გაბუნიამ რა ჰქმნა?! - კვირის პალიტრა

გაბუნიამ რა ჰქმნა?!

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი პარლამენტის სავარძლის სკამზე დასვა, მერე ოკუპაციის გამპროტესტებელი ხალხი დაარბია და არ გადააყენა შს მინისტრი. ამით ოპონენტებს წარმოუდგენელი უპირატესობა მისცა. ამ დროს მოხერხება გჭირდება, რომ ყველამ შენი გინება დაიწყოს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბლოგის მკითხველთა 99% დღეში ერთხელ მაინც აგინებს პუტინს. იმას, რაც გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში გააკეთა, არც ერთი თავმოყვარე ჟურნალისტი თავის ტელევიზიას არ აკადრებდა და გვარამიას განმარტება, რომ მართალია, ფორმა არ მოეწონა, მაგრამ პუტინზე "ხსნილია", სულაც არ არის მაღალი სტანდარტების მქონე ტელევიზიის დირექტორის განმარტება. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციას უფრო გავს, ვიდრე იმას, როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, რომ გიორგი გაბუნიას ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ ვინც საგინებელია ყველას ნერვებმა რომ გვიმტყუნოს, კარგად ყოფილა საქმე. ერთადერთი, რამაც გიორგი გაბუნიას უმტყუნა, ეს რუსულის ცოდნაა. ნორმალურ ქვეყანაში მას "ასავალ-დასავალს" არ გააცილებდნენ.

მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რა ჩვენი ხელისუფლება იქნება თუ პროვოკაციაზე არ წამოეგოს. არავის მოუვიდა აზრად, სანამ ხალხი ჩვენს ნაცვლად სხვას აგინებს, მოდი, ცოტა ხანი ჩუმად ვიყოთ და შევირგოთო. იფიქრეს, აი, გვეშველა ახლა დავამთავრებთ "რუსთავი 2-სო" და გამოაშანშალეს განცხადებები.

ერთი დაბალი დონის, პროვოკატორი ადამიანის უხამსობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების იმდენი წარმომადგენელი გამოეხმაურა, რაც 20 ივნისს ადამიანებზე დამიზნებით ნადირობისას და არც მერე არ ყოფილა.

პრეზიდენტმა თქვა გაბუნიამ უკადრებელი იკადრაო, იმ პრეზიდენტმა, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა.

მამუკა ბახტაძე, რომელსაც ხმა არ ამოუღია, ისიც კი არ იცოდა, რომ მისი განცხადებიდან 15 წუთში დარბევა დაიწყებოდა და უბრალოდ, ბუტაფორიაა, "ტვიტერზე" ხმა აიმაღლა - დაგმო გაბუნია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს კერძო კომპანიის ჟურნალისტის განცხადებებით დაინტერესდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხალხო, ის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც გაგნებაში არ იყო რა ხდებოდა დავით გარეჯში და სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო ყველაფერი, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე ოპერატიულად გამოენთო.

კობახიძემ დაგმო გაბუნიას განცხადება, კობახიძემ!!! იმ კობახიძემ, რომელმაც გავრილოვი დასვა საკუთარ სავარძელში და რომლის გამოც ადამიანებმა თვალი დაკარგეს. გავრილოვის ჩამომყვანი გაბუნიას ეუბნება, პუტინს რატომ აგინებო.

ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა მთავრობაში, რომ ეთქვა - ე, ბიჭო, გვეშველა, ჩუმად ვიყოთო. თუმცა, როგორც ჩანს, ზუსტად ერთი კაცი აღმოჩნდა, რომელსაც შანსი მიეცა და ყველას დაავალა - დაიცავით პუტინიო. სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ ასე ოპერატიულად ყველამ ერთდროულად დაიცვა ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი, ვლადიმირ პუტინი.

მოკლედ, ძვირფასო მთავრობავ, ძალიან არ "გვევასება" ეს გაბუნია და ძალიან გვეზარება გაბუნიას დაცვა და უმორჩილესად გთხოვთ, ისე ნუ მოიქცევი, რომ დასაცავი გაგვიხდეს.

მთავრობას არც ხალხი ჩამორჩა - საზოგადოების ნაწილმა პუტინის გინების გამო აქციები დაიწყო. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ პუტინის გინების გამო თუ საპროტესტო აქციები დაიწყებოდა, ვერასდროს ვიფიქრებდი.

გაბუნიას საქციელი იყო ამაზრზენი, უთავმოყვარეო, დაბალი დონის ჟურნალისტის პროვოკაცია. თუმცა, ეს ჟურნალისტისა და არხის პრობლემაა. თუ არ დასჯიან გაბუნიას, ესეც არხის პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ადამიანის დასჯას ითხოვდე იმისთვის, რომ პუტინს აგინა, ამაზე დიდი უთავმოყვარეობა არ არსებობს.

არადა, გაბუნიას ამბებამდე "ღირსების მარში" დაანონსდა და რაინდმაც კომბლების ჩამოღება ბრძანა. ქვეყანაში ერთდროულად ოთხი მძლავრი აქცია დაიგეგმა - რუსთავი 2-თან, "ღირსების მარში", "ღირსების მარშის" საწინააღმდეგო "უფრო მეტი ღირსების მქონე" მარში და პარლამენტის წინ მიმდინარე "სირცხვილია".

მართალია, "ღირსების მარში" კვლავ გადაიდო, მაგრამ "უფრო მეტი ღირსების მქონე" მარშის წევრები პარლამენტს მიადგნენ - მოასუფთაონ ეს ადგილი პარაკლისი უნდა გადავიხადოთ აქო. ერთ-ერთმა მამაომ ისიც კი თქვა - აქ 14 დღეა შიმშლობენ და მე არ მინახავს, კაცი შიმშილობდეს და სუქდებოდეს, მეთვალყურეები უნდა დავაყენოთო. მეც არ მინახავს, მამაო, ადამიანი ღვთის კაცი იყოს და მდიდრდებოდეს.

სად იყავით, ღვთის ხალხო და "უფრო მეტი ღირსების მქონე მარშის" წევრებო, 18 წლის გოგოს თვალს რომ თხრიდნენ და სამუდამოდ ასახიჩრებდნენ?

18 წლის გოგოს აქციაზე რა უნდოდაო... 9 აპრილს რამდენი წლის გოგო-ბიჭებმა შეწირეს თავი ჩვენს დამოუკიდებლობას ხომ არ დაგავიწყდათ?

ეს ქვეყანა ქაოსია, ქაოსი კიბეა...

იხილეთ ასევე: "ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად?!"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს