ფასბინდერის ხელი
ფასბინდერის ხელი
რომი, "ესპანური კიბეები", აქ დაკარგა მამაც და საფულეც, თუმცა სასოწარკვეთილია არა მამის, არამედ საფულის დაკარგვის გამო. პირქვე დაცემულის მიმართ კი უცნობები გამოხატავენ თანაგრძნობას - მათთვის არც საფულეს მოუტანია რამე სიკეთე და არც ფერხთით გაშოლტილ, ცოტა ხნის წინ ცოცხალ და საოცრად მომღიმარ კაცს - ფასბინდერის "მართაზე" ვსაუბრობ, თითქოს მიამიტ, თითქოს შეშლილ, თითქოს მიმზიდველ და სრულიად გამორჩეულ კინო-ფიგურაზე, ამბივალენტურობა შუბლზე რომ აწერია.

"თითქოს"-თქო ვამბობ და ამ შესადარებელ სახელს და მსგავსების გამომხატველ საშუალებას
მივმართავ, რადგან რაინერ ვერნერ ფასბინდერმა შესანიშნავად შეძლო მისი "მართა" მარგიტ კარტენსენის ოსტატობის საშუალებით ექცია სექსუალურად რეპრესირებული ქალის კინო-სახედ, რომელიც ძალიან დიდ მასალას იძლევა ღრმა კვლევისთვის, უამრავ კონტექსტში ფენობრივი გააზრებისთვის. ის ახალი მედეაა - მასაც უყვარს და ისიც კლავს, თუმცა სხვა ფორმით, რადგან თუ ევრიპიდეს გმირი
კლავს მისი ახალი იდენტობის დამადასტურებელ გენეტიკურ მსაზღვრელს, ამით ცდილობს მოკლას კავშირი ძველ იდენტობასთან, მასთან კავშირის გაწყვეტის მიზნით ან ახალი იდენტობის მოსაპოვებლად, ფასბინდერის "მართა" კი ქმრის იმპერატიული მოთხოვნის გამო კლავს შანსს მისთვის ცარიელ, უაღრესად მყიფე და მტვრევად სამყაროში გაუჩნდეს სამყაროსთან ასოცირებისათვის მისთვის სასიცოცხლო გენეტიკური იდენტობა.

რა თქმა უნდა, ფასბინდერი და მისი პერსონაჟები იმსახურებენ ბევრ წერილს, ესეს თუ დისკუსიას. ის სრულიად განსაკუთრებული მანერა, რომლითაც რეჟისორი ძერწავს კინო-სახეებს, მხოლოდ აღფრთოვანებას იმსახურებს.

პიტერ აკროიდი თავის "ალბიონში" წერს, რომ ინგლისელებისთვის ოცნებებისა და ფანტაზიის წყარო შესაძლოა ნისლიანი კლიმატი და წყლით გარშემორტყმული ტერიტორიები იყოს. რაინერ ვერნერ ფასბინდერის, როგორც უტოპიური ოცნებებით სავსე ადამიანის და რეჟისორის ფილმების ინტელექტუალური წყარო და საზრდოც ნისლია, ის მეტაფორული ნისლი, ქვასავით მონოლითური, მძიმე და შეუსწავლელი მასა, საიდანაც შესანიშნავად აქანდაკებს ადამიანური ხასიათის მკაფიო ნაკვთებს და მერე ნისლის და ბურუსის ბუნდოვანებას მათ ისე წმენდს, რომ სიცხადეც და მისტიურობაც მთავარ ფერებად დარჩეს პორტრეტის მოზაიკურ დაფაზე.

საინტერესოა როგორი გამოუვიდოდა ფასბინდერს ფილმი იმ საკითხზე, რაზეც ამ წერილში ვაპირებ საუბარს. ისიც ქალებს ეხება - არდაბადებულ ქალებს!

1947 წელს, მაშინ როცა მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო, ცნობილმა ფოტო-დოკუმენტალისტმა რობერტ კაპამ, ჯონ სტეინბეკთან ერთად საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. მერე ეს ფოტოები სტეინბეკისეული "რუსული დღიურის" ნაწილი გახდება. ამ გალერეაში სხვა ბევრ ფოტოსთან ერთად, ჩემს განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის იქცევდა კაპას ის სურათი, სადაც ღია ცის ქვეშ გამართული მასობრივი ცეკვებია გადაღებული. იმ ხალხს რომ არ ეცეკვებოდა და ნამდვილი სამხიარულო მიზეზიც არ გააჩნდა, ეს ნათლად ჩანს ამ კადრში, თუმცა კიდევ უფრო აღსანიშნავია ერთი უკიდურესად სევდიანი გარემოება - მათ შორის არ არის მამაკაცი, კავალერიცა და მისი პარტნიორიც ერთი სქესისაა, ორივე ქალია - მამაკაცები ომის კლასიკურმა ფორმებმა შეიწირა და გაანადგურა.

არსებობს ომის განსაკუთრებული ფორმაც - ომი ქალების წინააღმდეგ და მას სელექციური აბორტი ჰქვია.

სელექციური აბორტი - უკიდურესად შემზარავი და შემაძრწუნებელი მოვლენა, რომელსაც ეს ტერმინი თითქოს პოლიტკორექტულ ფარდად ეფარება. კორექტულობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ამიტომ მეტი სიზუსტისთვის ამ მოვლენას ჯობია პრენატალური კანიბალიზმი ვუწოდოთ.

ეს მონსტრი ყოველდღიურად დედის მუცლად მყოფ ათასობით ქალს შთანთქავს, მათ შორის საქართველოში. ნობელის პრემიის 1998 წლის ლაურეატი ეკონომიკაში ამარტია სენი "გაუჩინარებული ქალების" სტატისტიკას გვთავაზობს. ჩვენ კი გვაქვს საკუთარი, ეროვნული სტატისტიკაც, რადგან საქართველო ამ უსაშინლესი პრაქტიკის თვალსაზრისით "მოწინავე" ქვეყნებს შორისაა - გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით ექვსი წლის განმავლობაში 32 000-მდე სელექციური აბორტი გაკეთდა. სხვა კვლევებშიც ვკითხულობთ, რომ თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, რიცხვი 2020 წლისთვის 40,000-მდე ხოლო 2050 წლისთვის - 80,000-მდე გაიზრდება. საზარელი ციფრებია.. ეს მოვლენა ითხოვს ეფექტურ ჩარევას, მათ შორის საკანონმდებლო თვალსაზრისით.

ჰუმანურ საზოგადოებაში "გვარის გამგრძელებლის" იდეას არ შეიძლება შეეწიროს პატარა, ნაზი, სიცოცხლის მოსურნე გოგონა! ის "გაგება" კი რომელიც ამის მორალურ ნებართვას იძლევა გაუცხოებულია ყველაფერთან, რაც სინამდვილეში მართლაც მორალურია.

სელექციური აბორტი არის საკითხი, რომელიც მთლიანად ანტიქრისტიანული, ანტიჰუმანური და ბარბაროსულია და მას არა აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი საღ აზრთან. პირიქით ის ეწინააღმდეგება არათუ ცალკეულ დოქტრინას, არამედ ეწინააღმდეგება ღმერთს, რომელმაც სიცოცხლისათვის, განვითარებისთვის, ბედნიერებისთვის შექმნა ადამიანი, რომელიც მუცლადმყოფი ელოდება ღვთისგან ბოძებული შესაძლებლობების განხორციელებას. სელექციური აბორტი ეწინააღმდეგება უმთავრეს საღვთო იდეას, რომელიც სიყვარულს უკავშირდება. ჩვენ წიგნიერი რელიგია გვაქვს, მთავარი წიგნი, ბიბლია კი გვეუბნება რომ ყველანი თანასწორნი ვართ, მათ შორის სქესის მიხედვით და დაბადებული თუ დაუბადებელი ადამიანების ჩაგვრა სქესის და წარმოშობის, შეხედულების და კუთვნილების მიხედვით არის დიდი რისკი კაცობრიობისათვის.

და ისევ ფასბინდერის "მართა". იქ ფილმის პირველ ნაწილში თითქმის ყველა ეპიზოდში საუბარია "ესპანურ კიბეებზე" წაქცეულ მამაზე. მაშინაც კი როცა სულ სხვა საკითხზე გაკეთებულ წინადადებაზე ელიან პასუხს. პასუხს, რომელსაც მხოლოდ იმ მომენტში აქვს მნიშვნელობა როცა მისი წარმოთქმა ხდება. სიტყვის დასრულებისთანავე იქნება ვერდიქტი, ვისთვის სასურველი, ეს მეორე ხარისხოვანია, მთავარია სიტყვები იწვევს რეაქციას და შედეგს.

ქალები ამ ფილმში უკიდურესად მოწყვლადები, დაჩაგრულები, შეურაცხყოფილები და კაცების ფეხებთან განრთხმულები არიან, მაგრამ არა დაცემულები, რადგან ეს საკუთარი ნებაა, თავისუფალი არჩევანის გასხვისების შედეგი.

ეს ფილმი ქალებისვე პირით გვახსენებს საზოგადოების უკიდურესად საშიშ კონფორმისტულ პოზას იმის შესახებ, რომ ქალებზე ძალადობა თითქოს მხოლოდ მათივე წარმოდგენა და მოლანდებაა, სიზმარია და მაღალ ხმაზე, მოუთმენლობის გამომხატველი ტონით თუ გაიგებს საკუთარ სახელს, უნდა დამორჩილდეს კიდეც და მერე კაცი თავის ცოდვას მასვე აპატიებს.

ისევე როგორც ელის მანროს"ამუნდსენში" - უუფლებო ქალი, რომელსაც არც სექსუალურ ცხოვრებაზე და არც გათხოვებაზე მიუღია პირადი გადაწყვეტილება, თუ რა თქმა უნდა, დამყოლ ქცევას არ ჩავუთვლით თანხმობად და გადაწყვეტილებად - უხმოდ და დუმილით რომ იღებს საკმაოდ სასტიკი ბუნების შესაძლო ქმრის ყოველ ერთპიროვნულ განზრახვას. იქამდე მიჰყვება სხვის ნებას, სანამ ისვე თვითონ არ შესთავაზებს შეურაცხმყოფელ უარს.

როგორც კი შემოქმედისადმი, მისი ნამუშევრებისადმი ინტერესი ჩნდება, ჩემთვის საჭირო ხდება უფრო მეტის ცოდნა, მაგალითად მისი ზოგადი მსოფლმხედველობის შესახებ, რადგან ყველა საკითხზე შეუძლებელია იპოვო განწყობები ნაწარმოებებში, რადგან იქ ის საკითხებია გაშლილი, რომელიც როგორც წესი ამოჩემებული და საყვარელი თემებია კონკრეტული შემოქმედისათვის. ასე რომ ვიწყებ რა არაფორმალურ გარემოში "ყველაფერზე" საუბრისას (თითქმის ყველას აქვს ასეთი დიალოგები) გამოთქმული აზრების გაცნობას, მათ შორის ყოფით საკითხებზე, მარტივ, ზოგჯერ ფილისტერულ ამბებზე ნათქვამ აზრებს და კიდევ უფრო საინტერესოა ის თუ რას ლაპარაკობენ ამ ხელოვანებზე მისი უახლოესი ადამიანები, ჩნდება პალიმფსესტური, მრავალჯერ გადაფხეკილი და ზედ წაწერილი სინამდვილე.

ჰოდა ასე მივადექი რაინერ ვერნერ ფასბინდერის ყოფილი ცოლის, ინგრიდ კავენის ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს ყველაფერზე, მათ შორის ამბობს ერთ საოცარ და სრულიად მოულოდნელ რამეს, რომ როცა ფასბინდერი ხელს დაგადებდა, შენ არ შეიძლებოდა გცოდნოდა ის ხელი მოგეფერებოდა თუ დაგარტყამდა. საოცარია, ჰელმუტ სალომონიც ხომ ასეთი აპათიური, სადო-მაზოხისტური, არაპროგნოზირებადი და საშიშია? ნუთუ საკუთარი თავი აჩვენა ფილმის ამ გმირში რეჟისორმა, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს სწორედ ძალადობის და განსაკუთრებით ინსტიტუციონალიზებული ძალადობის თემაზე ქმნიდა?!

როგორც სჩანს ეს მოძალადე ხელი იგრძნო ბევრმა, მაგალითად მსახიობმა ირმ ჰერმანმა, რომელსაც ისე სცემა, რომ მსახიობის თქმით ერთხელ "თითქმის სიკვდილამდე მიიყვანა". იგივე მარგიტ კარტენსენმა - ამცირებდა და აწამებდა (მისი სიტყვებია) "მართას" გადაღებების დროს.

ჩვენს წინაშე ფასბინდერის სახით, როგორც ირკვევა უაღრესად კონტროვერსიული ფიგურა დგას - იდეების ფასილიტატორი, როგორც შემოქმედი, ამ იდეების მსხვრევას ეწევა რეალურ ცხოვრებაში. კონტროვერსიული ფიგურები მასზე ნამდვილად ახდენდნენ გავლენას, მაგალითად ნაციზმისგან გაქცეული, ანარქისტული იდეებისა და შემდგომში კომუნისტური დიქტატურის მომხრე ბერტოლდ ბრეხტი, მაგრამ რა თქმა უნდა, არა მისი მოძალადე ბუნების საკითხში.

ფასბინდერს უყვარდა კონტრასტები შემოქმედებაშიც - ის ადამიანთა სხვადასხვა მიკრო სამყაროს და სუბკულტურის საჩვენებლად სხვადასხვა ფერებს მიმართავს - ფერთა სიმბოლოებით გველაპარაკება.

თუმცა ახლა აქ მთავარია ის, რომ "ფასბინდერის ხელი" მუდმივი და მკაფიო სიმბოლოა ამ წერილში განხილული მოვლენისა, რადგან სწორედ ასეთი რამ ემუქრება არამხოლოდ ზრდასრულ, არამედ დაბადების მომლოდინე ქალებსაც. კვლევები გვეუბნება, რომ სელექციური აბორტის-პრენატალური კანიბალიზმის თაობაზე გადაწყვეტილებისას, მთავარ როლს მამის ნება ასრულებს და ამიტომ, მუცლად მყოფმა გოგონებმა არ იციან, მშობლის ხელი მათ მოეფერება თუ მოკლავს…

არადა, გოგონები მამების ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან, აი ისე როგორც იგივე ელის მანროს გრეტას მგრძნობიარე ქეითი, მამის გამოა ასე მგრძნობიარე და მტრულად განწყობილი სამყაროს ყველა დანარჩენი მამაკაცის მიმართ, რადგან ხვდება რომ მამა დაივიწყეს, მამას სხვა ანაცვალეს, გოგონებს ხომ ძალიან უყვართ მამები...

და ბოლოს, ისევ ფასბინდერი. მის ფილმებში თითქმის არასდროს მინახავს ბუნებაზე თუ ლანდშაფტებზე აქცენტები, მაგრამ მის "მართაში" არის საბავშვო პარკი და ატრაქციონები, რომლის მნიშვნელობას და მისგან მონიჭებულ სიხარულს ვერასდროს გაიგებენ ბიჭების მომლოდინე მამების სურვილით, დედის თანხმობით, მისივე წიაღში მოკლული გოგონები…

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
DEVI
12 აპრილი 2019 13:25
ვინც ვერ ჩაწვდა ამ ბლოგის აზრს და ბლოგერის მიერ შემოთავაზებულ ინტერპრეტაციებს, უჯობს რამდენჯერმე ყურადრებით წაიკითხოს ეს ნააზრევი და მერე დაარქვას ავტორს კომკავშირელი და კომუნისტი. გაბუნია ეხმაურება თანამედროვე საზოგა- დოების სიკვდილ-სასიცოცხლო პრობლემას, და რომელიც ქართველებისთვის უაღრესად აქტუალურია.
ლევანი
12 აპრილი 2019 12:36
ძალიან საინტერესოა, საინტერესოდ წარმართული მსჯელობაა
ტოტო
12 აპრილი 2019 10:51
ეს კომკავშირელი სად იპოვეთ ?