გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოება, სადაც განსხვავებული აზრი ზიზღისა და ლანძღვის საგანი ხდება - კვირის პალიტრა

გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოება, სადაც განსხვავებული აზრი ზიზღისა და ლანძღვის საგანი ხდება

Young Citizen-ის ბლოგი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგო, რომელიც განსაკუთრებული ხმის წყალობით მთელმა ქვეყანამ ბავშვობიდანვე შეიყვარა. მერე ეს გოგო გაიზარდა, დედა გახდა და მის ნამღერ "იავნანაზე" ამ ქვეყანაში ბავშვებს აძინებდნენ. მერე ეს ქალი ბებიაც გახდა და შვილთან და შვილიშვილთან ერთად ყველა სულგანაბული უსმენდა თუ როგორ მღეროდა "ალილოს".

მე კი ვფიქრობდი, რომ ხანდახან ე.წ "ყვითელ შოუებში", ცოტა არ იყოს, მორალისტობდა და ზედმეტად ჭკუას გვარიგებდა, მაგრამ სწორედ ამიტომაც უფრო უყვარდათ ამ ქვეყანაში. ერთ მშვენიერ დღეს, ამ ყველასათვის საყვარელმა ქალმა თქვა:

პირველი - ღმერთმა განსხვავებული ადამიანები შექმნა; მეორე - მე როგორც ქალს, არ მინდა დაპირისპირების გაღვივებაში მონაწილეობა; მესამე - ადამიანი ბრმად არავის უნდა გაყვეს.

ეს ჰუმანური სიტყვებია? - რა თქმა უნდა - კი, ეს სიტყვები ქრისტიანობას ეწინააღმდეგება? - რა თქმა უნდა, არა, პირიქით! მაგრამ, რაც არ უნდა არალოგიკურად მოგეჩვენოთ, ამ სიტყვების შემდეგ, ყველასთვის საყვარელმა ქალმა ისეთი კრიტიკა, კრიტიკა ძალიან მსუბუქი ნათქვამია, ისეთი ლანძღვა დაიმსახურა, გაქნილ და მატყუარა პოლიტიკოსებსაც რომ არ ღირსებიათ. თურმე მარტო ფერადთმიანი და პირსინგიანი ახალგაზრდები და "გრანტიჭამია" არასამთავრობოები კი არ ფიქრობენ, რომ განსხვავებულ ადამიანებს აქვთ არსებობისა და გამოხატვის თავისუფლება, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ლამის ყველა ე.წ. სტანდარტში რომ ჯდება, ისეთი ქალიც ასე მიიჩნევს. ეს გაცილებით საშიშია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც წარსულში მიგვათრევენ ( რა თქმა უნდა, რუსეთის გავლით).

აბა, როგორ გინდა ამ ქალის დემონიზება მოახდინო? ვერც ეშვებს მიუხატავ და ვერც რქებს, ვერც სოროსის მონობას დასწამებ და ვერც ათეისტობას. ეს უკვე ჩიხია და ამიტომაც არიან გამწარებულები.

ერთი რამ ზუსტად ვიცი, ჩვენ ბევრად უფრო მეტნი ვართ, ვინც ვფიქრობთ, რომ ადამიანები განსხვავებულები იბადებიან, რომ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, რომ დაჩაგვრა და ძალადობა ყველაზე ცუდი და თუნდაც ყველაზე არაქრისტიანული საქციელია, რომ ყველამ მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ და წვლილი შევიტანოთ, რომ ეს ქვეყანა უკეთეს ადგილად იქცეს. ასე ფიქრობენ დიასახლისები, გლეხები, მუშები, ექიმები, უბრალოდ, მათი ხმა ნაკლებად ისმის.

ამიტომ ყველას, ვინც დაუმსახურებელი ზიზღისა და ლანძღვის ობიექტად იქცა, მაგალითად, გურამ კაშია და ახლა უკვე თამარ ჭოხონელიძე, უნდა ვუთხრათ - მადლობა. მადლობა, რომ ამ ჯგუფებს ასუსტებთ და ამ ჭაობის ამოშრობაში შეგაქვთ წვლილი.

იხილეთ ასევე: "ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო... აღმოჩნდა, რომ თურმე სასულიერო პირებისგანაც ყოფილა ჩემზე თავდასხმა"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს