შს მინისტრმა ადამიანთა ლინჩის წესით გასამართლება აარიდა ქვეყანას! - კვირის პალიტრა

შს მინისტრმა ადამიანთა ლინჩის წესით გასამართლება აარიდა ქვეყანას!

როგორც მოსალოდნელი იყო სამეგრელოში აღმოჩენილმა სამალავებმა საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია. ადვილად პროგნოზირებადი იყო რომ ისევე როგორც სხვა აქტუალურ თემებზე, საზოგადოებას ამ საკითხზეც განსხვავებული აზრი და შეხედულებები ექნებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქცენტი კეთდებოდა საკითხის ზედაპირულ, არაარსებით ნაწილზე და არაფაქტის სიღრმისეულ შეფასებაზე.

ანუ საზოგადოების ერთი ნაწილი მიზანმიმართულად უფრო მეტს საუბრობდა შინაგან საქმეთა სამინისტროშ გამართულ დახურულ ჩვენებაზე და ამ ღონისძიების მიზანშეწონილობაზე, ვიდრე იმაზე რომ წინა ხელისუფლების პირობებში არსებული ძალოვანი უწყება გარკვეული ამოცანების უზრუნველსაყოფად სრულიად ჩვეულებრივ გზად მიიჩნევდა ადამიანების სარზე (ბილიარდის კიაზე) გასმას, გაუპატიურებას და სხვა არაადამიანურ, მხეცურ საქციელს.

როგორც ჩანს ყოფილი სახელისუფლებო გუნდი საკუთრივ მოვლენის მიჩქმალვის მცდელობით, ყურადღების სხვაგან გადატანას ლამობდა და გადაწყვიტა რომ არც მეტი და არც ნაკლები შს მინისტრ ღარიბაშვილისთვის დაეკისრებინა რაღაც გაურკვეველი პასუხისმგებლობა.

სხვა საკითხია, რამდენად სერიოზულად ჩანდა ეს მცდელობა გვერდიდან მაყურებლისთვის, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ნაციონალური მოძრაობა ამ სკანდალთან დაკავშირებით ღარიბაშვილის დადანაშაულებას შეეცადა.

ეს მართლაც აბსურდის თეატრია…არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია ჩავთვალოთ რომ ესა თუ ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ცდება ნორმალურობის ფარგლებს, ხდება საშიში და საჭირო ამისი იზოლირება. არსებობს ქცევის ფორმები რაც ადამიანს ასოციალურს ხდის. ასეთად შესაძლებელია მკვლელობის, ძალადობის ან ზოგადად კრიმინალისკენ მიდრეკილი ადამიანი ჩაითვალოს და სხვათაშორის ისეთიც რომელსაც გაუკერპებია რაღაც ერთი და მიაჩნია რომ მისი მსახურება არის ყველაზე მაღალი ვალდებულება და რომ სხვა დანარჩენი არარაა მასთან შედარებით.

წერილის წერისას, სწორედ ამ თემის გამო დიდი ესპანელი მწერალი და მისი ნაწარმოები გამახსენდა. მიგელ დე უნამუნოს მოთხრობაში "სიყვარული და პედაგოგიკა", მთავარი გმირი, მეცნიერებით ავადმყოფურად გატაცებული დონ ავიტო იმდენად მოუნუსხავს საკუთარ კერპს, იმდენად დაუმონებია სურვილს მის ირგვლივ არსებული მას ერთს ამსახუროს და შესწიროს, რომ საკუთარი, ახლად გარდაცვლილი ქალიშვილის ცხედართან მყოფი, კი არ გლოვობს ან ტირის შვილს, არამედ ხმამამღლა აღწერს იმ ბიოლოგიურ პროცესებს რასაც გარდაცვალების მომენტიდან ადამიანის ორგანიზმში აქვს ადგილი. ეს იმდენად მწარე გროტესკული სცენაა, იმდენად საბრალოა დონ ავიტო, რომ მის ირგვლივ იმ მომენტში მყოფი ოჯახის წევრები არა გარდაცვლილზე, არამედ დონ ავიტოზე ტირიან.

რაღა დაგიმალოთ და დონ ავიტოს პერსონაჟის საქციელს უკვე ძალიან დაემსგავსა "ნაციონალური მოძრაობის" ქცევა. მათ საკუთარი პოლიტიკური, უფრო სწორად კი, პარტიული ამოცანები იმდენად გაუკერპებიათ, რომ დამარცხებისა და დაცემის შემდეგ არა საკუთარ შეცდომებზე, არამედ ისეთ მიზეზთა გარემოებრივ ასპექტებზე აქცენტირებით ღლიან მსმენელთა ყურებს, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ თავად გარემოებასთან. ამით ისინი უბრალოდ შეცდომების აღიარების ვალდებულებისგან ცდილობენ გათავისუფლებას. მერე მათი ეს მცდელობა უტიფრობისა და ურცხვობის სახეს იძენს, დაახლოებით ისეთს ჩაგრულთა და შეურაცხყოფილთა წინაშე, მჩაგვრელები, რომ მზრუნველის მანტიის მორგებას ცდილობენ.

შესაბამისად მათი ქცევა სრულიად ასოციალური და არანორმალური გახდა. სწორედ ამის შედეგია შს მინისტრის კრიტიკაც, რომელიც სრულიად გაუგებარია. არადა, ძალიან ჩვეულებრივი რამ მოხდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და ამავდროულად იმავე საზოგადოებისთვის მავნებელი ვიდეო-მასალა მინისტრმ ღარიბაშვილმა აჩვენა ქვეყნის ჟურნალისტურ ელიტას იმისთვის რომ შეძლებისდაგვარად დამცხრალიყო ვნებები რომელიც სრულიად ბუნებრივად ახლავს ამ ვიდეოს ჩვენების სურვილს.

ხსენებული ვიდეოს ვიწრო, პროფესიული წრეებისთვის ჩვენება და ფართო გაგებით საზოგადოებისთვის არ გასაჯაროვება კი ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დანდობას ლინჩის წესით გასამართლებისაგან, "ლატრუფეს" ინციდენტის უფრო მასშტაბური ვერსიისგან თავის არიდებას. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ქვეყნის წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი (შსს-ს მინისტრი) აბსოლუტურად სწორად და სახელწმიფოებრივად მოიქცა.