მართლა, "ანალისტებზე" არ დამიმთავრებია - არჩევნები მოახლოვდა და თავი ინტელიგენციამაც წამოყო. ინტელიგენცია, ანუ ის ხალხი, თავის თავს რომ გვაყვედრის მთელი ცხოვრება და დივიდენდებს ითხოვს ბიუჯეტიდან, ოღონდ კაციშვილმა რომ არ იცის, რით არიან ჩვენზე მეტნი ან იმ ღატაკ მოხუცებსა და ბავშვებზ, შიმშილით რომ იხოცებიან, ან იმ ავადმყოფებზე ოპერაციის ფულის არ ქონის გამო, რომ დღე-დღეზე სიკვდილს ელოდებიან. ხოდა, დაადგინეს, მართლაც სჯობს "მართმადიანი" გყვავდეს პრეზიდენტად, დანარჩენი ყველა ერთი ნაგავია - "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხაროო".

ამასობაში, ორი რეგულაციის შესახებ გახდა ცნობილი - ერთი შიდაპარტიულია, ხოლო მეორე საქვეყნო. დავიწყოთ საქვეყნოთი, ტაქსისტებს დაავალეს სპეციალური ლიცენზიის აღება, მანქანების თეთრად გადაღებვა და ისიც თქვეს, ნასამართლევიც არ უნდა იყოსო.

....და იქმნა ბნელი, განიხვნა ჯოჯოხეთის ბჭენი და აღიგავა პირისაგან მიწისგან შენობა იგი იუსტიციის სახლად წოდებული. ალბათ, ასე აღწერდნენ "ხარისხის" არხის წამყვანები ბატონი დავითი და ბატონი გიორგი იუსტიციის სახლში დატრიალებულ ამბებს. შემდეგ მერიაში იფიქრეს, ნამეტანი მოგვივიდა, მოდი, მანქანის გადაღებვის ხარჯები ავუნაზღუროთო და დაადგინეს - მანქანის გადაღებვას დაგიფინანსებთო, კი არადა, რეალურად, თქვენ და ქვეყნის მოსახლეობა დააფინანსებთ ბიუჯეტიდან, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ჩვენ დაგიფინანსებთო.

..და ბოლოს მინდა ეს ყველაფერი კოტე ყუბანეიშვილის ლექსით დავამთავრო:

"რამდენი იარეს

რამდენი ნახეს

რამდენი ილაპარაკეს

რამდენი ჭამეს

რამდენი იტირეს

რამდენი იკამათეს

რამდენი მოწიეს

რამდენი იკითხეს

რამდენი იშრომეს

რამდენი იოცნებეს

რამდენი იშოვეს

რამდენი ივარჯიშეს

რამდენი იძინეს

რამდენი წერეს

რამდენი ითამაშეს

რამდენი დახარჯეს

რამდენი მოიტყუეს

რამდენი იცინეს

რამდენი იავადმყოფეს

რამდენი იწვალეს

რამდენი ილოცეს

რამდენი მოინანიეს

რამდენი სანთელი დაანთეს..." და "პატრიოტთა ალიანსის" პარტიულ სხდომაზე დაადგინეს - დიდმარხვის პერიოდში სექსი დასაშვებია კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს...

პ.ს. აქვე - ამ ყველაფერს სოლიდარობა გამოუცხადა "ინტერპოლის" პრეზიდენტმა და დაიკარგა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს