ლიტერატურული ტექსტის ბოლომდე წაკითხვის ეგზისტენციალურობა - კვირის პალიტრა

ლიტერატურული ტექსტის ბოლომდე წაკითხვის ეგზისტენციალურობა

ვონეგუტი იტყვის რომ ეთანხმება ჰიტლერს, სტალინსა და მუსოლინის და თუ სწორედ ფლორენციელი სოფისტით აღფრთოვანებული ამ დიქტატორის გვარის ამოკითხვისთანავე შეწყვეტ წინადადებას, შენ ვერ გაიგებ რომ ვონეგუტი დიქტატორების აზრს სინამდვილეში სულაც არ იზიარებს.

ბოლომდე წაკითხვა ეგზისტენციალური საკითხია, ლიტერატურული დროის არსებობას და შემდეგ მის მსვლელობას განაპირობებს სწორედ ეს და სიტუაციურ გარემოს განსაზღვრავს ეს კოგნიტური უცოდველობა, რადგან ასეა შესაძლებელი ის სამწერლო მემკვიდრეობა, რაც ადამიანური შესაძლებლობის განვითარების კვალდაკვალ ყველა შემთხვევაში უნდა დაიბადოს, ადამიანური ფაქტორების აბორტმახერული ხელისშემშლელი გარემოებებისგან გათავისუფლდეს. მკითხველი უნდა დაემსგავსოს წიგნს, სხვა შემთხვევაში იარსებებს მხოლოდ აფექტური ანალიზი ქიმერული დასკვნებით - მომაკვდინებელი დასკვნებით.

აქ შეიძლება პრუსტის დაკარგვით გამოწვეულ ანდრე ჟიდისეულ სევდაზეც ვიმისტიფიკატოროთ, მან ხომ უბრალოდ დახედა ფურცლებს და მადლენის ეპიზოდი ჩვეულებრივ საკონდიტრო თუ გურმანულ ეპიზოდად აღიქვა, რომელმაც ალბათ და სავარაუდოდ ეს ნელი, აუჩქარებელი, მადისაღმძვრელი თხრობა, უბრალო რეცეპტორულ საინფორმაციო სიგნალად მიიღო და იგრძნო.

და ან შეგვიძლია გავიხსენოთ სენტ-ბევის მცდელობა ერთიანად შთანთქას და გადაყლაპოს, გააქროს ალფრედ დე მიუსე. მართალია ჩრდილოეთ საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქელს უფრო მეტი ჰქონდა მიუსესი წაკითხული, ვიდრე ჟიდს პრუსტის შედევრთან პირველად შეხვედრით მიღებულ ვერდიქტამდე, თუმცა მაინც ვთვლი რომ აქაც იგივე რამესთან გვაქვს საქმე - შარლ ავგუსტინ სენტ-ბევი არ იცნობდა "მარდოშის" "ლორენცაჩოს" და "ნამუნას" ავტორს სრულყოფილად და ქედმაღლურად, შეცდომით განიზარახა მისი განადგურება.

მაგრამ სენტ-ბევს ბევრი ეპატია, მისი დროის ნებიერა ხომ გამშვენებული, მაღალი სტილის საზეიმო სიტყვით იმავე დიდმა მწერალმა წარადგინა საფრანგეთის აკადემიის წევრად, ვინაც მისგანვე იწვნია საოცარი ტკივილი მეუღლეობრივი სარეცლის შებღალვის გამო.

თუმცა ეს იქით იყოს და სენტ ბევს ანსელომ აჯობა მიუსეს კრიტიკაში და სენტ ბევმა ლაკლო შეურაცხყო უფრო ძლიერად, ვიდრე თავად ალფრედ დე მიუსე.

საბოლოო ჯამში არცერთი კრიტიკოსი არ იცნობდა გაკრიტიკებულის შემოქმედებას სრულად და კარგად და მათი პროფესიული უსულგულობის მიზეზიც სწორედ ესაა.

ეს მე მაგონებს თეორიას ექსპერიმენტული ფსიქოლოგიიდან, შემოქმედებითი წარმოსახვის შესახებ, რომლითაც იქმნება სუბიექტური აღქმა, რომელიც მოკლებულია კვლევას და რაციონალურობას.

ამიტომ, თუ შენ იტყვი, რომ სუბიექტური წარმოსახვაა შენი რაციონალური ცოდნა და რომ ეს ცოდნა საკმარისია წიგნის დასაწვავად, შენ საკუთარ თავს გამოაკლებ იმ ნამდვილ ინტელექტუალთა პოტენციურ რიცხვს დიდსულოვნებით, მოსმენის უნარით და შემწყნარებლობით რომ მიაღწიეს ამ საამაყო მდგომარეობას.

თუ შენ იფიქრებ, რომ არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც არა აქვს უფლება ნაფიქრი თქვას და იფიქროს ის რაც სურს, შენ დაიკავებ ადგილს იმ სიცარიელეში, რომელიც მარად ივსება სიძულვილით აღვსებულ პირთა მრისხანე სახეებით, სამყაროს მეორე მხარეს, ნამდვილ სისავსეში მყოფთ რომ უქადიან ძრწოლას და სიკვდილს.

მოთმინებაა საჭირო იმისთვის, რომ გაიგო კარგად, იმდენად კარგად რომ შენ შეგეძლოს მისი წაკითხვა, მისი მოსმენა.

ადამიანის ხასიათის მიმართ საჭირო არის დაუყვედრებელი, მოუღლელი მოთმინება.

ბავშვობაში გამოვლენილი მისი ცუდი ხასიათი ნუ გაფიქრებინებს, რომ მოწიფულობაში ის არაფრად აღარ ივარგებს, რადგან ადამიანს სჭირდება განცდა, რომ მასზე ზრუნავენ, ასეთ შემთხვევაში კი ის გადარჩება კატასტროფას - არ დაგავიწყდეს, არასრულფასოვნების კომპლექსი ჭაბუკობისას ჰქონდა ანატოლ ფრანსსაც და სოსო ჯუღაშვილსაც, თუმცა ერთი დიდი ჰუმანისტის სახით დაიმახსოვრა მსოფლიომ და მეორე სისხლისმღვრელი სტალინის სახელით - სრული პასუხისმგებლობით გეუბნები, ვონეგუტს ის არ მოსწონდა.

სინამდვილეში კი ეს კაცი აქ, ამ ტექსტში არ არის მთავარი გმირი და მისი უკვე მესამედ მოხსენიება სულაც, მისი ერთ-ერთი ნაწარმოების დასაწყისით წლების წინ აღფრთოვანებითაა განპირობებული და სხვა არაფერი. შეიძლება არ მომწონდეს ბევრი რამ, არ ვეთანხმებოდე უამრავ რამეში, მაგრამ ტექსტის საწყისი ორი წინადადება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მკითხველისთვის ნამდვილი დღესასწაულია, როცა მწერალს შეუძლია კარგად დაიწყოს, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რადგან ეს იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ მისი ძალით მთელი ტექსტის მანძილზე ფიქრობ როგორ დაასრულებს. რადგან აღმოჩნდა, ეს ყოფილა სწორედ ტექსტისთვის სასიცოცხლო ამოცანა, სწორედ ეპილოგი გაძლევს ორიენტაციის უნარს ტექსტში, ის გძენს წონასწორობას - ტექსტის დასასრული არის ტექსტის არსებობამდელი არსებობა, მისი ნამდვილი, ხელუხლებელი და მოტივის მიმცემი, მელნის ფურცელზე შეხებამდე ირაციონალურად არსებული სიცოცხლე. ის არის პასუხისმგებელი წიგნის მთელ იმ დანარჩენ ნაწილზე, რომელიც წარმოდგენას გიყალიბებდა მასთან გაცნობის, მისი მიღების, მასთან ინიციაციის პირობებში, რადგან მკითხველი ისე აღიქვამს ტექსტის დასასრულს, როგორც საკუთარი ინდივიდუალობა შეუქმნის საამისო გარემოს და პირობებს.

დასაწყისი შეიძლება იყოს მზა და კატეგორიული, შთამბეჭდავი და ამავდროულად ცხადი, არაინტერპრეტირებადი, რადგან ეს არის მასთან შეხვედრის პირველი წამები, დრო სალამისთვის, რაც სანაცვლოდვე სალამს ითხოვს. მაგრამ ასეთი ვერ იქნება დასასრული, რადგან მას ქმნის საათების და დღეების მანძილზე ტექსტთან შეხებით ჩამოყალიბებული ინდივიდუალური ემოცია, შენებური აღქმა - მკითხველის ვერდიქტი საჭიროა გამოცხადდეს მხოლოდ ბოლომდე წაკითხვის შემდეგ და ეს გადააქცევს ეპილოგს მოვლენად, ვარიაციულ ფენომენად.

ამიტომ, თუ ერთმანეთს ვაცლით ლაპარაკს, ამით გამდიდრდება ჩვენი არგუმენტები მოსმენილ ნააზრევზე და თუ ბოლომდე წავიკითხავთ გარკვეული, თუნდაც სადაო ღირებულების, ტექსტს, ჩვენ მას აღარ დავწვავთ და შეიძლება გადავთარგმნოთ კიდეც ახალ ენებსა და დიალექტებზეც.

ბოლომდე მოსმენასა და ბოლომდე წაკითხვაშია კაცობრიობის შანსი - შორს წაუსვლელად, ამავე პლანეტაზე გადადგას დიდი ნაბიჯები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს