"გამოდი გარეთ, გაგინგრევ თავ-ყბას" - აგრესია და პროტესტი შინ და გარეთ... ნიკანორი, ვაშაძეები... ფასების ზრდა - კვირის პალიტრა

"გამოდი გარეთ, გაგინგრევ თავ-ყბას" - აგრესია და პროტესტი შინ და გარეთ... ნიკანორი, ვაშაძეები... ფასების ზრდა

12 დეკემბერი. 2018 წელი. თბილისი. რა გინდათ გაგანგრიოთ და მოგკლათ?! - საკანონმდებლო ორგანო, დეპუტატი მიმართავს დეპუტატს. პარალელურად, პურის ფასმა მოიმატა.

17 ნოემბერი. 2018 წელი. საფრანგეთი. 280 ათასმა ადამიანმა საწვავის ფასის მატება გააპროტესტა.

2018 წელი. თბილისი. საკანონმდებლო ორგანო. 12 დეკემბერი. მართლა უნდა დაგალეწოთ თავ-ყბა, გამოდი გარეთ! - დეპუტატი მიმართავს დეპუტატს. შოუს წამყვანი პარლამენტის თავმჯდომარე. პარალელურად საწვავის ფასმა მოიმატა.

2018 წელი. საფრანგეთი. პროტესტი გამძაფრდა და აქციის მონაწილეებმა რადიკალური ნაბიჯები გადადგეს - დაწვეს მანქანები, გრძელდება პოლიციასთან დაპირისპირება, აგებენ ბარიკადებს. აქცია სოციალური ქსელით ორგანიზდება და მათ ლიდერი არ ყავთ. არის მსხვერპლიც. მომიტინგეები უკვე ხელფასებისა და პენსიების მატებასა და სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ.

2018 წელი. საქართველო. სოციალური ქსელი წალეკილია ნიუსებით - უნდა ისროლონ თუ არა თელავში ქვემეხები პრეზიდენტის ინაუგურაციისას. რატომ ქონდა წამოგდებული მხრებზე სამოსი ბრიფინგზე ვიღაც ქალს და რატომ არ ქონდა ხელები გაყოფილი პიჯაკში. ოპოზიცია და ხელისუფლება კატა-თაგვობანას თამაშობენ - დისკუსიის მთავარი თემაა თუ სად იქნება ინაუგურაცია და სად ოპოზიციის აქცია. ხალხი აღფრთოვანდა „გირჩის“ ჯაფარიძემ ამ თემატიკაზე რა მაგარი ვიდეო ჩაწერა, ცარიელი კრეატივიაო.

2018 წელი. საფრანგეთი. მაკრონი დათმობებზე წავიდა, ფრანგი ხალხი ბედნიერია, მათ მიაღწიეს შედეგს. ახლა წავლენ, ეიფელის კოშკთან მივლენ, ტრიუმფალურ თაღს ჩაუვლიან, თითო ბოთლ შესანიშნავ ფრანგულ ღვინოს დააგემოვნებენ და დაგეგმავენ სად და როგორ გაატარონ შობა - ახალი წელი.

2018 წელი. 16 დეკემბერი.  საქართველო. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თელავში არ შეუშვეს. ათასი მიზეზი მოუგონეს, უფლებები შეულახეს და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. ოპოზიციის ლიდერები, ძირითადად, პროვოკაციითა და დესტრუქციული განცხადებებით არიან დაკავებული. იმის ნაცვლად, რომ პროტესტი სწორი მიმართულებით წარმართონ, ინაუგურაციის ცერემონიალი გაუხდიათ მსჯელობის მთავარ თემად. მიშა, ნიკანორი, ვაშაძე 1, ვაშაძე 2, დამხობა კანონიერად... ხელისუფლებაც მშვენივრად იყენებს სიტუაციას. ამასობაში პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა, განსაკუთრებით რძე და ყველმა.

2018 წელი. საქართველო. დღე-დღეზე. ახალი-წელი მოდის. ხალხი უყურებს სიუჟეტებსა და ხუმრობებს საახალწლოდ გაძვირებულ პროდუქტებზე. აკეთებს არჩევანს რომელიმე ხორციან საჭმელზე - ინდაური ქონდეს სახლში თუ გოჭი. რთავენ ტელევიზორს და უყურებენ ფილმებს თუ როგორი ახალი-წელი აქვთ საფრანგეთში და ამბობენ - აი, ესაა ცხოვრება.

ევროპაში გამართულ აქციებზე ქართველი პოლიტიკოსის ძირითადი შეფასება არის ასეთი - ნახეთ, ჩვენ რამხელა პოლიტიკური კულტურა გვაქვს, ხოლო ისინი ლეწავენ ყველაფერს, ქართველი ხალხი ბრძენია.

სამაგიეროდ, ქართველს საჭმლის ფული არ ექნება, მოხუცი ქუჩაში ლიმნის გაყიდვით გაიყინება, ბავშვს პური არ ექნება, ქართველი მანქანას სახლში გააჩერებს, რადგან ბენზინს ვერ შეიძენს. არ დაიწყოთ ახლა მითები - შიმშილით მოკვდება და „აიფონს“ იყიდის, წყალს არ დალევს და „იქს პიატით“ ივლის, ქართველი ვაჟკაცია და ა.შ. ფრანგი კი 4 დღე ჩაიცვამს ყვითელ ჟილეტს და გაზრდილი ხელფასითა და დაწეული ბენზინის ფასით იცხოვრებს.

ერთხელ იქნებ მართლა დაბრძენდეს ხალხი და აქცია გამართოს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. თუ საჭიროა დალეწოს, დაამტვრიოს, მაგრამ უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს. პარტიები აიძულოს, რომ არჩევანი გაკეთდეს საარჩევნო პროგრამის მიხედვით.

ა, ხო, გამახსენდა, ჩვენ VALI.GE გვაქვს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს