როცა ირმას ნიშას ართმევს მიშა, ანუ როცა წყალწაღებული ჯვარს ეჭიდება... - კვირის პალიტრა

როცა ირმას ნიშას ართმევს მიშა, ანუ როცა წყალწაღებული ჯვარს ეჭიდება...

  • "მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს.
  • ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან.
  • "ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

ეს სიტყვები, წარმოიდგინეთ და, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

2003 წლიდან მოყოლებული "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, ხელისუფლებაზე საუბრისას, სააკაშვილისა და ბოკერიას ცალ-ცალკე მოხსენიება წარმოუდგენელი იყო. ყველაზე მეტად სწორედ სააკაშვილი-ბოკერია ასოცირდებოდა ცხრა წელთან.

აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის, მაგრამ თურმე, ძალაუფლების დაკარგვით გამოწვეულმა ისტერიკამაც შეიძლება არანაკლები გააკეთებინოს ადამიანს. ერთ დროს რეგიონის ყველაზე წარმატებული დასავლური ღირებულების მქონე პრეზიდენტი, რომელშიც ქართველი ხალხი მესიას ხედავდა, ახლა პუტინისა და რუსეთის ნარატივს იმეორებს. სააკაშვილი, რომელსაც თავის დროზე მავანი ხან "სოროსის მონას", ხან ანტიქრისტეს, ხან მასონს და ა.შ. ეძახდა, იმდენად შორს წავიდა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ათქმევინა - ნიშას გვართმევს მიშაო. ალბათ, ეს ფრაზა მიშას პოლიტიკური კარიერის კუბოში ჩაჭედებული ბოლო ლურსმანია.

შეიძლება 600 ეკლესია ააშენო, შეიძლება ხიდივით გაწვე, შეიძლება 99% ქართველი იყო, შეიძლება ხუთჯვრიანი დროშა შენი ინიციატივით გახადო ქვეყნის სიმბოლო, შეიძლება დავით აღმაშენებელს ედრებოდე, შეიძლება ჯვარს ატარებდე, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი კომბლით შეიარაღებული "ოცნების" მაშველი რგოლი იყო.

ნეტავ, 7 ნოემბერს ხალხს რომ არბევდნენ და 26 მაისს ადამიანებს ცემაში სულს ხდიდნენ, მაშინ თუ ატარებდი ჯვარს? ნეტავ, ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭებს რომ კლავდნენ, მაშინ თუ ატარებდი ჯვარს? თუმცა, მაშინ, ალბათ, ეკლესიებს აშენებდი და ამ ყველაფერს ბოკერიების დავალებით აკეთებდნენ.

ერთხელ შევარდნაძემ იკითხა - კი, მაგრამ რატომ ვარ იუდაო? ჩვენთან პოლიტიკოსების 99% გაჭირვების ჟამს ეკლესიასა და რელიგიურ თემებზე აპელირებას მიმართავს დასახმარებლად. გუნდში კი ყოველთვის იპოვი ერთ იუდას და მისკენ გაიშვერ თითს. როგორც ჩანს, სააკაშვილმა დაივიწყა რა მსოფლმხედველობა ქონდა მასა და მის პარტიას და ხელი ბოკერიასკენ გაიშვირა - ეგაა ვასაძისეული ავენტინური ტრიადის ცრუღმერთი ლიბერი, ეგაა იუდა, მე სუფთა ვარ, ჯვარი მკიდიაო...

იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილი - "ყველა, ვინც ქადაგებს ამ "სვეცკური", ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, უნებლიედ პუტინის საქმეს აკეთებს"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს