რამდენიმე მოსაზრება ომის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

რამდენიმე მოსაზრება ომის წინააღმდეგ

ოტო ფონ ბისმარკი: ,,ომი ჯოჯოხეთია, ხოლო ეშმაკი ის არის, ვინც კალმის ერთი მოსმით გამოიწვია იგი".

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გავლენიანმა რუსმა სამხედრო ოფიცერმა მიხეილ სკობელევმა განაცხადა, რომ რუსული მონარქია დაიღუპებოდა თუ საგარეო ასპარეზზე, მეტწილად კი მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს არ მიაღწევდა.

ისტორიას კიდევ ერთი რუსის, თეოდორ დოსტოევსკის სიტყვებიც ახსოვს: " რუსეთს უყვარს თავისი დასავლელი ძმები. მომავალი თაობის ყოველი რუსი, გამონაკლისის გარეშე მიხვდება, რომ ჭეშმარიტ რუსად გახდომა ნიშნავს ეცადო საბოლოოდ მოაგვარო ყველა ევროპული წინააღმდეგობა, აჩვენო, რომ ევროპული ტანჯვის წამალი ჩვენს საყოველთაოდ ჰუმანურ და ყოვლისმომცველ რუსულ სულშია, ძმური სიყვარულით გულში ჩაიკრა ყველა ძმა და ბოლოს წარმოთქვა უკანასკნელი სიტყვა დიადი უნივერსალური ჰარმონიისა და ქრისტეს მოძღვრების კანონით მცხოვრებ ყველა ერს შორის ძმური თანხმობის შესახებ."

ცხადია დიდი რუსი მოაზროვნის ნათქვამის დეტალურ ანალიზს და კომენტარს არ შევუდგები, თუმცა უნდა ითქვას, რომ თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ელიტისათვის ოფიცერ სკობელევის მიერ კონცეპტუირებული დეფინიციისა და პოლიტიკური დოქტრინის მკაცრი ერთგულება უფროა სახასიათო, ვიდრე დოსტოევსკისეული წარმოდგენა თვისტომთა ჰუმანიზმსა და ზოგად პიროვნულ თვისებებზე, რადგან ჩვენი დროის რუსული სახელმწიფოს სამხედრო-მილიტარისტული ფილოსოფიის მთავარი ინგრედიენტი სწორედ საომარი რიტორიკაა რომელიც ასახვას საომარ მოქმედებებშივე პოულობს.

თუმცა, ამ წერილში ზოგადად ომზე, მის საზარელ ბუნებაზე უფრო მინდა საუბარი, მით უფრო სწორედ ეს განწყობა შეექმნა მრავალ ჩვენთაგანს რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის თანახმად სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ზვიად დავითაძე, ალექსანდრე კვიწინაძე და ვლადიმერ შანავა, ავღანეთში იქაურ ტერორისტთა აგრესიას შეეწირა.

ცხადია, რომ მილოშევიჩი, ჰიტლერი, სტალინი ან თალიბები წარმოადგენენ მასების ან რაღაც სოციუმის ორგანულ ნაწილს და პოლიტიკურ თუ გენეტიკურ კონცენტრატს. შედეგად თანამედროვეობაში, სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეში ელიტის, ბელადის და მასების შინაგანი ერთიანობის წყალობით, მოქალაქეების ნაციონალისტური ინსტრუმენტალიზაცია ეფექტურად გადაიზარდა მასების მხრიდან საომარ მხარდაჭერაში. მდგომარეობაში, როცა მასები იარაღის როლს ბუკვალურად ასრულებენ. ეს კი სხვა არაფერია თუ არა ის რასაც ნიცშემ "პოლიტიკის ღამისეული გაგება" უწოდა.

ფსიქოლოგები ლიდერს, ან ცალკეულ ჯგუფებს, ორგანიზაციებს რომლებიც საკითხს შემდეგნაირად აყენებეს "ჩემი იდეოლოგია ან თქვენი სიკვდილი" ჟინით შეპყრობილ, ძალაუფლების მოყვარულ, ჩაკეტილ პიროვნებად აღიარებენ, რომელიც სინამდვილეში თავის ბავშვურ ეგოიზმს ებრძვის. სხვა სიტყვებით იგი პაციენტია – მაგრამ შეიარაღებული.

აქ ისმება შეკითხვა – რა უნდა ვქნათ? ცხადია ასეთ დროს საჭიროა ამ ტიპის ლიდერის, ჯგუფების თუ ორგანიზაციებს მიმართ წინააღმდეგობა, მათი გაუნებელყოფის მიზნით. ახლა ადვილად შეთანხმდება საზოგადოება იმაზე, რომ 1860-იან წლებში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ნაპოლეონ მესამეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ზოგიერთი ჩვენგანი პალმერსტონისა და ჯონ რასელის გადაყენების მოთხოვნასაც დაეთანხმებოდა, მაგრამ რა იქნებოდა ამ სურვილების და ქმედებების რეალიზაციის შედეგი, ამის კატეგორიული მტკიცება არ იქნება სწორი.

დღეს ძალიან ბევრი ამბობს, რომ ჩვენი არმიის კონტიგენტი არ უნდა მსახურობდეს უცხოურ მისიაში და ბიჭები უნდა გამოვიდნენ სხვათა ბრძოლის ველიდან. რაც სრულიად ბუნებრივი რეაქციაა ოთხი დღის წინანდელი სამწუხარო ინფორმაციის შემდეგ. ამაზე ინსტიქტურად ყველა ნორმალური ადამიანი დაფიქრდებოდა…

ასეა თუ ისე, ნანოფიზიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ეპოქაში მავანთათვის ომი კვლავ რჩება საშუალებად მიზნის მიღწევის საქმეში. არადა ფაქტია, რომ ის ამავდროულად რჩება ყველაზე ხანგრძლივ საკაცობრიო პანდემიად, რომელიც დაუნდობლად შთანთქავს ადამიანების სიცოცხლეს.

უცხოურ პრესას თუ თვალს გადავავლებთ, იქ ყოველდღიურად ათობით სტატია იწერება რეცეპტებით იმის შესახებ თუ როგორ მოვერიოთ ომს, როგორ ავლაგმოთ ის როგორც ინსტრუმენტი.

გაეროში დანიის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, უილიამ ბობერგი ომისთვის განწყობილი ლიდერების და ორგანიზაციების გაკეთილშობილებას და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში წვლილის შეტანის იძულების შესაძლებლობას იუნესკოს ქარტიის პრეამბულის გადაკეთებით იმედოვნებს. სიტყვებს "ვინაიდან ომი ადამიანთა გონებაში იწყება" ცვლის შემდეგნაირად – "სწორედ იმ ადამიანთა გონებაში, რომლებიც ომის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღებაზე უდიდეს გავლენას ახდენენ, უნდა ჩამოყალიბდეს მშვიდობის დაცვის მექანიზმი".

ცხადია ეს კეთილშობილური და ჰუმანური იდეაა, თუმცა როგორც ზემოთ ნახსენები ისე სხვა ემპირიულად მიგნებული დირექტივები საზოგადოებრივი ქმედებისათვის მხოლოდ მაშინ იქნება ნაყოფიერი და ადეკვატური, როცა დემოკრატია განმტკიცდება.

რწმენა, რომ დემოკრატია თავისი არსით მშვიდობიანი წყობაა, ორ ძირითად მოსაზრებას ემყარება. პირველი შეიმუშავა კანტმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ მომავალში რიგით ჯარისკაცს უნდა გადაეწყვიტა დაეწყო თუ არა ქვეყანას ომი. კანტის მოსაზრებას საფუძვლად უდევს დებულება, რომ ხმის უფლებას თუ მივცემთ მათ ვინც ომისგან ყველაზე მეტად ზარალდება, ომების სიხშირე მკვეთრად შემცირდება.

მეორე მოსაზრება შეიმუშავა ინგლისელმა სამართალმცოდნემ და ფილოსოფოსმა იერემია ბენთამმა, რომელიც ისევე როგორც ა.შ.შ.-ს ყოფილი პრეზიდენტი ვუდრო უილსონი და ლორდი სესილი, დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიო საზოგადოების აზრი ყველაზე ეფექტიანი სანქციაა და ალბათ თავისთავად საკმარისია მშვიდობის დასამყარებლად. ხალხის მიერ პოლიტიკის გაკონტროლება მშვიდობის ტოლფასია. ცხადია, რომ მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა, დესპოტიზმმა დემოკრატიას დაუთმოს ადგილი, რათა სასურველ მიზნად ხალხის კეთილდღეობა იქცეს და არა უმცირესობათა ჯგუფების სარგებელი.

ზოგადად ომთან დაკავშირებით საზოგადოება პრინციპში შეთანხმებულია და აბსოლუტურად სამართლიანად თვლის, რომ ომი ირაციონალური ქმედებაა, რომელსაც დასასრულიც არასასურველი აქვს ნებისმიერი მხარისთვის, რადგან ომებს არა გამარჯვება, არამედ მხოლოდ სხვადასხვა ხარისხის დამარცხება მოაქვს.

რომ , იკითხო ის თუ ვინ მოიგო ესა თუ ის ომი, დაახლოებით იმასვე ნიშნავს, რომ იკითხო ის, თუ ვინ მოიგო სან ფრანცისკოს მიწისძვრა. რომ ეს არის უკიდურესად უარყოფითი მოვლენა, რომელიც გამოწვეულია მოუმწიფებლობითა და აღელვებით, გარემოსთან შეუგუებლობით და ზოგადად ამ მიზეზების კომბინაციით და სხვა. ბუნებრივია, რომ ხალხს არ სურს იგი. საომარი განწყობა ახასიათებს მხოლოდ შეცდომაში შესულ ლიდერებს, რომლებიც დარწმუნებულინი არიან, რომ ხალხიც ბრძოლის მოსურნეა.

ხალხს სურს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უილიამ შექსპირისა არ იყოს მოქცევა, რომ ისეთივე ადვილი იყოს, როგორც იმის ცოდნა, თუ როგორ ჯობია, მოვიქცეთ, მაშინ სამლოცველოები ტაძრები იქნებოდნენ და ღატაკთა ქოხები დიდებულთა სასახლეებად გადაიქცეოდნენ.

რა შეიძლება გაკეთდეს ძალის წინააღმდეგ ძალის გარეშე? როგორ აღმოვფხვრათ ომის შესაძლებლობა, როგორ ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ? ვფიქრობ ეს პირველი რიგის საკითხია, რაზეც კაცობრიობა უნდა დაფიქრდეს, რადგან სანამ არსებობენ ქვეყნები და მთავრობები, რომელთაგან თითოეული მზადაა, უმოწყალოდ გაანადგუროს თავისი მოწინააღმდეგე უკლებლივ ყველა საომრად უნდა იყოს აღჭურვილი ომის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით მშვიდობის მოსურნე მთავრობების მიერ მათივე ძალაუფლება გამოყენებულ უნდა იქნას ომის პრევენციისა და მისი აღკვეთისათვის, რადგან პოლიტიკის უპირველესი დანიშნულება მშვიდობის უზრუნველყოფა და უკვე გაჩაღებული კონფლიქტების მოგვარებაა. პრევენციული პოლიტიკის იდეალი არის კონფლიქტის შეკავება საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის დონის საგრძნობლად შემცირებით, რაც ეფექტიანი მეთოდების გამოყენებით მიიღწევა. პირველ რიგში ომის, როგორც ვერაფრის მომტან, დამანგრეველ, გარდუვალი უბედურების საშუალებაში უნდა დავარწმუნოთ თავად ომის გზით მიზნის მიღწევის მსურველნი.

სხვათაშორის მრავალი ათეული წლის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგმა გორდონ ალპორტმა წამოაყენა მეტად საინტერესო და ვიტყოდი ეგზოტიკური იდეა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის, უშიშროების საბჭოსა და იუნესკოს შენობათა შესასვლელები გადაკეთდეს ისე, რომ სხდომებზე მიმავალმა დელეგატებმა გზად საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი გაიარონ, რათა მათ თვალწინ წარუშლელად სუფევდეს ომი, მთელი თავისი შემზარავი შედეგებით.

იდეა კარგია, თუმცა ეს თუ არა, კარგი იქნება, რომ უკვე დაგროვილი და ისტორიულად ქცეული გამოცდილება მაინც იქნას გათვალისწინებული და ინგლისელი პოლიტიკოსის ბრაითის 1858 წელს ბირმინგემში თავის ამომრჩეველისადმი გაკეთებული ძალიან საყურადღებო მიმართვა სახელმძღვანელო პრინციპად აქციონ: იყო ომები "ევროპის თავისუფლების გადასარჩენად", იყო ომები "პროტესტანტთა ინტერესების დასაცავად" იყო აგრეთვე ბევრი ომი ჩვენთვის ძველთაგან "ძალთა ბალანსის" შესანარჩუნებლად. ამ დროიდან მოყოლებული, ინგლისი ომობდა "ევროპის ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხარდამხარ, მისი გულისათვის ან მის წინაღმდეგ". და რა მოიგო მან ამით? შეუძლია ვინმეს, თქვას, - კითხულობს ბრაითი, - რომ ყველა ამ ომის შედეგად ევროპა დღეს უკეთესად ცხოვრობს?

ასეა თუ ისე, მე ღრმად მწამს, რომ ომი, ეს ძმათამკვლელი ურჩხული აუცილებლად აღმოიფხვრება ადამიანის სულიერი განვითარების, მისი სოციალური და ინტელექტუალური პროგრესის შედეგად, თუმცა ამის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ომი ომის წინააღმდეგ.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ცნობილი ფრანგი მწერალი და მოაზროვნე ლა ბრიუერი საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპად გამოადგებოდა ნებისმიერი ისეთი ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ხელისუფლება იმპერიის აღდგენის ოცნებით ცხოვრობს: "რას არგებს ხალხსა და მათ ბედნიერებას თუ მათი მმართველი საკუთარ იმპერიას გააფართოებს და თავისი მტრების მიწებს შემოიერთებს, რას მაძლევს მე და ჩემს თანამემამულეებს ის, რომ ჩემი სუვერენი წარმატებული და დიდებით მოცულია, რომ ჩემი ქვეყანა ძლიერია და მისი ეშინიათ, თუ მე, მწუხარე და შეშფოთებული, ჩაგვრასა და სიღარიბეში ვცხოვრობ?"

საგულისხმო სიტყვებია. ასეთი ქვეყნების მოქალაქეები მართლაც უნდა დაფიქრდენენ საკუთარ ბედზე, რადგან ომი როგორც ანტიდემოკრატიული კოალიციებისა და "წითლებისა და შავების" ანტირეფორმისტული ბლოკების აზროვნების და ქმედების პროდუქტი და ეთნიკური მტრებისგან ნაციონალური გამიჯვნის ექსტრემალური საშუალება, კონკრეტული დინასტიებისა თუ მთავრობების წარმავალ ინტერესებს შეესაბამება, ყველა ხალხის მუდმივ ინტერესს კი მშვიდობა განაპირობებს.