როდესაც მოვლენილ განსაცდელში უფლის გარდა სხვა მფარველიც გყავს... - კვირის პალიტრა

როდესაც მოვლენილ განსაცდელში უფლის გარდა სხვა მფარველიც გყავს...

რამდენიმე დღის წინ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მორიგი ცნობილი სახე, რომელიც განწირული გვეგონა, სიტუაციიდან გამოძვრა.

პირველი ეჭვი მაშინ გაჩნდა, როდესაც ჯიბღაშვილის ყვირილის ხმა გავრცელდა - კახას დაურეკეთო. ჯერ კალაძე ეგონათ, მერე აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე ყოფილა საუბარი. მალე ჯიბღაშვილისა და კახა საბანაძის ერთობლივი ფოტოც გამოფინეს სოცალურ ქსელში.

მართალია ჯიბღაშვილს განსაცდელი განსაცდელზე ემატებოდა, მაგრამ როდესაც სასამართლოზე არ გახმაურდა თუ რა რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს დაკავებულს, ყველა მიხვდა, რომ "სელებრითის" ცხოვრებაში მოვლენილი განსაცდელი დაძლეულ იქნებოდა.

ბოლოსდაბოლოს, პროკურატურამ თქვა - მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA), რაც არაფერია, 0.6 გრამი ყოფილა დიდი ოდენობაო. რა კარგია რაციონალური პიროვნება რომ ხარ, ჭკვიანი და დაფიქრებული. ალბათ, საკუთარი სასწორით დადიოდა. სხვა ქართველებივით კი არ არის, ზომა-წონა არაფერში რომ არ იციან. კახა საბანაძე და ლევან ჯიბღაშვილი

ზოგადად, ჯიბღაშვილი კი არ უნდა დაიჭირო, ვინც ამაზე და უფრო ნაკლებ რაოდენობაზე იხდის სასჯელს, ის უნდა გამოუშვა ციხიდან. აგერ "გირჩის" ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ეგ დოზა არაფერია, ყოველ ჯერზე უფრო მეტს ვიღებო.

თუმცა, თუ ადამიანები ნახევარ ტაბლეტზე წლობით ციხეში სხედან, ჯიბღაშვილი კი 10 000 ლარით გამოდის, ცოტა ძალიან უცნაურია. ეკა გეხსომებათ ყუშიტაშვილი, დათოს რომ დაურეკა და პატრულს დედა აგინა.

აგერ "ბასიანის" სპეცოპერაციის დროს დაკავებული გოგოს დედა ამბობს, მაშინ, როდესაც "ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოთი ტონა ნარკოტიკზე გარეთ გამოუშვეს, ჩემს 22 წლის გოგოს "ფრუკოსზე" არ უნდა წირავდნენო". თუმცა, როდესაც მფარველი გყავს, ვისთვის ტონაა ეგ ნარკოტიკი და ვისთვის გრამები.

ზოგადად, "ლევან ჯიბღაშვილი" ყველგანაა, მისი არსებობის მანკიერებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ვგრძნობთ. ეს კოლექტიური მოვლენაა, "კოლექტიური ჯიბღაშვილი", რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საშუალებას არა და არ იძლევა. როგორ ფიქრობთ, რომ არა მფარველი და შერჩევითი სამართალი, საკანში მყოფი ჯიბღაშვილი განსაცდელის მოვლენისთვის უფალს მადლობას გადაუხდიდა? არა, დამიჯერეთ, არ გადაუხდიდა.

ჯიბღაშვილი უფალს იმაზე უხდის მადლობას, მის გარდა სხვა მფარველიც რომ მოუვლინა ქვეყანაზე - ხორციელი და მიწიერი, ამა ქვეყნის ძლევამოსილთა შორის მყოფი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს