ადამიანებით და მათი ტრაგედიებით "ექსკლუზიური" ვაჭრობა, ანუ მერე რა მოხდა... - კვირის პალიტრა

ადამიანებით და მათი ტრაგედიებით "ექსკლუზიური" ვაჭრობა, ანუ მერე რა მოხდა...

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ექსკლუზიურად ჩვენი კადრებია... ამ წუთებში დადგინდა, რომ გარდაცვლილია სამი ადამიანი და შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი ექსკლუზიური კადრებია...

მორიგი ტრაგედია, მორიგი დაღუპულები და მორიგი ვაჭრობა ამ ტრაგედიებით, თანაც ექსკლუზიური ვაჭრობა... დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია და ეს ვაჭრობის ფასს უფრო მაღლა წევს...

მაშინ, როდესაც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების ახლობლები ყველანაირად ცდილობენ რაიმე ინფორმაცია მიიღონ, მთავარი ტელევიზიის წამყვანი აცხადებს - როგორც საავადმყოფოდან ჩვენ გვაცნობეს, ბავშვი, რომელიც მძიმედ იყო, გარდაიცვალა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ინფორმაცია ავტომატურად განთავსდა ტელეკომპანიის ვებგვერდზეც. თუმცა, ცოტა ხანში, როცა ექიმმა განაცხადა, რომ ბავშვი არ გარდაცვლილა და ის კვლავ იბრძოდა სიცოცხლისთვის, ვებგვერდიდან ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაცია წაიშალა...

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და უნდა ვიცოდეთ რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, უნდა გვახსოვდეს რა მოხდა, რათა შესაბამისად ვიმოქმედოთ და დავიცვათ პოტენციური მსხვერპლი პოტენციური მკვლელებისგან, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესი ერთია და ადამიანებით და მათი ტრაგედიებით ვაჭრობა მეორე.

კევინ კარტერის ფოტო

ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ფოტოგრაფმა კევინ კარტერმა 1993 წელს სამხრეთ სუდანში გადაღებული კადრის გამო მიიღო. კადრში პატარა გოგონა და მის შორიახლოს მყოფი სვავია ასახული, რომელიც გოგონას სიკვდილს ელოდება და მასზე თავდასასხმელად ემზადება. ფოტომ მსოფლიო შოკში ჩააგდო და რეალობა დაანახა. ის რეალობა, რომელიც ისედაც იცოდნენ, მაგრამ ფოტოგრაფმა ისინი ფაქტის წინაშე დააყენა.

ასეთი  სულისშემძვრელი ფოტოები დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროსაც გადაიღო "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფმა გიორგი ჟამერაშვილმა და ამ ფოტოებმა გვაჩვენა მომხდარის მთელი ტრაგიზმი, ის, თუ რაოდენ დაუცველია ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ეს ფოტოები ყოველთვის გაგვახსენებს სად ვცხოვრობთ და როგორ მივცეთ სწორი მიმართულება იმ სიბრაზეს, რომელსაც ეს კადრები გვიღვიძებს. გიორგი ჟამერაშვილის ფოტო

მაგრამ ცოცხალი ბავშვის გარდაცვლილად გამოცხადება მაშინ, როდესაც მილიონობით ადამიანი გიყურებს, მათ შორის ბავშვის ახლობლებიც, რომლებმაც იციან, რომ პატარა ჯერ კიდევ იბრძვის სიცოცხლისთვის, არ ემსახურება მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ეს ადამიანებით და მათი ტრაგედიებით ვაჭრობაა. თუმცა, ჯერჯერობით რეალობა ასეთია და ამ რეალობის დამახასიათებელია ფრაზა - "მერე რა მოხდა“.

მერა რა მოხდა თუ ჟურნალისტს შეეშალა და ცოცხალი ბავშვი მკვდრად გამოაცხადა, მათ ხომ ექსტრემალურ გარემოში უწევთ მუშაობა და გამართლება აქვთ. მერე რა მოხდა თუ მეორე დღეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის "ფეისბუკი" გადაქექეს და მისი ფოტოები საინფორმაციო გამოშვებებში ააფრიალებს, ოჯახს ხომ ეხლა იმისთვის არ ეცლება ამაზე პასუხი მოითხოვოს. მერე რა მოხდა, თუ "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ნახევარ მილიონამდე აბონენტს ემსახურება და მისი წილის მფლობელი კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული. მერე რა მოხდა, რომ რამდენიმე თვის წინ გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის საქმეზე არავინ დასჯილა, ამის წაყრუებაც ყოფილა შესაძლებელი. ქვეყანა ხომ არ იქცევა "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" ნათესავებს რომ ასაქმებენ, ამის წაყრუებაც შეიძლება. მერე რა მოხდა თუ საჯარო და კერძო სექტორში წამყვან პოზიციებსა და ჩვეულებრივ თანამშრომლების ხელფასებსა და პრივილეგიებს შორის წარმოუდგენელი სხვაობაა. არც ის გაგვიკვირდება, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაში დამნაშავე მხოლოდ "ყასტრანსგაზის" ადგილზე მისული თანამშრომლები გამოაცხადონ, რომლებმაც ზუსტად ასე იფიქრეს - უბრალოდ გაზის სუნია, მერე რა მოხდაო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს