ტრანსპორტში რადიოს ამკრძალავი პარტია კომუნიზმის დაბრუნების საშიშროებაზე საუბრობს - კვირის პალიტრა

ტრანსპორტში რადიოს ამკრძალავი პარტია კომუნიზმის დაბრუნების საშიშროებაზე საუბრობს

პროპაგანდისტური საქმიანობა ალბათ ისეთივე ძველია, როგორც ის უძველესი პროფესიები, რომელზე საუბრით ალბათ არასდროს დაიღლება, არასდროს მოწყინდება კაცობრიობას.

სხვა საქმეა ხარისხი და შემოქედებითობა ანუ რამდენად მაღალი სტანდარტით აკეთებ მათ შორის პროპაგანდისტულ საქმეს.

მართალია, ყოფილი ხელისუფლების მიმართ არსებობს ერთგვარი სტერეოტიპი, რომ "პიარში მაგრები არიან" მაგრამ სხვა რამდენიმე მაგალითთან ერთად, ძველი თბილისის ყოფილი გამგებლის ფურცხვანიძის განცხადებამ ბზარი გაუჩინა იმ ზემოთ ნახსენებ სტერეოტიპს. კერძოდ, ბატონი ფურცხვანიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კომუნიზმის დაბრუნებაა მოსალოდნელი.

ვერ იყო "ნაციონალური მოძრაობისთვს" სახარბიელო განცხადება, არა იმიტომ, რომ მძიმე ბრალდება არ არის, არამედ იმის გამო, რომ კომუნიზმის დაბრუნებაზე ხალხს მხოლოდ ბატონი ფურცხვანიძის ყოფილი გუნდი გაახსენდება და შესაბამისად იმ არგუმენტს უკურეაქციის ძალა თუ ექნებოდა მხოლოდ.

ჰოდა, სწორედ ამის დასტურად, იმ ხსენებული განცხადების შემდეგ, მე (და კიდევ ალბათ ბევრს) გამახსენდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, იმ დროინდელი მმართველი პარტიის მიღებული გადაწყვეტილება სამარშრუტო ტაქსებში რადიოს, კერძოდ რადიო "მაესტროს" აკრძალვის შესახებ.

თუ ფაქტების გახსენებას მოვყვებით და ტოტალიტარიზმის კრიტერიუმებსაც ჩამოვთვლით, იმ სიაში უეჭველად მოხვდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე სახელმწიფოს ზეწოლის, მისი კონტროლის ან მისი ჩახშობის მცდელობა.

სხვა კრიტერიუმებიც მახსენდება, მაგალითად "ხალხის მტრებზე" სინამდვილეში კი წესიერ, მაგრამ მმართველი პარტიისადმი კეთილგანწყობის არ მქონე ადამიანების და მათი ოჯახების დევნა, მათზე მორალური და ფიზიკური ზეწოლა. აი დაახლოებით ისეთი, წინა ხელისუფლების დროს, ჩაბურულშუშებიანი მანქანა "სამიზნის" სახლის ფანჯრებთან დილიდან საღამომდე რომ იდგა და იმავე მანქანიდან გადმომხტარი ხალხი შუაღამეზე ოჯახებში ჩეკისტური აღტყინებით რომ უვარდებოდნენ "სამიზნეებს". ჰო, კიდევ იმავე კრიტერიუმებიდანაა ასეთი შევარდნისას მოპოვებული მასალის, სადაც შიშველი ცოლ-ქმარია გამოსახული, სატელევიზიო ეთერებში განთავსება და ამით თავმომწონეობა. ამავე კრიტერიუმებიდანაა დოქტრინა "არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა" რომელსაც მათ შორის წინა წლებში შეეწირა საკმაოდ ბევრი ადამიანი.

ამავე არსენალიდანაა არაფორმალური შეიარაღებული ბანდების მმართველ პარტიასთან შეზრდის შედეგად ჩამოყალიბებული ე.წ. ზონდერების საქმიანობა, რომელმაც ასევე დაასვა ავტორიტარული დაღი წინა ხელისუფლებას.

7 ნოემბერთან და 26 მაისთან ერთად არასდროს დამავიწყდება სწორედ 2007 წელს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი, როცა თავს ათობით გავეშებული ადგილობრივი დაგვესხა და იქ განვითარებული მოვლენები, ჰოსპიტალში მოთავსებული კობა დავითაშვილი და ნაცემი ქალბატონები ბევრს ახსოვს.

ამ სიის უსასრულოდ თუ არა, საკმაოდ გაგრძლებაა შესაძლებელი, მაგრამ შევაჯამებ იმით, რაც ამ დღეების განმავლობაში სხვა შემთხვევებთან ერთად, ყველაზე მეტად მოხვდა ყურს და ალბათ ბევრი ჩემსავით გააბრაზა კიდეც.

კერძოდ დაუსრულებელ ბრალდებებს, რომ დევნიან, ავიწროვებენ და სხვა. ისე, ზემოთ ნ ახსენები კრიტერუმებიდან რომელიმეს რომ ჰქონოდა ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ, ალბათ ხვდებით რა გნიასს მოაწყობდნენ?! არადა, ზეწოლა და წნეხი ის იყო სწორედ.

ახლა კი, იმ ადამიანებს რომელთაც რეკეტი სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანეს, როდესაც საგამოძიებო ორგანო, წესის დაცვით იბარებს კითხვების დასასმელად, ამას ზეწოლად აღიქვამენ.

ასეა, როცა ყოფილი მმართველი პარტია ძალაუფლებით იყო მთვრალი, მისთვის სხვა რეალობა არსებობდა, ხოლო ახლა როცა გამოფხიზლება მოუწია, მისთვის აღქმის სხვა პოზიცია გაჩნდა.

ეს ალბათ არაფერია იმ დაუსრულებელ თავის მართლებასთან, რასაც ადგილი აქვს იმავე ადამიანების მხრიდან. ასე მაგალითად, გიგი უგულავას არც ის ახსოვს ვის და რის გამო გადასცა მუნიციპალური ქონება, არც ის რომ მისი გადაწყვეტილებებით თბილისელების კერძო საკუთრების უფლება (თაბუკაშვილის, ცაბაძის, მარჟანიშვილის ქუჩები) შეილახა, არც ის რომ თანხები იფლანგებოდა.

არადა, სწორედ დღეს ჩემს მიერვე გამოქვეყნებული მასალებით ირკვევა, რომ მხოლოდ გიგი უგულავამ და მხოლოდ 4 თვეში, 2012 წლის სექტემბერში, 2012 წლის დეკემბერში, 2013 წლის აპრილში, 2013 წლის მარტში, მხოლოდ მობილური კავშირით მომსახურებაზე ჯამში 98 482 ლარი დახარჯა. აქვე, ვეკითხები სხვის მორალზე მოსაუბრე ყოფილ მერს და ყოფილ მმართველ პარტიას. მაშინ როცა საკრებულოს წევრებმა ვერ მივაღწიეთ იმას რომ უსახლკაროთათვის მერიას აეშენებინა სახლები, რამდენად მორალურია მხოლოდ სატელეფონო საუბრებისთვის, მხოლოდ 4 თვეში 100 000 ლარის ბიუჯეტიდან დახარჯვა?!

მაგრამ, საინტერესო ის არის რომ ისინი დიდი ჩაქუჩით მიმდგარნი თავად ანგრევენ იმ სტერეოტიპსაც, რომ "პიარში მაგრები არიან" და იმიჯსაც (თუკი რაიმე აქვთ მისგან შემორჩენილი), რადგან მთელი ამ აგრესიული კამპანიით ისინი სრულიად მკაფიოდ ეუბნებიან მოსახლეობას რომ დღესვე რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში (ნუ იყოფინ!) ზუსტად იგივე შეცდომებს დაუშვებენ. ასეთია ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების თუ მათი ნარჩენების ეპილოგი, ყოველთვის და მუდამ.