გვარამია ივანიშვილს ლანძღვა-გინებით ებრძვის, "იმედი" კი - გვარამიას... - ქართველი ვითომ ჟურნალისტების ბინძური თამაშები - კვირის პალიტრა

გვარამია ივანიშვილს ლანძღვა-გინებით ებრძვის, "იმედი" კი - გვარამიას... - ქართველი ვითომ ჟურნალისტების ბინძური თამაშები

Young Citizen -ის ბლოგი

ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ა) სვავი ბ) კეთილი მეცენატი

ეს გამოკითხვა არც მეტი და არც ნაკლები, როგორც თავად ამბობენ მთავარი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ტარდებოდა. მთავარი ტელევიზიის მთავარმა ფიგურამ მხოლოდ სვავი არ იკმარა და წინ განსაზღვრებაც დაურთო, როგორი სვავი? უსამართლო? მომხვეჭელი? მატყუარა? ბევრ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. თუმცა, როგორც ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი არის დედა..... სვავი.

როგორც შემდეგ თავის facebookგვერდზე განმარტა, იცის, რომ ეთერში გინება ცუდია, თუმცა, ივანიშვილთან ბრძოლის ყველაზე კარგი გამოცდილება მის გუნდს აქვს და ამიტომ, მისი თანამოაზრეები და ისიც, როგორც ამ გუნდის ლიდერი, იქცევიან არაპროგნოზირებადად. ყველაფერი დანარჩენი კი, რაც ტრადიციულ ჩარჩოში იყო, გინდა მაღალ, გინდა დაბალ პროფესიონალური, ივანიშვილმა გასრისა და გაანადგურა.

არც ერთი თავმოყვარე დასავლური ტელევიზია ამას არ იკადრებდა, არც ერთ პროფესიულ სტანდარტში არ ჯდება და მაყურებლის შეურაცხყოფაც კია, მაგრამ, ხალხო "რა დროს სტანდარტებია, როცა ქვეყანა ინგრევა"?! დაახლოებით ასეთია გვარამიას დამცველების პათოსი.

დიახ, რა დროს ეთიკაა-მეთქი მეც ვიტყოდი, თუ ამ გინების ავტორი იქნებოდა მაღაროელი, თუ ამ გინების ავტორი იქნებოდა მუშა, დათო სარალიძის მამა, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, 5-სულიანი ოჯახი, რომელმაც თვეში 361 ლარი უნდა იმყოფინოს.

როცა ადამიანი რაღაცას გულწრფელად ამბობს ან აკეთებს, თუნდაც ეს გინება იყოს, ყველაფრის გამართლება შეიძლება, მაგრამ გულწრფელობა ჩანს, ბატონებო.

და რატომ აგინებს ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს?

სამართლიანობა რომ არ აღადგინა? მუშები რომ იხოცებიან? პენსიონერები წამლებს რომ ვერ ყიდულობენ? მაშინ რატომ არ უჩნდებოდა გინების სურვილი, როდესაც ძალაუფლება ჰქონდა? მაშინ რატომ არ წუხდა უსამართლობასა და გაჭირვებაზე? ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს გულწრფელად აგინებს, მაგრამ შემთხვევით იმის გამო ხომ არა, რომ ძალაუფლება ახლა მისია და არა გვარამიას და მისი "მეგობრების" ხელში?

საქართველოს გინების აღარ სჯერა, იმიტომ რომ ბევრი მაგინებელი გვინახავს მერე დამეგობრებული და ბევრი დამეგობრებული ერთმანეთის მაგინებელი, თუნდაც ჩერგოლეიშვილის და გვარამიას მაგალითიც კმარა. გინებასაც და ქებასაც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს არგებთ და ჩემი აზრით, სწორედ ესაა მთავარი პრობლემა და არა ის, რომ ვიღაცამ პირდაპირ ეთერში "ცუდი სიტყვები" თქვა.

ნიკა გვარამიამ პროფესიონალებით დაკომპლექტებული, პოტენციურად N1 ტელევიზია უბნის ბირჟად აქცია, საკუთარი გადაცემა გაიკეთა და ლანძღავს ყველასა და ყველაფერს.

ისე, გულწრფელად მაინტერესებს, მისი პროკურორობის დროს მიშასთვის, რომ ვინმეს დედა... გიჟი დაეძახა, რა მოუვიდოდა იმ ვინმეს.

გარდა ამისა, გინებით ოპონენტებს საშუალებას აძლევს, რომ მთავარი თემიდან გადაუხვიონ და უსაგნო კამათი გამართონ.

გვარამიას პოტენციურად N2 ტელევიზიაც არ ჩამორჩა. ბინძურის ბინძურის თამაშები - ასე დაასათაურა "იმედმა" სიუჟეტი, მიუშვირა ხალხს მიკროფონი და გვარამია აგინებინა განურჩევლად ყველას და ამით უარესი გააკეთა.

გვარამია ივანიშვილს ებრძვის, სამთავრობო ტელევიზია კი გვარამიას და რაც მთავარია, ორივე ამას უმაღლეს სტანდარტებს ეძახის.

პ.ს. ჟურნალისტური სტანდარტების, პრინციპების და ზოგადად, მედიის გარშემო არსებული სიტუაციის აპოთეოზი და მთავარი გვირგვინი კი ორი დღის წინ დაფიქსირდა - ბორდის ორმა წევრმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს