რატომ გვჭირდება თვითმმართველობა?! - კვირის პალიტრა

რატომ გვჭირდება თვითმმართველობა?!

ფაქტია რომ, სხვა ბევრ პოპულარობა მოხვეჭილი სიტყვის გვერდით, ტერმინითვითმმართველობაციკავებს ერთობ საპატიო ადგილს. თუმცა ეს გამოწვეულია არა ამ ტერმინის გააზრებით, მისი შინაარსის პრაქტიკაში განხორციელების გამო მიღებული შედეგების დაფასებით, არამედ მიზეზი მხოლოდ ის არის რომ ძალიან ხშირად ხდება მისი გამოყენება საჯარო დისკუსიებსა თუ კერძო საუბრებში. ანუ, “თვითმმართველობაროგორც ტერმინი, როგორც სიტყვაა პოპულარული, თორემ მისი ცხოვრებაში რეალიზებული ვერსია ამ ქვეყანაში არავის უნახავს.

 

ამის მიზეზი ბევრია და მათზე სხვა წერილში ვისაუბრებ, თუმცა ერთი კი ნამდვილად უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება და შესაძლებლობა თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ისევე იყო მავანთა მიერ საეგზემპლარო თაროზე შემოდებული როგორც კონსტიტუციური წყობის სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლები. ჰოდა დღემდე დევს თაროზე და ელოდება გაბედულ, ენერგიულ, ინიციტივიან ადამიანთა ჯგუფებს თუ ადამიანს, რომლიც გაბედავს და ჩამოიღებს მას ამ თაროდან, გაწმენდს მტვრისგან და დაიწყებს თვითმართველობის განხორციელების შესაძლებლობისათვის მყარი საფუძვლების შექმნას.

უნდა ითქვას, რომ ამის მცდელობა უკვე არის სახეზე ახალი მთავრობის და მისი ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს სახით, რომელმაც თვითმმართველობის განვითარებისათვის კონცეფცია შექმნა. კონცეფციას იმიტომ ქვია ასე, რომ სანამ ის კანონპროექტად და შემდგომში კანონად იქცევა, მოხდეს მისი ანალიზი, მის ირგვლივ მსჯელობა, რომ მივიღოთ ოპტიმალური თეორიული ვერსია, რომლის პრაქტიკაში გადატანა მოიტანს შედეგს რეალური თვითმმართველობის სახით.

ამიტომ, მე საჭიროდ მივიჩნიე მკითხველს (მათ შორის პოლიტიკოსებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს) მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ჩვენთვის მისაბაძ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში ადგილობრივი მმართველობა, როგორც სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ელემენტი.

მაგალითად ავსტრია, რომელიც ფედეალური სახელმწიფოა, შედგება კომუნებისა და პროვინციებისგან. ადგილობრივ დონეზე კომუნის საბჭო წარნმოადგენს კომუნის სათათბირო ორგანოს, იგი აირჩევა პროპორციული სისტემით 5 ან 6 წლის ვადით. მერი და მისი თანაშემწეები ქმნიან კომუნის აღამსრულებელ ორგანოს, რომელიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისგან შედგება.

საკუთრივ მერი კომუნის ადმინისტრაციის მეთაურია. ფედერალური სახელმწიფოს მიხედვით ის შეიძლება პირდსაპირი კენჭისყრით იყოს არჩეული ან კომუნის საბჭოს მიერ. იგი მართავს კომუნას და თავმჯდომარეობს საბჭოს.

რეგიონულ დონეზე კი პროვინციის მთავრობაა კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანო. მისი თავმჯდომარე კი პროვინციის მმართველი. ავსტრიაში ადგილობრივი მთავრობის არჩევის ორი სისტემა არსებობს პროპორციული და მაჟორიტარული. პროვინციის მმართველი პარლამენტის მიერ აირჩევა და ის წარმოადგენს პროვინციას საზღვარგარეთაც.

რაც შეეხება ბელგიას. ის ფედერალური სახელმწიფოა, რომელიც კომუნების. პროვინციების, რეგიონებისა და თემებისაგან შედგება. ადგილობრივ დონეზე კომუნის საბჭო არჩეულია პირდაპირი კენჭისყრით 6 წლის ვადით. იგი საკანონმდებლო ორგანოა და იღებს კომუნის ფარგლებში მოქმედ გადაწყვეტილებებს.

ბურგომისტრისა და ეშევენების კოლეგიას ირჩევენ კომუნების მრჩევლები. ეს აღმასრულებელი ორგანო ცხოვრებაში ატარებს კომუნის საბჭოს გადაწყვეტილბებეს. ასევე ეკისრება კომუნის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა. ბურგომისტრი თავმჯდომარეობს კომუნის საბჭოს. ამავე საბჭოს წარდგინებით მას მეფე ნიშნავს. აქვს 6 წლიანი მანდატი. ბურგომისტრი კომუნის ადმინისტრაციისა და პოლიციის მეთაურია.

შუალედურ დონეზე კი პროვინციის სათათბირო ორგანო პროვინციის საბჭოა. არჩეულია პირდაპირი კენჭისყრით პროპორციული წესით და დეპუტატებს აქვს 6 წლიანი მანდატი. მუდმივი დეპუტაცია პროვინციის მთავრობაა, რომელსაც აღმასრულებელი და სასამართლო კომპეტენცია აქვს.

რეგიონულ დონეზე რეგიონის საბჭო საკანონმდებლო ორგანოა. ის 5 წლის ვადით არჩეული დეპუტატებისგან შედგება. მას აქვს როგორც საკანონმდებლო, ასევე ფინანსური ფუნქცია და აკონტროლებს მთავრობას. რეგიონის მთავრობა აღმასრულებელი ორგანოა და შედგება რეგიონის მინისტრებისგან. მას ევალება რეგიონული პარლამენტების მიერ მიღებული ბრძანებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება.

თემების დონეზე თემის საბჭოა საკანონმდებლო ორგანო. შედგება 5 წლის ვადით პირდაპირი კენჭისყრით არჩეული წევრებისგან. გარდა საკანონმდებლო ფუნქციისა აკონტროლებს მთავრობას და ხმას აძლევს ბიუჯეტს. თემის მთავრობა აღმასრულებელი ორგანოა და შედგება 5 წლის ვადით თემის საბჭოს მიერ დანიშნული მინისტრებისგან.

გერმანია კომუნების, ოლქების და ფედერაციული სახელმწიფოებისგან შედგება. ადგილობრივ დონეზე არსებობს კომუნის მოწყობის ორი ტიპი: მაგისტრის და საბჭოსი.

საბჭოს სისტემა არის ყველა გერმანულ რეგიონში ჰესენის გამოკლებით. ამ სისტემის მიხედვით მუნიციპალური საბჭო აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით 5 წლიანი მანდატით და მერი არჩეულია პირდაპირი გზით. მუნიციპალური საბჭო კომუნის ცენტრალური ორგანოა და პირდაპირი კენჭისყრით არის არჩეული 4-6 წლის ვადით. ეს საკანონმდებლო ორგანოა და გადაწყვეტილებების უმრავლესობას იღებს.

რაც შეეხება მაგისტრატის სიტემას, აქ აღამასრულებელი ხელისუფლება შედგება მერიისა და დეპუტატებისაგან. დეპუტატები მუნიციპალური საბჭოს მიერ არიან დანიშნული და მათი მანდატი ძირითადად 4 წელს გრძელდება. მაგისტრატი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მართავს მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეებს. იგი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებებს არასრულებს. მაგისტრატის სისტემა მხოლოდ ჰესენში მოქმედებს.

რეგიონულ დონეზე გერმანიაში პარლამენტია საკანონმდებლო ორგანო. იგი შედგება 4 წლის ვადით პირდაპირი კენჭისყრით არჩეული წევრებისგან. იგი ირჩევს მიწის მინისტრ-პრეზიდენტს. მთავრობა აღმასრულებელი ორგანოა და მას პარლამენტი ირჩევს 4 წლის ვადით. იგი ირჩევს მინისტრ-პრეზიდენტსაც. ამ პოსტის მქონე პირი მართავს მთავრობას, აქვს აღმასრულებელი ხელისუფლება და შეუძლია დანიშნოს ან გადააყენოს მინისტრები.

დანია შედგება კომუნებისა და საგრაფოებისგან. ადგილობრივ დონეზე კომუნის საბჭო 4 წლის ვადით პროპორციული სიტემით აირჩევა. ეს სათათბირო ორგანო ირჩევს აღამსრულებელ კომისიებს, რომელბიც თავის მხრივ პასუხს აგებენს ადგილობრივ ადმინისტრაციაზე. ადგილობრივი მერი არჩეულია კომუნის საბჭოს მიერ და ის ხელმძღვანელობს როგორც ადმინისტრაციას, ისე კომუნის საბჭოს.

რეგიონულ დონეზე საგრაფო საბჭო სათათბირო ორგანოა. მისი წევრები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ პროპორციული სისტემით აირჩევა. მას შეუძლია შექმნას კომისიები და ბიუროები. საბჭო ირჩევს საგრაფოს პრეზიდენტს.

ესპანეთში, რომელიც უნიტარული სახელმწიფოა, შედგება კომუნების, პროვინციებისა და ავტონომიური თემებისაგან. ადგილობრივ დონეზე კომუნის საბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული მრჩევლებისაგან. მერი წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც მუნუციპალური მრჩევლების ირჩევენ თავის რიგებიდან.

შუალედურ დონეზე პროვინციის საბჭო 4 წლის ვადით არაპირდაპირი წესით კომუნის მრჩევლების მიერ მათი რიგებიდან არჩეული წევრებისგან. ამავე დონეზე არსებობს სამთავრობო საბჭო, რომელიც პროვინციის მთავრობაა.

რეგიონულ დონეს კი ასამბლეა, სამთავრობო საბჭო და პრეზიდენტი წარმოადგენს. ასამბლეა თემის საკანონმდებლო ორგანოა, მისი წევრები პირდაპირი კენჭისყრით 4 წლის ვადით აირჩევიან. ისინი დელეგირებულ საკანონმდებლო ხელისუფლებას განასახიერებენ. სამთავრობო საბჭოს მართავს და ადგენს თავმჯდომარე და ის თემის აღამასრულებელი ორგანოა.

პრეზიდენტს საკანონმდებლო ასამბლეა ირჩევს და ნიშნავს მეფე.

ესტონეთი, რომელიც უნიტარული სახელმწიფოა შედგება სასოფლო კომუნების, ქალაქებისა და საგრაფოებისგან. ადგილობრივ დონეზე კომუნის საბჭო არჩეული 4 წლის ვადით პირდაპირი კენჭსყრით. რეგიონულ დონეზე კი გუბერნატორს ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლება რეგიონული მინისტრის რეკომენდაციით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გზით. გუბერნატორი პასუხს აგებს საგრაფოს ადმინისტრირებაზე.

პორტუგალია შედგება სამრევლოების, მუნიციპალიტეტების, ოლქებისა და რეგიონებისგან. ადგილობრივ დონეზე სათათბირო ორგანოა სამრევლოების ასამბლეა. ის შედგება 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით პირდაპირი კენჭისყრით არჩეულ წევრებისგან. აღმასრულებელი ორგანოა სამრევლოს კრება და მის წევრებს ასამბლე აირჩევს თავის რიგებიდან.

ამ ქვეყანაში შუალედურ დონეს ოლქის ასამბლეა შეადგენს.

რეგიონული კოორდინირების კომისიები კი რეგიონული დონეა. მათი წევრები ინიშნება ცენტრალური ხელსიუფლების მიერ და პასუხს აგებენ რეგიონების განვიტარებაზე.

საფრანგეთში რამდენიმე დონიანი თვითმმართველობაა, რომელიც მოიცავს კომუნებს, დეპარტამენტებს და რეგიონებს. ადგილობრივ დონეზე მუნიციპალური საბჭო 6 წლის ვადით პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით არჩეული მუნიციპალური მრჩევლებისგან შედგება და ხელმძღვანელობს მერი, რომელიც თანაშემწეებთან ერთად აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს.

შუალედურ დონეზე გენერალური საბჭო წარნმოადგენს დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს. მისი წევრები 6 წლის ვადით ირჩევა. საბჭოს წევრთა ნახევარი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იცვლება. ამავე საბჭოს წევრებიდან ირჩევა თავმდჯომარე. გენერალური საბჭოს თავმჯდომარე ამავდროულად აღმასრულებელი ხელისუფალია.

რეგიონულ დონეზე კი რეგიონის საბჭოა სათათბირო ორგანო, რომელიც 6 წლის ვადით არჩეული წევრებისგან შედგება.

აქ ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითებიდან, ზოგიერთი ცალსახად მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში ყურადსაღებია ცალკეული დეტალი, რადგან სისტემის მეორე ნაწილი უბრალოდ არ თავსებადია ჩვენს რეალობაში, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის და კონსტიტუციური წყობის გათვალისწინებით. თუმცა როგორც ვნახეთ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონცეფცია ეხმიანება ევროპულ პრაქტიკას და სრულად თავსდება ევროპული ყაიდის თვითმმართველობის კონტექსტში.

ცხადია, საერთაშორისო პრეცედენტების მოხმობა უხვად შეიძლება სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებისა და პრაქტიკის წარმოდგენით, თუმცა ამ რამდენიმე მაგალითიდანაც ჩანს რომ თითოეულ შემთხვევაში კარგად არის მოფიქრებული მმართველობის ის ვერსია, რომელიც შეესაბამება საკუთრივ იმ სახელმწიფოების ტრადიციას და გამოწვევებს. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, თითოეულს აქვს საერთო ფუნდამენტური თვისება - ძალაუფლების გადანაწილების შესაძლებლობა.

არა ისე როგორც დღეს გვაქვს თბილისში, სადაც მერის აბსოლუტური და შეუვალი უფლებების გამო გვაქვს არა თვითმმართველობა, არამედ ერთმმართველობა. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომლის ფარგლებში არჩეული ორგანოები პასუხისმგებლობას გრძნობენ მოსახლეობის მიმართ, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არა მხოლოდ უშუალო დამნიშვნელის, არამედ სათათბირო ორგანოს წინაშეც. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს საბიუჯეტო პროცესის კონტროლის და მინიმუმამდე დაიყვანს თვითმმართველი ერთეულების პარტიული და ბიზნეს-ამოცანებისთვის გამოყენების შესაძლებლობას.

ამიტომ ჩვენთვისაც ნებისმიერი თეორიულ წინაპირობებზე მუშაობისას მნიშვნელოვანი უნდა იყოს მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების არა კონცენტრირებას და ვერტიკალიზაციას, არამედ გადანაწილებას და დაბალანსებას.

თუმცა, თვითმმართველობა არამხოლოდ ინსტიტუციურ კონტექსტში ან პოლიტიკოსების და დარგის სპეციალისტების სამუშაო თემად უნდა მოვიაზროთ, არამედ გამოწვევად მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის. უნდა განვითარდეს თვითმართვის, საზოგადოების თვითორგანიზების უნარ-ჩვევა, ამისთვის მოქალაქე სკოლის მერხიდან უნდა ემზადებოდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში, მოქალაქის როლის ცენტრალიზების, გამოკვეთის, პირობებში აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ რეფორმას და მით უფრო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას.

მხოლოდ ასეთ ნიადაგზე დაფუძნებული თვითმმართველობა გვჭირდება, რადგან საკუთრივ ის შექმნის ბაზისს სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის, სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი და ფასეული მოქმედებების სისრულეში მოსაყვანად. რადგან, როგორც ერთი უცნობი ავტორის ციტატა გვეუბნება: "თვითმმართველობა მმართველობის უმაღლესი ფორმაა".