სტალინგრადი და პრეზიდენტის განუყრელი ტრიბუნა ანუ რითი გავს ნაციონალური მოძრაობა გერმანიის ნაცისტურ პარტიას - კვირის პალიტრა

სტალინგრადი და პრეზიდენტის განუყრელი ტრიბუნა ანუ რითი გავს ნაციონალური მოძრაობა გერმანიის ნაცისტურ პარტიას

1943 წლის 18 თებერვლის სუსხიან ამინდში, ბერლინში, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მმართველობის 10 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ნაცისტურმა არმიამ ჰიტლერის ბრძანების თანახმად დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ვერ მოახერხა სოხუმის გავლით საქართველოში შემოსვლა, მას შემდეგ რაც ჩავარდა ვერმახტის რამდენიმე სამხედრო გეგმა, გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი, ჩვეული შემართებითა და ორატორული ხელოვნების გამოყენებით ცდილობს "წელში გამართული, განათლებული და დისციპლინირებული გერმანელი ხალხი" (ციტატა გებელსის აღნიშნული მიმართვიდანაა. ზ.გ.) დააჯეროს რომ რაიხი ფეხზე დგას და საკუთარ ფიურერთან ერთად დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

 

ვის-ვის და ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს კარგად ესმოდა მნიშვნელობა ასეთი ფართომასშტაბიანი აქციისა (თავად გებელსის წარმოდგენით, ამ სიტყვას მილიონობით ადამიანი დიდი ყურადღებით ელოდა). განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სტალინგრადში განცდილი მარცხის, რაიხის მაღალჩინოსნებს შორის მზარდი ურთიერთდაპირისპირების, ომის მძიმე, მახრჩობელა ჰაერის გერმანიის საზღვრებთან მოახლოების მიზეზით უკმაყოფილო მოსახლეობის გამო, ზვირთდებოდა უნდობლობა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის და მისი ხელმძღვანელის მიმართ.

რა თქმა უნდა, ამ სიტყვას ჰქონდა სხვა მიზანიც, ამ შემთხვევაში პერსონალურად მისი ავტორის, გებელსისათვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ფიურერისთვის ეჩვენებინა რომ რიბენტროპზე უკეთ ერკვეოდა საგარეო პოლიტიკაში. ამ "კასტინგის" შედეგად კი მესამე რაიხის პირველი დიპლომატის ცვილება უნდა მომხდარიყო. მართალია ეს მიზეზი ამ წიგნის ერთი ქვეთავი იყო, თუმცა არა უმნიშვნელო.

მე კი, მთავარი ამ სიტყვაში მგონია, გებელსის უტიფარი ტონი და შეუფარავი თავხედობა, როცა საკუთარ რეჟიმს მაღალი იდეალებისათვის მებრძოლის მანტიით მოსავს და ხალხს ამ რეჟიმის გვერდით დგომას სთხოვს. სხვა საკითხია, რამდენად ემთხვეოდა ჰიტლერის მმართველი კლასის და იმ პერიოდის გერმანული საზოგადოების პოზიცია ერთმანეთს ღირებულებებთან ან სულაც საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ ცხადია, ნაცისტურმა რეჟიმმა გერმანულ მიწაზე შექმნა პრეცედენტი, რომლის დაშვება კატასტროფული იქნებოდა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. მართალია, გერმანიის მოსახლეობამ (ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის სრულმა ნაწილმა) მოგვიანებით შეიტყო მათ მიერ 10 წლის წინ არჩეული პარტიის ბუნებაც და საქმეებიც, თუმცა შეუძლებელია ზემოთ ხაზგასმული 30-იანი წლების გერმანული რეალობა კომფორტული ყოფილიყო მოსახლეობისთვის. ახლა კი, ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზემოთ ნახსენებ საზოგადოებას მხარდაჭერას და თანადგომას სთხოვს.

გებელსი საუბრობს ბოლშევიზმის საშიშროებაზე, ამასთან დაკავშირებით ის არ ცდებოდა და არც იტყუებოდა, თუმცა ბოლშევიზმი ნაცისტებისთვის ჩვეულებრივი მტრის ხატი იყო, რაც ასე სჭირდება არალეგიტიმურ, არადემოკრატიულ, საზოგადოების ნდობა დაკარგულ მთავრობას. ბოლშევიზმის არსებობა ნაცისტებისთვის ძალაუფლების გახანგრძლივების შესაძლებლობა იყო და არა იდეოლოგიური პრობლემა, რადგან, მიუხედავად ბოლშევიზმის საშიში და ანტისაზოგადოებრივი ხასიათისა, მას რაიხში ასე მაშინ არ განიხილავდნენ, როცა მოსკოვთან თბილი ურთიერთობები ჰქონდათ. როცა ჰიტლერულ და სტალინურ რეჟიმებს შორის გაყოფილ ტერიტორიებზე სტალინი წითელი ფანქრით ნიშნავდა სანადირო მიწებს საჩუქრად, პირადად და საგანგებოდ რიბენტროპისთვის. როცა ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნები საერთო კონტურებს იძენდა. ახლა კი, მას სჭირდება ომი ბოლშევიზმთან, ომი პროპაგანდისტული და ომი სამხედრო გაგებით, რისთვისაც აღნიშნულ მიმართვაში გებელსი საუბრობს ისტორიულ მისიაზე, რომ მსოფლიოს კაპიტალისტური ტირანია და ებრაულ-ბოლშევიკური მსოფლიო რევოლუცია ელის და სხვა.

ამ რამდენიმე აბზაცში მონათხრობიდანაც შესაძლებელია პარალელების გავლება საქართველოს აწ უკვე ყოფილი მმართველი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" ბუნებასთან. მაგალითად, რუსული მტრის ხატის საკითხი და პარალელურად ამავე სახელმწიფოს ნაციონალური კორპორაციების ბიზნეს-ინტერესების სრულად ლობირება საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება სტალინგრადს. "ნაცმოძრაობისთვის" "სტალინგრადი" უდავოდ ციხის კადრები იყო, როცა მათ მიერვე წამოწყებულ "ბრძოლაში" საბედისწეროდ დამარცხდნენ.

გებელსის ჩემს მიერ ხსენებულ მიმართვას "ტოტალური ომი" ჰქვია. ტოტალური, ანუ ყოვლისმომცველი, ანუ ან ყველაფერი ან არაფერის პრინციპი, ისეთი რა გზაც მეორე მსოფლიო ომს ფიურერმა დაუსახა, როცა თქვა, რომ ამ ომს არ ეყოლება გამარჯვებულები და დამარცხებულები, არამედ მკვდრები და ცოცხლები.

ამგვარი რადიკალიზმი და უკიდურესობებისადმი მისწრაფება კი დამახასიათებელი იყო "ნაცმოძრაობისთვისაც", რაც ვლინდებოდა ტერმინებში "რევოლუცია", "ნულოვანი ტოლერანტობა", "ამოძირკვა", "ჩარეხცვა". რაც ჩანდა ფლეგმატურ, გულგრილ დამოკიდებულებაში ადამიანისადმი, მისი ნებისა და უფლებისადმი. შედეგად თანამედროვე საქართველოში გაჩნდა ერთგვარი საკონცენტრაციო ბანაკები ქართული ციხეების სახით, პატიმრების რეკორდული რაოდენობით. გაჩნდა ექსკლუზიური ადგილები არქიტექტურული ვნებების დასაკმაყოფილებლად, მეგალომანური მისწრაფებების გამოსახატად თუ მმართველობით ტკბობისთვის, ზედამხედველობისთვის და არა მსახურებისთვის.

ამ "დარგშიც" ემთხვევა ქართული ნაციონალური პარტიის და გერმანულის სტარტეგია. მაგალითად, "ტოტალურ ომში" გებელსი ავითარებს აზრს, რომ მათ აქვთ "მორალური და პოლიტიკური ვალდებულება მიზნის მისაღწევად თვით დრაკონული ჯარიმები შემოიღონ". გავიხსენოთ ბიზნესზე ზეწოლა საქართველოში, ეკონომიკური დანაშაული. დღეს კი ამის მოქმედი, ეკონომიკური ამნისტიის მნიშვნელობაზე საუბრობს. გავიხსენოთ იგივე ზემოთ ნახსენები "ნულოვანი ტოლერანტობის" კამპანია, რომელიც უდავოდ იყო ფანატიკური აღტყინებით გამსჭვალული და ნაკარნახევი. ამავე "მკაცრი და შეუგუებელი" პოლიტიკის გამოძახილი იყო გუნდში დაწყებული ურთიერთდაპირისპირება, რომლის მთავარი და ნამდვილი მოტივი არა ასკეტიზმი ან მოჭარბებული პატრიოტიზმი იყო, არამედ მტრობა და ოპონენტისათვის დარტყმის მიყენება. ასე იყო ქართული ნაციონალური პარტიის და გერმანულის შემთხვევაში.

ამაზე ბუნებრივად მახსენდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ომის დროს მდიდრული რესტორნების დახურვა-გაუქმება დაიწყეს. გებელსის ამ იდეის საფუძველი იყო კამპანია რაიხსმარშალ გერინგის წინააღმდეგ, რომლის შედეგად დახურეს გერინგის მდიდრული რესტორნები, მათ შორის მისთვის ყველაზე საყვარელი "ჰორხერი". აი ასეთი, ოპონენტის წინააღმდეგ მიმართული, ცალმხრივი და ექსკლუზიური გადაწყვეტილებები, მათ შორის საკანონმდებლოც (ქართუ ბანკი), ბევრი გვახსოვს საქართველოშიც.

ნაცისტები, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ამბობდნენ, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში, ყველაფერი განაგურდებოდა. ევროპულ მაგალითზე გამოჩნდა, რომ ასე არ მოხდა. პირიქით, ევროპა ინსტიტუციურად და ეკონომიკურად დღევანდელის მსგავსად ორგანიზებული სხვა დროს, არც მესამე რაიხამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა. ასე უნდა მოხდეს საქართველოშიც. მმართVელობის სტილის ჰუმანიზაციით, ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებით, მართლმსაჯულების შერჩევითიდან სამართლიანობის რელსებზე გადაყვანით გამოჩნდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოდენ გულზე მჟიღის ცემაში იყო ეფექტური. ახალი ხელისუფლებისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილსაც კი აღარ გაუჩნდება განცდა, რომ ტერიტორიულ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ საკითხებზე ექსკლუზიურად კეთილი გავლენა მხოლოდ "ნაცმოძრაობას" ჰქონდა. არ გაჩნდება მცდარი წარმოდგენა თითქოს ისინი რაღაც იშვიათს და განსაკუთრებულად კარგს აპირებდნენ. ისევე როგორც ეს გერმანიაში მოხდა. ნაცისტები თვლიდნენ, რომ მათ მიერ განხორციელებული რევოლუცია იყო, არამხოლოდ გერმანიისთვის. თუმცა ამ რევოლუციის ექსპორტი ვერ შედგა, ისევე როგორც ვარდების, და ეს ბუნებრივია, რადგან საქმე ეწინააღმდეგებოდა ნათქვამს, დეკლარირებულს.

რა იყო "ტოტალური ომის" მიზანი? გებელსის ეს მიმართვა იყო "პიარ-ფანდი", რომლის ამოცანა, ომის ხმაურისგან გამოცოცხლებული გერმანელი ხალხის (ანუ ციხის კადრებით გამოცოცხლებული ქართველი ერის) კვლავ ლეთარგიული ძილით დაძინება, მათი მოდუნება და პროტესტის გადავიწყება იყო და ამასთან ისეთი ფანატიზმით ავსება, როცა შესაძლებელი იქნებოდა მოქალაქეების რესურსი ნაცისტური მიზნებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ამ გზას მიმართავდა კიდეც "ნაცმოძრაობა" სხვადასხვა "გრანდიოზული" პროექტების წარმოდგენით, ღონისძიებების გამართვით. მათი პროპაგანდის შედეგი სინამდვილის გაყალბება იყო. გაყალბებულ სინამდვილეში, ტყუილში ცხოვრება კი სასჯელია.

წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული მოსაზრება გამოვხატე ერთ-ერთ დისკუსიაში მონაწილეობისას, სადაც ჩემთან ერთად რუსული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ცნობილი წარმომადგენელიც მონაწილეობდა. სხვათაშორის ამ პიროვნებაზე ამბობდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" გარკვეულ მატერიალურ გასამრჯელოს იღებდა ხელისუფლებისთვის დადებითი იმიჯის შესაქმნელად და უბრალოდ მის მხარდასაჭერადო. ჰოდა, გამოვთქვი რა შეხედულება, რომ გაყალბებული სინამდვილე უკიდურესად არასასურველი რამ არის და რომ ჩვენს რეალობაში ამ მიზნის მისაღწევად რიგი ადამიანებისა არიან ჩართული, მან არ დააყოვნა წყენის გამოხატვა, მიიღო რა ჩემი ეს შეხედულება საკუთარ თავზე ნათქვამად. არადა, იყო თუ არა ის ჩემი სიტყვების ადრესატი, ეს ერთი საკითხია, მეორე კი ის გახლავთ, რომ წინა ხელისუფლება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავდა, რომ მისთვის პროპაგანდისტული სამუშაო გაეწიათ. 1 ოქტომბრის ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ბევრი განაწყენებული ექსპერტის კრიტიკა მოვისმინეთ საგარეო ვექტორის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, სხვათაშორის რუსეთში და არამგონია მათი წუხილის ნამდვილი მიზეზი ჩვენი ქვეყნის ორიენტაცია ყოფილიყო…

პროპაგანდას, რომ დავუბრუნდეთ. "ნაციონალური მოძრაობა" ახერხებდა პარალელური რეალობა, "სინამდვილე" შეექმნა და საბოლოო ჯამში ეს უარყოფით გავლენას მოქალაქეზე ახდენდა. პროპაგანდის უარყოფით ჭრილში მოხსენიებისას, ყოველთვის მახსენდება საბჭოთა კავშირი და ჩერნობილის მაგალითი. ამ ავარიის დროს, რომელიც დიდი ტრაგედიის მიზეზი გახდა, ოფიციალური ხელისუფლება ცდილობდა მომხდარის მასშტაბურობა და სიმძიმე გადაეფარა. ჩართო პროპაგანდისტული მექანიზმები. გადაწყდა, რომ პირდაპირ ეთერში, მთელი მსოფლიოს, შიდა და საერთაშორისო საზოგადოების დასანახად, აქაოდა და საშიში და საგანგაშო არაფერი მომხდარაო, ყველაზე მაღალ, დასხივებულ მილზე წითელი დროშა აღმართულიყო. ამ სასიკვდილო ნომრის განხორციელება ისევ პროპაგანდის გამოყენებით მოხდა და "დიადი კომუნისტური იდეალებისკენ" მსწრაფველი ერთ-ერთი მუშა, როგორც მოხალისე მილზე ავიდა, რაც რამდენიმე დღეში მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ანუ, ნაყალბევმა სინამდვილემ, პროპაგანდის ნისლში გახვეულმა "ფასეულობებმა" ადამიანი შეიწირა.

სხვათაშორის, ამავე საკითხს და "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდება კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ამ თემაზე მახსენდება. ჩერნობილის ავარიიდან რამდენიმე დღეში, ისევ ტრაგედიის მასშტაბურობის გადასაფარად, საპირველმაისო აღლუმი ჩატარდა რადიაციული მტვრით დაფარულ კიევის მოედანზე. ადამიანური ტრაგიზმის დაახლოებით ისეთივე სურათი 2011 წლის 26 მაისს თბილისშიც დაიხატა, როცა ჩვენი მოქალაქეების სისხლით მორწყულ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის ხელმძღვანელები აღლუმს იბარებდნენ, რომ გადაეფარათ 26 მაისის ღამის სისხლიანი პერიპეტიები. ესეც პროპაგანდა…

რა ხდება დღეს? ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ბატონი პრეზიდენტი თავის საყვარელ ტრიბუნასთან გაკეთებული განცხადებებით ამბოხის ზღვარზე თამაშობს. ტრიბუნას პოლიტიკოსები, მათ შორის მეც ვიყენებ და ის აუცილებელია პრეს-კონფერენციისთვის.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ტრიბუნა არის მისი გროტესკულობის აუცილებელი, განუყრელი, სისხლხორცეული ატრიბუტი. საკრალური და ამავე დროს პროფანირებული საგანი, როგორც ნივთიერი მტკიცებულება და ამავდროულად მომსწრე და მნახველი სხვადასხვა დროს იქვე, მის წინაშე წარმოთქმული ტყუილის და ფარისევლობის. სულ ბოლოს ნათქვამი ერთ-ერთი ტყუილი იყო მითი იმის შესახებ, რომ 2003-2012 წლებში დაცული იყო ადამიანის პირადი ცხოვრება და საჯაროდ, სატელევიზიო სივრცეში არავის პირადი ცხოვრების და ღირსების შერაცხმყოფელი კადრები არ გამოუტანიათ. არადა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დასაწყისში, 2004 წელს მოხდა ტყიბულის მაშინდელი მაჟორიტარის ბონდო შალიკიანის დაკავება ვიდეო-კამერების წინაშე. პრივატულ გარემოში გადაღებული, დეპუტატის და მისი მეუღლის ადამიანური ღირსების შემლახველი, ეს დამამცირებელი შინაარსის მასალა მაშინ ტელევიზიით გავრცელდა. ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო!

ამბოხის ზღვარზე თამაშობსთქო ვამბობ და ეს სულაც არ გახლავთ ფიგურალური ვერსია/ფორმულირება. ეს არის დამახასიათებელი მისი პიროვნებისა და ხასიათისთვის. ის თამაშობდა და თამაშობს ხალხის გრძნობებზე, ნერვებზე. თამაშობდა ხალხისთვის საკრარული და წმინდა საკითხების წინააღმდეგ, თამაშობდა იქ, სადაც კრძალულება, სიფრთხილე, პატივისცემა იყო საჭირო, თამაშობდა დემოკრატობანას, პლურალისტობანას, სამართლიანობანას, ომობანას… ჰოდა, ამ თამაშის შემდეგ, ხალხს ხელში შერჩა მოუძლურებული ეროვნული ეკონომიკა, რომლის დანახვა მხოლოდ რამდენიმე სტატისტიკური ორგანიზაციის ვებგვერდზე იყო შესაძლებელი. არასისტემური, პარტიულ ერთგულებაზე დაფუძნებული (ყოფილი) ბიუროკრატია; კონტროლირებული და დამორჩილებული ბიზნესი; მსახურად ქცეული პარლამენტი; განცხადებები, რომლითაც ხდება მოსახლეობის დაყოფა-დაპირისპირება; როგორც ჩანს, პრეზიდენტი თვლის, რომ განუყრელი ტრიბუნის წინ გაკეთებული, ხშირად შეუსაბამო და უადგილო განცხადებებით, "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს დაძლიოს მოსახლეობის ამ უკანასკნელისადმი არსებული და ამ უკანასკნელისათვის სრულიად არახელსაყრელი განწყობა, რომელიც არა გულგრილ, ინდიფერენტულ ან ლატენტურ შეუგუებლობას, არამედ ზიზღს გულისხმობს. ზიზღს ყველაფრისადამი, რაც ასოცირდება ძალმომრეობითი ხასიათის, დაუნდობელ, უგულო, მრისხანე, კაცთმოძულე ძალასთან. რა თქმა უნდა, ამ გრძონაბასთან დაკავშირებული ეს საერთო-ეროვნული კონსესუსი სულაც არ არის სახარბიელო და კარგი, რადგან ის სულ მცირე დესტაბილიზაციის ან დაპირისპირების წყაროა.

რომ აღარაფერი ვთქვათ სიმბოლურ მსგავსებებზე, მაგალითად იმაზე, რომ თუ საქართველოს ნაციონალური პარტია დავით აღმაშენებელსა და მის როლს, ღვაწლს სრულიად ამაოდ ედრებოდა, ამ კუთხით ნაცისტებისთვის სახე-სიმბოლო ფრიდრიხ დიდი იყო, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი მსგავსებას, რომელიც ამ ორ რეჟიმს ერთგვარ მენტალურ ინჟინერიასთან მიმართებით აქვთ. ნაცისტები თვლიდნენ, რომ მათ შექმნეს ახალი ადამიანი, ახალი გერმანელი რომელიც უკეთესი იყო იმ გერმანელზე, რომელიც 1918 წელს, სამოქალაქო ომის პერიოდში ცხოვრობდა. აქვე გვახსენდება რიტორიკაც და გარკვეული მოქმედებებიც, რომელიც ახალი ქართველის ტიპაჟის ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა. არა ახალ, თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებისათვის მომზადებულ ქართველს, არამედ მენტალურად, ფსიქოლოგიურად გარდაქმნილს, გადაფასებული და გადასინჯული ღირებულებებით, ტრადიციულ, აღიარებულ ფასეულობებზე უარის მთქმელი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, "ნაცმოძრაობის" მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ჩვენი ეროვნული ფასეულობების უპირველესი დამცველის წინააღმდეგ ომის გამოცხადების.

და ბოლოს, ეს მიმართვა გებელსს მსოფლიო მჭერმეტყველთა საპატიო რიგში უმნიშვნელოვანეს ადგილს ანიჭებს, როგორც ორატორს, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსს, რადგან ამ შთამბეჭდავ გამოსვლას აუფერულებს ნაციზმის ანტიჰუმანური მიზნები. ისევე როგორც, ნებისმიერ საქმეს თუ გეგმას, რამდენადაც გრანდიოზული უნდა იყოს ის, მნიშვნელობა ეკარგება თუ ის ადამიანს როგორც ღვთის ქმნილებას, როგორც უნიკალურ მოვლენას ეწინააღმდეგება. ამგვარად, მნიშვნელობა ეკარგება იმ ცალკეულ პოზიტიურ გამონათებებს და სასიამოვნო ხდომილებებს, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდება, რადგან ზოგად კონტექსტში აღნიშნული პოლიტიკური ძალა, უგულვებელყოფდა ადამიანს, როგორც თავისუფლების მქონეს, როგორც მნიშვნელოვანს.

არ არის საჭირო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დასასრულიც ისეთივე ჰქონდეს, როგორც "ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას". მით უმეტეს არავის ვუსურვებ ამ პარტიის ლიდერთა ბედის გაზიარებას. მეტიც, ადამიანურად არავინ მემეტება ციხეში გატარებული წლებისთვის. თუმცა მთავარი მსაჯული უნდა იყო შენ, მკითხველო, მოქალაქევ!

მაშინ, როცა საქართველოს "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგია და საქმეები საგარეო პოლიტიკაში, საკუთარ მოსახლეობასთან დაკავშირებით, პროპაგანდასა და ფასეულობებში ასე ჰგავს გერმანული ნაცისტური პარტიის საქმეებს, შენ უნდა გასცე პასუხი შეკითხვას:

რა სარგებლობა მოაქვს ტრიბუნას პრეზიდენტისთვის?