ბაბუშერას ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა - კვირის პალიტრა

ბაბუშერას ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა

დღეს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა ძალებმა, ჩამოაგდეს ქართველებით სავსე თვითმფრინავი, რომელშიც ბევრი იყო ქალი და ბავშვი... ომის საშინელებისგან თავის დაღწევის მსურველები, ისევ ომის საშინელებაში დააბრუნა მტრის სისხლმოწყურებულმა ტყვიამ. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მძიმე და დრამატული ფაქტი და დღემდე რჩება ასეთად. თვითმფრინავის ჩამოგდებას ბევრი შეეწირა, მათ შორის ჩვენი ოჯახის ახლობელი, შესანიშნავი ვაჟკაცი, ერეკლე დანელია. თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ის გადარჩა და ქალების და ბავშვების ხომალდიდან გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ ისიც გავარვარებულ რკინაში ჩაიფერფლა... დღეს, თბილისის საკრებულოს წევრებმა, სწორედ ერეკლეს და იმ ადამიანების ხსოვნას მივაგეთ პატივი, ვინც 20 წლის წინ გარდაიცვალა. იმედი მაქვს, მათი გაღებული მსხვერპლი იქნება ერთ-ერთი საფუძველი მშვიდობიანი საქართველოს არსებობისთვის, რომელსაც თავისი მოქალაქეების შესაძლებლობლები სისხლის დასაღვრელად არ დასჭირდება და განვითარებისთვის, წინსვლისთვის გამოადგება.