თვითმმართველობა და საკანონმდებლო მუშაობის უწყვეტობა - კვირის პალიტრა

თვითმმართველობა და საკანონმდებლო მუშაობის უწყვეტობა

თვითმმართველობა, აი ეს არის საკითხი რომლის თაობაზეც გვმართებს ბევრი ვიმუშავოთ

რადგან თვითმმართველობა როგორც სახელისუფლებო გადაწყვეტილებების აღსრულების ინსტიტუციური ინსტრუმენტი კი არ არის მხოლოდ, არამედ შესაძლებლობა ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ მეტი სასიკეთო როლის მქონენი საკუთარი ქალაქის, დაბის, სოფლის, დასახლების ცხოვრებაში.

ეს არის სისტემა, რომლის ინტენსიური და ეფექტიანი მუშაობა არის წინაპირობა ზოგადად სახელმწიფო სისტემის კარგი მუშაობის.

თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამუშავებამ, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოების აქტიურმა მუშაობამ მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და ინტერაქცია მოიტანა შედეგად. თუმცა რამდენადაც ეს არის ყველაზე პირველი საფეხური სახელისუფლებო იერარქიის და იმისთვის რომ ამ სისტემამ იმუშაოს იმგვარად რომ ყოველდღიურ გამოწვევებს უპასუხოს, საჭიროა განუწყვეტელი საკანონმდებლო მუშაობა და მართებული თეორიული ხედვის პრაქტიკაში იმპლემენტაციის, როგორც აუცილებელი სამუშაო პროცესის უწყვეტობა.

თვითმმართველობის განვითარება გულისხმობს იმასაც რომ მოქალაქე თანმიმდევრულად იტყვის უარს მანკიერ ჩვევებზე რომელიც საბჭოური მმართველობიდან ძალიან მყარად შემორჩა მენტალობას, რომელიც დღემდე ცოცხლობს შემდეგ ფორმულაში - "ყველაფერი სახელმწიფომ უნდა მომიგვაროს". არადა, ასეთი ფორმულა არის პირველ რიგში სტაგნაციის, უძრაობის მსუყე ნიადაგი. პროცესებისგან დისტანცირებული მოქალაქეებისგან შემდგარი სახელმწიფო კი ვერაფერს ვერ შექმნის საკუთრივ მოქალაქეებისთვის, რადგან სახელმწიფო არსებობს მოქალაქეებით, მოქალაქეებისგან და მოქალაქეებისთვის.

მეტიც, მთავრობა და მმართველობა საყოველთაო ღირებულებებით სისტემასთან, მაგალითად ქველმოქმედების და კაცთმოყვარეობის ქრისტიანულ ფასეულობებთან ერთად უნდა ეფუძნებოდეს თვითმმართველობის პრინციპებს, მოქალაქის მიერ სახელმწიფოს და საკუთარი ოჯახის, საკუთარი თავის სასარგებლოდ, საერთო და ინდივიდუალური სიკეთის კეთების ფართო შესაძლებლობის პრინციპებს.

ასეთ შემთხვევაში ადამიანი არის თავისუფალი თავის არჩევანში და ამავდროულად იქვე და ამისგან განუყოფლად ადამიანი არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზეც. რადგან თავისუფალ ადამიანს აქვს კომფორტი თავისი ხედვების თავისუფლად რეალიზაციის და ის პასუხიმგებელიც ხდება რომ ეს მოსაზრებები და კონცეფციები სიკეთის მომტანი იქნება ადამიანთა ერთობისათვის და ცალკე აღებული ერთი მოქალაქისთვის.

ხოლო იქ სადაც თავისუფლება შეზღუდულია, სადაც ადამიანები არ არიან თანაშემოქმედნი საყოველთაო პროცესების, მოქალაქის პერსონალური პასუხისმგებლობაც ნულის ტოლია ანუ მოქალაქე გადის სახელმწიფოს სივრციდან როგორც საერთო სიკეთეში წვლილის შემტანი და ხდება მარგინალი, გარიყული, მეორეხარისხოვანი. დღევანდელი სისტემით ეს გამორიცხულია, პირიქით, დღეს მოქალაქე როგორც არასდროს, ყველაზე უფრო აქტიურად არის ჩართული როგორც მომხმარებელი თვითმმართველობების საქმიანობაში. რადგან მათ თვითმართვაში ჩართვის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საზოგადოებრივი საბჭოების ფორმატში და სხვა.

ადამიანი ამისთვისაც არის შექმნილი. იგი ღვთისგან შეიქმნა როგორც გონიერი და თავისუფალი ქმნილება, რომელსაც აქვს ძალაუფლება დედამიწაზე ცხოვრებისას (და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას და იმთავრეთ ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და ყველა პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე". წიგნი შექმნისა, თავი I).

გავიხსენოთ სიუჟეტი ბიბლიიდან. სამოთხეში ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ღვთის ქმნილებებს, ცხოველებს და მცენარეებს დაარქვას სახელი, მართოს ისინი, მათთან ერთად იცხოვროს რაც ასევე მართვის ნაწილია. ღმერთი ადამიანს ასწავლის მის ირგვლივ არსებულ სამყაროში, რომელიც ადამიანისგან განსხვავაბეული ქმნილებებისგანაც შედგება, როგორ უნდა გახდეს ლიდერი, რადგან ადამიანი ქმნილების გვირგვინია. ღმერთი ადამიანს აძლევს თავისუფლებას და შემოქმედებითობას.

მართალია ეს იყო სამოთხეში, მაგრამ ადამიანი ყველგან ერთიდაიგივე ბუნებისაა, ის მოწოდებულია იყოს შემოქმედებითი, პასუხისმგებლიანი, ინიციატივიანია და რეალიზირებული.

როცა ვსაუბრობთ ეფექტური თვითმმართველობისათვის მუდმივი საკანონმდებლო სამუშაოების საჭიროებაზე, ალბათ მართებული იქნება გამოვყოთ საკითხები რაზეც უნდა მოხდეს ძირითადად ფოკუსირება. ესენია: მეტი შესაძლებლობის გაჩენა ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული და მომავალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. საშუალებები და უნარები სხვადასხვა სერვისების და ინფრასტრუქტურული საჭიროებების დროულად და ეფექტურად უზრუნველსაყოფად. ყოველი თვითმმართველობის მდგრადი ფინანსური რესურსებით და ადგილზე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებით აღჭურვა.

ცხადია, ამ ჩამონათვალს შესაძლებელია კიდევ დავუმატოთ რამდენიმე საკითხი, თუმცა სერვისები, ფინანსური შესაძლებლობები და ადგილზე გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება არის ფუნდამენტი თვითმმართველობის და პირველ რიგში სწორედ ამ საკითხებზე აქცენტირება არის საჭირო საკანონმდებლო საქმიანობის დროსაც.