კრწანისი - საქართველოსთვისაც მძიმე 11 სექტემბერი - კვირის პალიტრა

კრწანისი - საქართველოსთვისაც მძიმე 11 სექტემბერი

ამოხსნილი თუ ამოუხსნელი მიზეზები, გეოპოლიტიკისა თუ ხელმძღვანელი პირების როლი, კონიუქტურა და კიდევ ათასი ფაქტორი შეიძლება დასახელდეს იმ მოვლენების გამომწვევად რომელმაც საბოლოო ჯამში მძიმე დარტყმა მიაყენა სხვადასხვა პერიოდის ქართულ სახელმწიფოს.

მე-18 საუკუნის საქართველოს კი სრულიად განსაკუთრებულ პერიოდში უწევს ცხოვრება, როცა იცვლება მსოფლიო, მისი დღის წესრიგი, სახელმწიფოთა ამოცანები და ინსტრუმენტები ამ ამოცანების უზრუნველსაყოფად. კულმინაციას აღწევს ამერიკული და ფრანგული რევოლუციები, ევროპა სწრაფად ავითარებს სიჩქარეს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, განხორციელდა ბევრი რეფორმა, სახეზეა სამრეწველო რევოლუცია.

სწორედ ამ საუკუნის მიწურულს, კერძოდ 1795 წელს, საქართველოს დედაქალაქთან ახლოს, კრწანისის ველზე იმართება ბრძოლა ქართულ სამეფოსა და ზემოთ ნახსენებ, განვითარებულ ევროპას ჩამორჩენილ სპარსთა ლაშქარს შორის.

აქაც გეოპოლიტიკა, აქაც ორიენტაცია და არჩევანი თამაშობს კატალიზატორის ფუნქციას და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სპარსული ულტიმატუმი მზად არის - აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II-ს ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა.

ამის შემდეგ სიტუაცია ბუნებრივად, ლოგიკურად ვითარდება. ერეკლე II არ იღებს მაჰმათ ხანის ულტიმატუმს, უარს არ ამბობს მის მიერვე არჩეულ კურსზე და შესაბამისად ომი გარდაუვალია. ბრძოლა უთანასწორო და რთული აღმოჩნდა, იმდენად რომ 75 წლის მოხუცი მონარქი საკუთარ შვილიშვილთან, სოლომონთან ერთად ერთვება მასში და შედეგსაც იღებს, იმ საღამოს ქართველებმა მტერი უკუაქციეს. მეორე დღეს, 11 სექტემბერს ბრძოლა დასრულდა...

ბრძოლის შედეგის მიზეზებად ბევრი რამ შეიძლება დასახელდეს: თავადთა მიერ ჯარის დამალვა, ღალატი "შინაურების" (სპარსთა ჯაშუშების, არარატიანცის და ბებუთოვის) და რუსთა გულგრილობა. მაგრამ, უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს დღე რომელიც არანაკლებ (თუ მეტად არა) ტრაგიკულია ჩვენი ერისთვის, ისევე როგორც ტრაგიკულია 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების შედეგად ამერიკელ ხალხზე თავს დამტყდარი ტრაგედია, რომელსაც ვუსამძიმრებ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მოქალაქეებს.

საინტერესოა რა იქნებოდა თავიდან რომ ღალატი აგვეცილებინა და ბრძოლა მოგვეგო?! წინ არანაკლებ დიდი გამოწვევა გველოდა მე-19 საუკუნის სახით. ეს იყო აღმოჩენების და გამოგონებების, ურბანიზაციის და რკინიგზის შენების, ნაპოლეონის და ბისმარკის, რუსული იმპერიის არნახული გაძლიერების, რუსეთ-თურქეთის მეორე ომის, ვენის კონგრესის და მონათმფლობელობის აკრძალვის ეპოქა.

მიწიერთაგან არავინ იცის ტიტანთა ამ ბრძოლაში რა პოზიციას დაიჭერდა საქართველო, რა როლი თუ ადგილი ექნებოდა პატარა სახელმწიფოს კიდევ უფრო პატარა სამეფო-სამთავროებად დანაწევრებულ მიწა-წყალს.

ასეა თუ ისე, კრწანისის გმირებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო ფეხზე დამდგარი შეხვედროდა ახალ ეპოქას, ახალ საუკუნეს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არ დაივიწყებს მათ ხსოვნას და მათ გმირობას…

რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება ითქვას საკუთრივ 1795 წლის 11 სექტემბრის მოვლენებზე, მათ შორის გმირულ ეპიზოდებზე, დიდი ადამიანების, ვახტანგ ბატონიშვილის, არაგველების, რომელთაც შაჰის თვალწინ დახიეს სპარსული დროშები, ერეკლეს ერთგული 200 მუსულმანის, არტილერისტ გურამიშვილზე, იოანე ბატონიშვილსა და მის 150 მხედარზე და სხვათა დიდ ღვაწლზე.

და სწორედ ეს არის აქ, ამ შემთხვევაში მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია ხსოვნა 1795 წლის 11 სექტემბრის განვითარებული მოვლენებისა, მოვლენის რომელიც არც თუ ისე კარგად გვახსოვს და რომლის მონაწილეთა მიმართ პატივის მიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი და საპატიო ვალდებულებაა.