გუშინდელი დებატები ანუ ისევ სააკაშვილისეული "ნაციონალური მოძრაობა" - კვირის პალიტრა

გუშინდელი დებატები ანუ ისევ სააკაშვილისეული "ნაციონალური მოძრაობა"

ფრედერიკ ბეგბედერი თავის "ფრანგულ რომანში" წერს: "როცა ადამიანები თვალს ხუჭავენ არადამიანურობაზე, მაშინ დამნაშავეები საერთოდ არ არსებობენ".

ზოგადად, დანაშაულის და დამნაშავეთა მიმართ თვალის დახუჭვა, არ შემჩნევა, გულგრილობა და ინდიფერენტულობა, უპირობო წინაპირობაა ახალი დამნაშავეების გაჩენისა.

დღეს საქართველოში გვაქვს რეჟიმის შემდგომი პერიოდი, სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი ელოდება სასამართლო განაჩენს, ხოლო მეორე ნაწილს, გასაგები მიზეზების გამო, ეს არ აკმაყოფილებს და აქტიურად ითხოვს დაახლოებით ისეთივე სამსჯავროს გამართვას, როგორიც დიქტატორული რეჟიმების დამხობის შემდეგ გამართულა ამა თუ იმ სახელმწიფოში. ანუ, უფრო ლაკონურად რომ ვთქვათ, ხალხი სამართლის აღსრულებას ელოდება.

ეს ბუნებრივია, რადგან დღეს ქვეყანაში არის რეჟიმის პოლიტიკური დანატოვარი საპარლამენტო უმცირესობისა და ცალკეული პოლიტიკოსების სახით და არის ამ პოლიტ-სპექტრის ბატონობისგან ქვეყნის განმათავისუფლებელი აწ უკვე სახელისუფლებო ძალა.

ამ ფონზე, ამ ორ ძალას შორის ნებისმიერი შეხვედრა ბუნებრივად იღებს მწვავე დაპირისპირების სახეს და არც დღევანდელი საპარლამენტო ბატალიები იყო გამონაკლისი.

საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების პარლამენტში წარდგომისას, პლენარული სესიის დარბაზში ბევრი ისეთი ადამიანი იჯდა, რომელიც როგორც მინიმუმ აქტიური, იდეური მხარდამჭერი იყო იმ არადამიანური საქმიანობისა, რომელსაც ადგილი წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა. იმ საქმეთა ჩამონათვალი უკვე ბრალმდებელთა სამუშაო ოთახების მაგიდებზე დევს და ეს სრულიად ბუნებრივად ეხმიანება იმ მოლოდინს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ამ საქმეებზე კი, ფრედერიკ ბეგბედერისა არ იყოს, თვალის დახუჭვას არავინ აპირებს და სწორედ ეს გარემოება იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უმცირესობის ზოგიერთი დეპუტატის საქციელში შეიმჩნეოდა ახალი იმპულსები. მაგალითად ეს იმპულსები იგრძნობოდა ბარამიძის სრულიად არანორმალურ საქციელში, რომლის მიზანი ალბათ ის არის, რომ თუ მის მიმართ ზემოთ ნახსენებ რომელიმე ბრალმდებელს შეკითხვა გაუჩნდება (და მის მიმართ ერთ-ერთ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს შეკითხვები) ეს ღარიბაშვილთან "შეუპოვარ" კამათს დააბრალოს.

ისე კი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში და მის გარეთ ისევ ისეთები არიან, აგრესიული, სარკაზმული, არაეთიკური, ბოლშევიკური, ფსევდო-დემოკრატიული და სააკაშვილისეული.

მათ კი ვინც ღარიბაშვილის სიხისტეზე საუბრობს (არადა, სრულიად უსაფუძვლოდ), წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია იმ მთავრობის ყოფილ წევრებთან დებატებში რომ ყოფილიყავით, რომელთა საქმიანობის, ავაზაკობის, სიბილწის, მხეცობის შესახებ უამრავი ვიდეო-მასალა გქონდეთ ნანახი და კიდევ უფრო მეტ დადასტურებულ ინფორმაციას ფლობდეთ ამის შესახებ.

გამოცდილებიდან გეუბნებით, მშვიდი და უემოციო დებატები დამნაშავეებთან, არ არის იოლი, მით უმეტეს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც როგორც ზემოთ დავწერე, მინიმუმ მხარდამჭერები იყვნენ ნულოვანი ტლერანტობის იდეის, დიდი ნაწილი კი ოფლსა და ენერგიას არ ზოგავდა იმისთვის, რომ ჩეკისტური შემართებით ენგრია საზოგადოებისთვის ყველაფერი წმინდა.

ამ ფონზე მათგან ფარისევლურ წიაღსვლების მოსმენა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, მორიგი დანაშაულია, რომლის მიმართაც სასჯელის შესახებ ვერდიქტი, უკვე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს.