არჩევანი, მორალური სიშიშვლე და ინტელექტუალები - კვირის პალიტრა

არჩევანი, მორალური სიშიშვლე და ინტელექტუალები

ამას წინათ, პირველი ირანელი ნობელიანტი ქალის, შირინ ებადის "ოქროს გალია" წავიკითხე, რომლიც ქართულად ძალიან კარგად და საინტერესოდ თარგმნა სალომე ბენიძემ.

ვითარება მე-20 საუკუნის ირანში ვითარდება და თხრობა ერთი ოჯახის გარშემო იმგვარად მიმდინარეობს, რომ მწერალი მთელი ქვეყნის ამბებს ჰყვება. სიმინი, ჰოსეინი, ჯავადი, ალი, აბასი და ფარი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან, რომელთა სახლი უამრავი ადამიანისთვის დროის სასიამოვნოდ და მყუდრო გარემოში გატარებისთვის საუკეთესო ადგილია. ოჯახი მეგობრულია, მის წევრებს უყვართ ერთმანეთი, თუმცა ეს დამოკიდებულება ეტაპობრივად ზიზღით იცვლება და ეს ირანში იმ დროს არსებული სოციალური და პოლიტიკური ფონის პირდაპირი გავლენით ხდება.

სიძულვილით, რომლითაც ერთმანეთის მიმართ განიმსჭვალება სამი ძმა - ჯავადი, აბასი და ალი, რომელთაგან ერთი შაჰის, მეორე კომუნისტური იდეების და მესამე რევოლუციური ქაოსის იდეური ნაწილი და შემსრულებელი ხდება - გაჯერებულია ჰაერი და სწორედ იმ ოჯახის მსგავსად დაყოფილია საზოგადოებაც.

ოჯახის მიმართ ერთგული მხოლოდ ნაადრევად გარდაცვლილი მამა (ის ვერ მოესწრო ქვეყანაში და მის ოჯახში განვითარებულ ფატალურ მოვლენებს) და ქალები რჩებიან. სიმინი და ფარი, რომლებიც მიუხედავად მათი გარემომცველი ზედმეტად აუტანელი ყოფისა, ბოლომდე ინარჩუნებენ ოჯახის მიმართ იდეალისტურ დამოკიდებულებას, იმედს, რომ ოჯახის დამნაწევრებელი, გულგრილობისგან აღმართული ცივი და პირქუში ბარიერები, ერთ მშვენიერ დღეს მოირღვევა. მაგრამ ამაოდ, რადგან მათი ოჯახის მსგავსად, როგორც უკვე ვთქვით, დანაწევრებული და დაქსაქსულია ქვეყანაც და იქ გამეფებული ე.წ. კონიუქტურა ხელს უშლის სისხლით ნათესავებს შორის არსებული უფსკრულის დაძლევას. თავსმოხვეულმა და გაკერპებულმა პრინციპებმა დიდი მიწაყრილი მოაწყო საზოგადოების თავზე და ქვეშ მოიყოლა უამრავი ადამიანი.

ამ წიგნით შირინ ებადიმ აჩვენა თუ რა ტრივიალური და თან უნიკალურია ადამიანი, როგორი ადამიანურია ის ყველგან, მთელი თავისი შეძენილი და თანდაყოლილი თვისებებით. აჩვენა თავისუფლების მომცელავი ტოტალურობის არაორაზროვანი, მუდმივად იგივეობრივი სახე - იმის მიუხედავად, სადაც უნდა ისხამდეს ის ხორცს, რომელ კონტინენტსა თუ კულტურაში, ყველგან რომ ერთნაირია.

ამ წერილში სწორედ თავისუფლებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს მსურს შევეხო.

ადამიანის თავისუფლებისგან გათავისუფლება, მისი ამ სასიცოცხლო კანისგან გაფცქვნა - ეს არის ტოტალიტარიზმის საპროგრამო კონცეპტი. მართვის ამ ძალადობრივი ფორმის კონცეპტუალური წონასწორობა ეყრდნობა დამცირებული ადამიანის არსებობას, რომელიც ამავდროულად საშიშიცაა მისთვის, თუმცა მიდის ვაბანკზე და სწორედ ამიტომ, რეჟიმი იწყებს ადამიანში პიროვნების ჩაკვლის პროცესს, მის გაშიშვლებას, რომ დააკნინოს მისი პიროვნულობა. ისევე როგორც საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ხალხი, რომლებიც ფიზიკური გაშიშვლებით განიცდიდნენ საკუთარი პიროვნების დაკარგვას, მისგან გაუცხოებას.

ამასთანვე, ტოტალიტარიზმი პიროვნულობასთან ერთად, პირველ რიგში ემტერება მოაზროვნეებს, თავისუფალ ადამიანებს, რადგან საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს თავისუფლად და ხშირად თავისუფლებისთვის მოიხმარენ.

ასეთი მაგალითი უამრავია, მათ შორის ქართულ სინამდვილეში და ერთ-ერთი გამოჩეული მიხეილ ჯავახიშვილის შემთხვევა. იმ დროინდელი მმართველობა კარგად ხედავდა ჯავახიშვილის ძალას, მის ინტელექტუალურ პოტენციალს, წინააღმდეგობრივ, დისიდენტურ, ანტისისტემურ პათოსს, რაც საშიში იყო მათთვის. ამიტომ თავდაპირველად მისი "შეცვლა" რბილი ძალის, დაყვავების, "კეთილი რჩევების" გზით სცადეს. ცნობილია ბერიას ცოლის საუბარი მიხეილ ჯავახიშვილის მეუღლესთან, როცა ქვეყნის იმდროინდელი მმართველის ქალბატონი, ჯავახიშვილებს ოჯახურ ვახშამზე "მეგობრულად" მიიპატიჟებს - "მე მას ვერ ვუკმევ" - ასეთი იყო მიხეილ ჯავახიშვილის პასუხი, რომელსაც ამაზე თავის მხრივ პასუხი ჰქონდა წითლებისგანაც... მწერალი დახვრიტეს და გარკვეული დროით ძალაუფლებამ იმარჯვა თავისუფლებაზე. ეს ადვილად განჭვრეტადი იყო თავად ჯავახიშვილისთვისაც, თუმცა, როგორც ვხედავთ, პირქუშ ძალასთან თავისუფლების იდეის უკომპრომისობაში მდგომარეობდა დიდი მწერლის იდეალიც.

რა თქმა უნდა, თავისუფლება არა მორალური, არამედ სასიცოცხლო არჩევანია და მასთან მიმართებით მორალი, როგორც ეგზისტენციალური კატეგორია ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი იწყებს თავისუფლებით ინტელექტუალურ ვაჭრობას, როცა ჩნდება შეკითხვა - თავისუფლება არის იდეალი თუ ხანდახან საჭირო ატრიბუტი, რომელიც დრო და დრო, როგორც მდიდრულ წვეულებებზე, უნდა ასრულებდეს ძვირფასი სამკაულის თვისებას?

თავისთავად ეს პროცესი ინტელექტუალობისა და აკადემიურობისაგან ძალიან შორსაა, თუმცა მისი იმანენტური შინაარსი იმდენად პირობითი და არამატერიალურია, იმდენად უფრო მეტად აბსტრაქტულია ვიდრე კონკრეტული, რომ ნამდვილად არის ინტელექტუალური, გნებავთ მორალური ან გნებავთ ფასეულობითი დავა საკუთარ ცნობიერთან და საკუთარ თავთან.

თავისუფლების უქონლობა ან ნაკლებად ქონა თავს ავლენს ქცევის ხასიათსა და არჩევანში, რომელიც განაპირობებს ქმედებას მარჯვნივ ან მარცხნივ - ბრუტალური სიშიშვლისკენ ან ქედმაღლური ცივილიზაციურობისკენ, ეს ორივე უკიდირესობაა.

თავისუფლების ფასი განსხვავებულია და მას ყოველთვის მისი მფლობელი იხდის, მნიშვნელობა არა აქვს პირველმფლობელია თუ შემძენი. ეს ერთგვარი საწევროა არსებობისთვის, გარკვეული გაგებით, პროაქტიური შენატანი, დაუბრუნებელი დეპოზიტი და მას ციკლურობა ან მუდმივობა ახასიათებს, ეს ერთგვარი გამართლებაა ამ ღირებულების ფლობისა, რომლისთვისაც როგორც პრივილეგიისთვის, ვალდებული ხარ გარკვეული რამ გაიღო, რადგან საჭიროა ადამიანის თუ იდეის შინაგანი და ქცევაში გამოხატული თავისუფლება იყოს დადასტურებული რომ ის არსებობს, რომ ის მართლაც მოქმედებს.

თავისუფლებას, როცა ის ძალაუფლების წინაშე აღმოჩნდება, ახასიათებს უცილობელი ეფექტი და რეაქცია. მასში ან თვითგადარჩენის ინსტიქტი იღვიძებს, რაც ვლინდება იმაში, რომ უთმობს საკუთარ თავს ძალის უფლებას, ან კი პირიქით, შეურიგებელი ხდება კონიუქტურული დღის წესრიგის. ამიტომ, შეიძლება ითქვას, თავისუფლების ეგზეგეტიკაც ამბივალენტურია და პირდაპირაა დამოკიდებული მის გაგებაზე, მის გამოყენებაზე.

პირველ შემთხვევაში, მიღებული სუროგატი პარაზიტირებს და იწვევს არამარტო ღირებულებათა ინფლაციას, არამედ თავისი ენერგეტიკული გაგებით, ხდება რეჟიმის არქიტექტორი. მისი ძალა არ იკარგება მაგრამ ტრანსფორმირდება საშიში იმპულსების სინდიკატად.

ხდება უტყვი და რობოტივით უსიცოცხლოდ ფუნქციური, აღავსებს იდეას ენერგიით, თუმცა რამდენადაც იდეა დემორალიზებულია, ის მხოლოდ აძლიერებს მის არასასურველ ვიბრაციებს და ხდება ცნებების დაავადება, იდეების აღრევა და მისი მარგინალიზირება, თუმცა სისტემისთვის ის კვლავ დადებით მოვლენად რჩება, რადგან ასეთი სისტემა ვერ წვდება საღად მოვლენებს, ატროფირებული აქვს გრძნობები და თვითშეფასების და საკუთარი თავის გარედან დანახვის უნარი. შედეგად, იწყებს საკუთარ მწარე წვენში ყვინთვას, მას კი ეს რძის და თაფლის შადრევნებად წარმოუდგენია. ტოტალიტარიზმის ეს საერთო დამახასიათებელი ნიუანსები შესანიშნავი მხატვრული ენით აღწერა მარკესმა "პატრიარქის შემოდგომაში".

ძალაუფლება საშიშია მაშინ, როცა ის იკეტება თავის ეგოში, როცა მოქალაქეებს აიძულებს თავისუფლებისგან განდგომას. თვითკმარი პოზა ახდენს მის პროვოცირებას იყოს რაც შეიძლება უფრო ნაყოფიერი მის ამ არჩევანში. ეს არის მარქსისეული მოდელი - ძალაუფლება უპყრია საკუთარი გამორჩენის ინტერესებით განსაზღვრულ გაბატონებულ კლასს. ხსენებული ფორმა ძალაუფლებისა, ყოველთვის ატარებს ტოტალიტარიზმის ბაცილას.

ეს ბაცილა ძალიან ადვილად გადამდებია რაც თავის მხრივ მასების ქცევაზე ახდენს გავლენას. თუ ერთი მოქალაქე შეტოპავს, მაშინ ის იწყებს ფიქრს და ქმედებას, რომ ასეთი მხოლოდ ის არ იყოს, მარტო არ იყოს და ცდილობს ჩაითრიოს მთელი საზოგადოება. დაახლოებით ისე, როგორც სახელგანთქმული ნორვეგიელი მწერლის "მისტერიებში" ბურგომისტრის და მისი სტუმრების შემთხვევაში, მთვრალები და გაშიშვლებულები რომ დარბიან ოთახიდან ოთახში და თუ ვინმე ბედავს იყოს განსხვავებული, უარი თქვას მათსავით სიშლეგეზე, მას ძალით აშიშვლებენ და რთავენ ძალმომრეობის ბრუტალურ ფერხულში. იმ საზოგადოებრივ მორევში, სადაც ადამიანს ძალიან უჭირს ინდივიდუალობის შენარჩუნება, რადგან ყველაფერი დაღდასმულია ერთფეროვნების სანქციით, აუცილებელი ნაცრისფერით.

რთულია დაეთანხმო რომელიმე იმ მოაზროვნეს, რომელიც ამბობს, რომ ამას სხვადასხვა დროს შეგნებულად ირჩევდა ხალხი. არა! ადამიანი ბუნებრივად ელტვის ღია სივრცეებს, თავისუფლების უპირატესობას, ასეთია მისი იდენტობა. რაც შეეხება სუვერენის ძალმომრეობით ბუნებას, სინამდვილეში, ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში, მარქსისეული გაბატონებული კლასი ამგვარ ძალაუფლებას ხალხის ხარჯზე, მათი თავისუფლების განადგურების ხარჯზე მოიპოვებდა. ხალხის დათრგუნვის და დაშინების გზით განაპირობებდა მათსავე დუმილს და პასიურ თანხმობას და არა ადამიანთა აღფრთოვანებული შეძახილებით გამოხატული თანხმობის შედეგად.

დიახ, პარადოქსალური ეპიზოდები, მსხვერპლის მიერ მოძალადის შეძახილებით გამხნევება ან მის მიმართ სენტიმენტები ახსოვს კაცობრიობის ისტორიას. მაგალითად სტალინს დასტიროდა ყველა - თანამოაზრეებთან ერთად, მსხვერპლიც, მაგრამ ეს არის უუფლებო, გამოფიტული, დატერორებული, დადამბლავებული ადამიანის უამრავ ნიღაბქვეშიდან ამოძახილი, რომელიც სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა სასოწარკვეთილი ხრიალი, საკუთარი გაშიშვლებული, უპიროვნებო სხეულის შეცნობით გამოწვეული სასოწარკვეთილი ღრიალი.

მაგრამ დგება მომენტი, როცა დიქტატორიც და მისი ადეპტებიც ხვდებიან, რომ ადამიანური ძალის უფლება ვერ ფარავს ყველაფერს, ვერ მოიცავს და არ ვრცელდება ყველაფერზე, რაშიც საზოგადოების შემანჯღრევლის ფუნქციას სწორედ ინტელექტუალები ასრულებენ, როგორც თუნდაც მიხეილ ჯავახიშვილის "კურდღელში" სიდონიას გამომღვიძებელი ექიმი ფრიდონ დორაშვილი.

და აქ ეცლება ნიადაგი ძალაუფლების ჰიპნოზს, იწყება საკუთარ თავთან და ცნობიერებასთან დაბრუნება. ამ ყველაფერს კი განაპირობებს ის მთავარი პოტენციალი, რაც ღმერთმა უბოძა ადამიანს და რითიც ადამიანი ღმერთის ხატს და მის მსგავსებას წარმოადგენს - თავისუფლება და გონიერება, აზროვნების ძალა და არჩევანის შეუზღუდაობა. ადამიანში, როგორც ღვთაებრივი შემოქმედების გვირგვინში ყველაზე უფრო კარგად ჩანს ამ ღირებულებების ძალა, თავისუფლების ფასი და სიდიდე. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თავისუფლებისთვის. ამით ავლენს ადამიანი საუკეთესოდ თავს, როგორც ქმნილება და თან როგორც შემოქმედი.

იქ სადაც ადამიანი მხოლოდ ფლორასთან და ფაუნასთან იყო გათანაბრებული, სადაც კლასობრივი ფილოსოფიით თავგამოტენილი მაღალი ფენის ადამიანები სრულიად უღირს წარმოდგენებს იქმნიდნენ "დაბალი ფენის" ხალხზე, როგორც დედამიწის უუფლებო მასაზე, ქრისტიანული ფასეულობების რაციონალურად გააზრების სიომ დაჰბერა თუ არა, გადააფასეს კიდეც საკუთარი ანტიჰუმანისტური იდეები, იქამდე ნორმალურ, საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზებისთვის აუცილებელ პარადიგმებადაც კი რომ მიიჩნევდნენ.

ასე იყო რომელიმე მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენის დროსაც, დამკვიდრებული სტერეოტიპების ახლებურად ან უფრო სწორად, მართებულად ჭვრეტის წინაპირობა როცა ჩნდებოდა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, 1812 წლის შვილებად წოდებული ხალხი, სადღაც ბოროდინოს ომის შემდეგ, გლეხებმა პატრიოტიზმი, დიდი თავდადება, გმირობა და განსწავლულობისკენ სწრაფვა რომ აჩვენეს, მიხვდნენ, რომ თურმე ყმებიც ნამდვილი ადამიანები ყოფილან, რომ ისინიც შეიძლება გახდნენ სრულფასოვანი მოქალაქეები, რომ საზოგადოება არა კლასობრივ იერარქიას, არამედ ადამიანს, მისი თავისუფლების იდეას, მის ღირსებას უნდა ეფუძნებოდეს, რადგან ღირსების მქონე ინიდივიდი ქმნის ღირებულს და შექმნეს კიდეც ყოფილმა ყმებმა, კულტურული, შემოქმედებითი, პოლიტიკური აზრის განვითარების ახალი ერა ყველგან სადაც ამის შანსი მიეცათ.

ჩემი აზრით, საგნები და მოვლენები გამჭვირვალე და ნათელია - მთელი ისტორიის განმავლობაში ერთ მხარეს დგანან პრაგმატი ცინიკოსები ხელში ანთებული ნავთის ფარნებით, თითქოს კაცობრიობას გზას რომ უნათებენ და სინამდვილეში სამყაროს გადასაწვავად ხელსაყრელი მომენტის შერჩევას ცდილობენ და მეორე მხარეს იდეალისტები, სიკეთის რწმენით აღსავსე ადამიანები, რომელთაც ესმით რომ თავისუფლება არა ყველაფრის უფლება, არამედ მისიაა, ნამდვილი ღირებულებებისათვის უპირატესობის მოპოვების მისია. მათ იციან, რომ ირონიით აღსავსე ავტოკრატ კაცუნებს არ შეუძლიათ დაეუფლონ აზრებს და იდეებს, განმათავისუფლებელ და განმანათლებლურ იდეებს, რის გამოც სამყარო ყოველთვის ინარჩუნებს სიკეთის შთამბეჭდავი გამარჯვების დაუძლეველ ოპტიმიზმს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს