ბატონო კონგრესმენებო, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს! - კვირის პალიტრა

ბატონო კონგრესმენებო, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს!

15 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ შეიტყო სრულიად მოულოდნელი რამ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, რომლისგანაც საქართველო და ქართველი ხალხი საკმაოდ რთულად სავალ გზაზე ყოველთვის იღებდა მხარდაჭერას, საქართველოში მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის სამართლიანი პროცესი შეაფასა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ხსენებულმა მოვლენებმა გავლენა იქონიოს საქართველოსა და შტატების პარტნიორულ ურთიერთობებზე და რომ შესაძლებელია ეს გავლენა საფრთხის შემცველი იყოს ამ ორი მოკავშირე სახელმწიფოს მეგობრობისთვისაც კი.

ვინც მეტად თუ ნაკლებად მაინც საღად და თავისუფლად აფასებს საქართველოში ე.წ. ვარდების რევოლუციიდან 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს, ყველანი თანხმდებიან რომ სახელმწიფოს მართავდა ძალაუფლების მოპოვებისა და შემდგომში მისი შენარჩუნებისათვის შეკრებილი გარეგნულად დემოკრატი და შინაგანად ავტორიტარი, კრიმინალური მიდრეკილების (ამის არაერთი ფაქტია) მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც საქართველოში ილუზორული, მოჩვენებითი დემოკრატიული სისტემა შექმნა და ამ საფარს "შესანიშნავად" იყენებდა გამდიდრებისთვის, ქონების მიტაცებისთვის, საბიუჯეტო სახსრების ყვლეფისა და პირადი ამოცანების უზრუნველყოფისთვის, რასაც სხვადასხვა დროს ეწირებოდა ადამიანთა სიცოცხლეც.

აი, ამ ჯგუფის წარმომადგენელთა ერთი ნაწილის გასამართლების პროცესი მიმდინარეობს ახლა, მეორე ნაწილი კი რომელიც გრძნობს რომ მასაც სამართლიანად ელის იგივე, დადის სხვადასხვა, ძირითადად დიდ მოკავშირე ქვეყნებში და ახდენს ტირაჟირებას ტყუილისა სახელწოდებით "ივანიშვილის ხელისუფლება შერჩევით სამართალს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მოშორების მიზნით ახორციელებს".

რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა პროპაგანდა ტყუილისა და ცრუ განგაშის გამოწვევის მცდელობას საკუთარივე კანონდარღვევების გადაფარვის მიზნით ემსახურება. ამაში დასარწმუნებლად, მინიმუმ საჭიროა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ მოუსმინო. ამისთვის საკმარისია საქართველოს ქალაქების ქუჩებში მოსახლეობას ჰკითხოთ და რაღათქმაუნდა, ამისთვის საკმარისია იმ საქმეებს გაეცნო, რომელიც პასუხისგებაში მიცემული თითოეული პირის საბრალდებო მასალებს წარმოადგენს. მერწმუნეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით სიმართლის გარკვევა შესაძლებელია..!

ჩვენთვის კი, ვინც კარგად ვიცნობთ "ნაციონალური მოძრაობის" ბუნებას, კარგად ვხვდებით რომ ვანო მერაბიშვილი და უკვე ციხეში მყოფები "ნაცმოძრაობას" არაფერში ადარდებს. აი, ვისაც იგივე ელის სწორედ მათი მხრიდან არის ნაწარმოები ეს კამპანია კონგრესმენების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

იმისთვის რომ ჩვენს უპირველეს მოკავშირეს, აშშ-ს და მის კონგრესს ჰქონდეს ადეკვატური და სწორი ინფომაცია, საჭიროა ეფექტური და სწრაფი რეაგირება მომხდარზე. ამიტომ, მგონია რომ სასწრაფოდ უნდა შედგეს სპეციალური ჯგუფი სადაც შევლენ აღმასრულებელი ხელისუფლების ძალოვანი ბლოკის სამინისტროების, პარლამენტის იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტების, პროკურატურის წარმომადგენლები და დაიწყოს შეხვედრები ამერიკის კონგრესის წევრებთან (დაარამხოლოდ) მათ თავს მოხვეული იმ სიცრუის გასაბათილებლად, რომელიც გახდა საფუძველი ზემოთ ნახსენები განცხადებისა.

ძვირფასო კონგრესმენებო, დასასრულს გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმის შესახებ თუ ამ რამდენიმე თვის მანძილზე რისი გაკეთება შეძლო ახალმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროინტეგრაციის კურსი, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ სოციალურად დაცულები და მათ მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მიიღონ მხარდაჭერა.

ძალაში შევიდა იუსტიციის სამინისტროში მომზადებული სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ". ცვლილებები სასამართლო სისტემას აძლევს საშუალებას, შიგნიდან დაგეგმოს რეფორმა, საჭიროების შემთხვევაში, თავად განახორციელოს საკადრო ცვლილებები, შექმნას სამართლიანი სასამართლო. კანონთა პაკეტი ორიენტირებულია რიგით მოსამართლეზე, უჩენს მას კუთვნილ ადგილს სასამართლო სისტემაში, უზრუნველყოფს მის თავისუფლებას პროფესიული საქმიანობის პროცესში, ათავისუფლებს სისტემას სახელისუფლებო გავლენისაგან. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე ჩატარდა მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები პირველად, დემოკრატიული, გამჭვირვალე წესით აირჩიეს.

პრაქტიკულად დასრულებულია მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ; ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ამ დოკუმენტის პარაფირება მოხდება შემოდგომაზე დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე. საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ ცვლილებებს. გაფორმდა შეთანხმება ევროკავშირის 40 მილიონიანი დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. თანხა განსაზღვრულია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის;

ევროკავშირ-საქართველოს შორის შეთანხმდა 2014-2020 წლების პრიორიტეტული მიმართულებები და დაიწყო ამ პრიორიტეტების (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, მართმსაჯულების სექტორის განვითარება და საჯარო სამსახურის მოდერნიზება) ქვეპრიორიტეტების შემუშავების პროცესი;მიმდინარეობს აქტიური მუშაობა NAC-ვიზიტის მოსამზადებლად.

2013 წლის 12 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების ინტერნეტსივრცეში გავრცელების ბრალდებით დააკავა შსს–ს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე. გელა ხვედელიძემ ბრალი აღიარა. პირველად ამ 10 წლის განმავლობაში მოხდა ისე, რომ კანონდარღვევისთვის დააკავეს მაღალი თანამდებობის პირი, რამაც ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობას ახალი ხელისუფლების პირობებში და შექმნა პრეცენდენტი.

შემუშავდა ახალი კანონპროექტი "პოლიციის შესახებ". კანონპროექტის უმთავრეს სიახლეს წარმოადგენს პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ფუნქციების გამიჯვნა. ახალი კანონპროექტი დეტალურად განსაზღვრავს პოლიციის ყველა პრევენციულ ღონისძიებას და მათი განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, რაც პოლიციის პრევენციულ საქმიანობას კონსტიტუციით დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს.

საქართველოს მასშტაბით 37 დროებითი მოთავსების იზოლატორი აღიჭურვა სამეთვალყურეო კამერებით, რათა მოხდეს მათი მონიტორინგი დაკავებულთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ენერგეტიკის სამინისტროს ეფექტურად მუშაობის შედეგად მოსახლეობამ მიიღო საგრძნობი ფასდაკლება ენერგომატარებლების ტარიფზე. 2013-2014 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 ათას ოჯახზე მეტი მიიღებს გაზს.

2 მილიონ ადამიანს, რომელიც არანაირი სადაზღვევო პაკეტით არ იყო უზრუნველყოფილი თებერვლიდან შესაძლებლობა აქვს შეფერხებისა და ყოველგავრი შეზღუდვის გარეშე მიმართოს ოჯახის ექიმს. 1 ივლისიდან ამოქმედდება საბაზისო სადაზღვევო პაკეტი, რომელიც დააფინანსებს მშობიარობას.

2013 წლის 1 აპრილიდან ასაკის პენსიონერთა (194 961 ბენეფიციარი ) პენსია 110 ლარიდან გაიზარდა 125 ლარამდე. (I ჯგუფისინვალიდები) პენსია 100 ლარიდან გაიზრდება 125 ლარამდე. 2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარმდე. შშმ ბავშვთა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე. მარჩენალ დაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე; 2013 წლის 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის (57 ათას ქულამდე მყოფი), ანუ სოციალურად დაუცველი ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი. ხოლო ოჯახის ყოველმომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი. ამუშავდება სამი 24-საათიანი თავშესაფარი, რომელთა მიზანი ბავშვების ქუჩისაგან განრიდება და ნორმალური ცხოვრებისთვის ადაპტირება იქნება.

ახალი სასწავლო წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 მოსწავლე უფასოდ მიიღებს სასკოლო სახელმძღვანელოებს; საქართველოს მასშტაბით 330 საჯარო სკოლის 16000-მდე მოსწავლე სასკოლო ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი. სამინისტრომ პროექტის გასახორციელებლად 2,6 მლნ. ლარი გამოყო; სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტით მასწავლებლის შრომისანაზღაურება 26%-60%-ით, ანუ 60-210 ლარით გაიზარდა; 2013-2014 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსი (4 წელი) სახელმწიფოს მიერ და ფინანსდება; 2013 წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემის ახელმწიფო დაფინანსების (გრანტის) წლიური მოცულობა გაორმაგდა და ყველა ფაკულტეტზე გავრცელდება, გაორმაგდა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების რაოდენობა, ასევე გაორმაგდა "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" პროგრამისბიუჯეტი.

სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარა 707 000-ზე მეტი მცირე მიწიანი ფერმერის ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით. დამუშავდა ორჯერ მეტი ფართობი ვიდრე წინაწლებში, მათ შორის დამუშავდა ისეთი ნაკვეთები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუმუშავებელი იყო. მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის შემუშავადა სხვადასხვა ტიპის შეღავათიანი სესხები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გააქტიურდნენ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობის არეალი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფოთში 7 კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წელს და სრულდება. 7 კორპუსშ 280 დევნილი ოჯახი შესახლდება. მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს.

პროექტის დასრულების შედეგად ასობით იძლებით გადაადგილებული პირისსაცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. დევნილებისთვის მშენებლობები თბილისშიც იგეგმება. ვარკეთილის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარ მიწის ფართობზე დაგეგმილია დევნილებისთვის მაღალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. სავარაუდოდ 5000 ბინა.

ევრო-ატლანტიკური სივრცის სახელმწიფოების ფეხდაფეხ საქართველო აქტიურად იბრძვის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ პროცესებში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების წასახალისებლად და მხარდასაჭერად ხელფასი 300 დოლარით გაიზრდა. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლების 89%-ისთვის ანაზღაურება 25%-ით გაიზარდა. 1 მარტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ყველა თანამშრომელი, რიგითი ჯარისკაცი ერთნაირი სადაზვევო პაკეტით სარგებლობს.

სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით გააქტიურდა თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. შეხვედრები სხვადასხვა თემატურ ჯგუფებთან რეგულარულად იმართება. შექმნილია სამუშაო ჯგუფები მიმართულებით: თავდაცვის ტრანსფორმაციის, ნატოში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ოპერაციების და გამჭვირვალობასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფები. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის და 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში სამინისტრო დაუყოვნებლივ აყენებს საქმის კურსში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის, პროფესიული სამხედრო განათლებისა და წვრთნების ეფექტური განხორციელებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მოსამზადებელი და საწვრთნელი ინფრასტქრუქტურის სათანადო მოწყობას.

ვფიქრობ ეს ზოგადი ინფორმაცია ღრმად პატივცემული და ჩვენი ქვეყნისთვის ძვირფასი სახელმწიფოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთათვის იძლევა კარგ შესაძლებლობას იმის დასანახად, რომ ახალი ხელისუფლება სამართლიანია არა მხოლოდ წინა ხელისუფლების წევრთა გადაცდომების, არამედ საკუთარივე გუნდის წევრთა კანონდარღვევების მიმართაც. რომ სხვა არის ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თანამედროვე საქართველოს შესახებ დასავლეთში საუბრობენ და სხვა, გაცილებით უფრო პროგრესულ, ეფექტიან და თანმიმდევრულ ნაბიჯებს აქვს რეალურად ადგილი საქართველოში, რომლის მიზანი ჩვენი პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოების მხარდაჭერით რეალურად დემოკრატიული ყაიდის ინსტიტუტების და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.