პოლიტიკოსის ლიტერატურული შესვენება - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსის ლიტერატურული შესვენება

ჩემთვის, ლიტერატურა პოლიტიკის შემდეგ, ალბათ მეორეა იმ საყურადღებო საკითხებს შორის, რომელსაც ოჯახის შემდეგ დროის მნიშვნელოვან ნაწილს ვუთმობ. ამიტომ, გადავწყვიტე დრო და დრო ჩემი მოკრძალებული წარმოდგენები გაგაცნოთ ლიტერატურაზე.

ახლა კი, ისე, როგორც მოსწავლეს სწავლის დაწყების პირველ დღეს, ალბათ მეც მეპატიება, რომ ჩემი პირველი ბლოგი ლიტერატურაზე ზოგადი იყოს და ლიტერატურის სამყაროში მოკლე გასეირნებას ჰგავდეს

ლიტერატურა ბევრს უყვარს, მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, ვისაც ლიტერატურა, ანუ ფიქრი, ანუ მოსმენა, ანუ ძიება, ანუ საინტერესო ამბებთან შეხვედრა უყვარს, ძირითადად კარგი ხალხია. არ დავსვამ შეკითხვას - რა არის ლიტერატურა? მით უმეტეს, ამ სიტყვის კლასიკური გაგება, ჩემი აზრით, სულ უფრო პირობითი ხდება. წერის მანერის, სტილისა და მიზნის მრავალფეროვნების ეპოქაში, ძველი, ხელიხელ საგოგმანები ლიტერატურული განძეულობის გვერდით, ალბათ შანსი უნდა მიეცეს ახალ ლიტერატურულ აღმოჩენებსაც.

მით უმეტეს, სულ უფრო მეტად ფართოვდება წრე იმ ტექსტებისა, რომლებიც ტერმინ ლიტერატურის ქვეშ ცხოვრობენ და ეს წრე თუ სია ალბათ ჟანრობრივად გაიზრდება და გამრავალფეროვანდება.

მიფიქრია, რომ გაცნობის მიზნით გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებებიც ლიტერატურის გარკვეული ჟანრია, უსახელო, საინტერესო და მსუბუქად ეპატაჟური. რა თქმა უნდა, მასზე ასეთი წარმოდგენა არა აქვთ მათ, ვინც იმ განცხადებებს წერს, მით უფრო, მათი ამოცანა ძალიან პრაგმატული და თან ეფემერულია, ამ ჟანრის თითქმის არცერთი მწერალი არ ელის რაიმე ზღაპრულს და საუცხოოს იმ წერილებიდან თუ განცხადებებიდან, რასაც წერენ.

აი, ჩარლზ ბუკოვსკის "მარტოობა" თუ გაქვთ წაკითხული, გეცოდინებათ, რომ ასეთი განცხადებით იწყებს "ბინძური რეალიზმის" ეს გურუ თავის ამ ნაწარმოებს. ედნა ქუჩაში მდგარ მანქანის ფანჯარაზე განცხადებას კითხულობს, რომლიდანაც იგებს, რომ 49 წლის უზრუნველყოფილი მამაკაცი 35-დან 44 წლამდე ქალს დაქორწინების მიზნით გაიცნობს, რომელსაც სასურველია უყვარდეს კინემატოგრაფია და ტელევიზორი, იყოს გურმანი. ეს განცხადება თუ უადრესატო წერილი ედნას ერთხანს დააფიქრებს, მერე კი თავისი ფეხით მიიყვანს იმ მისამართზე მუყაოს განცხადებაზე დაწერილი ნომრის მფლობელი რომ ცხოვრობს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ შეხვედრის შემდეგ არ გაგრძელდება. მიზეზი ძალიან ბანალურია...

ლიტერეტურა საინტერესოა მისი შემქმნელების გამო. ხასიათის ნაირგვარობით გამორჩეულებს შემოქმედებაც მათივე ხასიათივით მრავალფეროვანი გამოსდით: ღრმა ან მოსაწყენი; შემეცნებითი ან ზედაპირული; ნაფიქრი ან გულგრილი... კარგ წიგნებს იმდენად ეთვისებიან მკითხველები, რომ მათთვის მწერლის ხასიათი, მორალი და ყოველდღიურობაც მნიშვნელოვანი ხდება. მაგალითად, ბუკოვსკის მკითხველებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა: ვინ არის ბუკოვსკი? - მართლა ბინძური და ზედმეტად მყრალი თუ არის მასში რაღაც ესთეტიკურიც, ასე რომ ეძებს მკითხველი მწერალში. კი, რა თქმა უნდა, არის და უცებ როცა არ ელი საოცრად სენტიმენტალურიც კია, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ ნაკლებად მომწონს ამბის ფატალურად დასრულების მოყვარული მწერლების შემოქმედება.

არა, ცხადია არაპროგნოზირებადი, ნაკლებად განსაჭვრეტი ნაწარმოები გაცილებით სასიამოვნოა, მაგრამ არ მომწონს, როცა გმირი, ვთქვათ, სუიციდის მსხვერპლი ხდება. კი, არის ასეთი შეგრძნებები, როცა მწერალს არ ეთანხმები, არ მოგწონს მისი გადაწყვეტილება, მაგრამ წიგნს მაინც ბოლომდე კითხულობ. ცუდია როცა ანა კარენინა და ან კიდევ, კასი თავს იკლავენ, ეს ძალიან ცუდია, როცა ასე უბრალოდ თუნდაც ფურცლებში კარგავ მას, ვინც მოგწონდა, გართობდა, გახალისებდა და ეს გწყინს. ეს სუბიექტური განწყობაა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შედგე როგორც მკითხველი.

მწერალზე, რა თქმა უნდა, მისი შემოქმედებით უნდა ვიმსჯელოთ, თუმცა ასე ერთბაშად მისი პროფილის გამოკვეთა არ არის მარტივი საქმე. ალაგ-ალაგ და ყოველთვის, მაგალითად, იგივე ბუკოვსკის თავის ფურცლების სცენაზე გამოჰყავს ადამიანები, რომელთაც სიკეთესა და მზრუნველ ბუნებას უქებს და ვხედავთ ქვენა გრძნობებით შემკობილი გმირით აღფრთოვანებასაც. სხვა არის ვთქვათ ჯეიმს ჯოსისის სტილი, ერთ აბზაცში რომ შეუძლია, თავს დაახვავოს მკითველს წარსულის, აწმყოს და მომავლის ფანტელებად გადმოყრილი ამბები. ცოტატით შეგაცოდებს, მაგალითად ეველინას, და სწრაფად მოგიყვება რას ფიქრობს გმირი, რას ფიქრობენ სხვები გმირზე, ქალაქები, სოფლები, სახელები, გვარები, შეგრძნებები და უგრძნობი ნატურა...

და მაინც, რას ველით ლიტერატურისგან? ბევრ რამეს, შემოქმედის განდიდებას, სიცოცხლის, სიკეთის, სიყვარულის, სინათლის ქებას, მრავალშრიანი, მიმზიდველი ამბის თანდათანობით, ფრთხილად გახსნის და გაშლის ხელოვნებას, ძუნწად, თუმცა სათანადო სისრულით გამოთქმულ სათქმელს, სასიამოვნო, მზით სავსე სიტყვებს, ჰარმონიას და ატონალობას, თავდავიწყებას და ინდეფერენტულობას, სიამაყეს და საკუთარ თავზე ამაღლებულ დიდ პერსონაჟებს. ველით და მზად ვართ მოვუსმინოთ მწერლებს, რისი თქმა სურს ვთქვათ ერიკ ემანულ შმიტს ანას და ფროიდის დიალოგით, რისკენ მიგვანიშნებენ მურაკამის ძიუნპეი, უელბეკის მიერ დახასიათებული აგრარიკოსი სოციალისტის კარიკატურა, მარკესის სანტიაგო ნასარი, შირინ ებადის სიმინი, ჰოსეინი, ჯავადი, ალი და აბასი, ჰერმან ჰესეს ჰა ფოოკი და ა.შ. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ფიქრებიდან სიტყვებისკენ წასულმა მწერალმა, მკითხველი უკან, სიტყვებიდან ფიქრებისკენ გაიტაცოს ლიტერატურის ღრმა და საოცარ სამყაროში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს