მოგონებების გადაფარვა
მოგონებების გადაფარვა
"თუ თქვენ არ ილაპარაკებთ სიმართლეს საკუთარ თავზე, ვერ ილაპარაკებთ სიმართლეს სხვაზე"
ვირჯინია ვულფი

ფროიდი თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომში - "ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგიის შესახებ", იხსენებს, საკუთარ გამოცდილებას, რომელიც დაკავშირებულია იტალიასთან.

ავსტრიელი ფროიდისთვის იტალია განსაკუთრებული ქვეყანა იყო იქამდე, ვიდრე ის 1915 წელს პირველ მსოფლიო ომში ჩაებმებოდა, სწორედ ავსტრიული მიწების ანექსირების განზრახვით.

ამის შემდეგ სრულიად ბუნებრივია, რომ ქვეყანა, სადაც
ის წელიწადში გარკვეულ პერიოდს აუცილებლად ატარებდა, იქცა განსხვავებულ, შეიძლება ითქვას უცხო ადგილად, მას ავიწყდებოდა ის სახელები, სადაც რეგულარულად ატარებდა დროს და ამას მიაწერს უსიამოვნების არგახსენების სურვილს.

ეს ერთადერთი არ არის, რაც ფროიდის ამ ნაშრომიდან მახსენდება და ამავე წიგნში მის მიერ გამოყენებული ტერმინი - გადამფარავი მოგონებები, მინდა, გამოვიყენო.

ჩვენს წინაშე არის საინფორმაციო საბრძოლო ველი ცნობიერების იმგვარად ნორმირებისთვის, სადაც ვხედავთ მცდელობას,
რომ გაიმარჯვოს პოლიტიკური მიზნებით ფორმირებულმა კლიშეებმა და ამისთვის საგანგებოდ შექმნილმა ინსტრუმენტულმა სუროგატებმა; სადაც ცნობიერი და ქვეცნობიერი იმეტყველებს იმპერიალისტური ნარატივების საზომებით და ძალით.

ასე მაგალითად, "37 მანეთი", "იაფი პროდუქცია", "საგზურები", "უფასო ჯანდაცვა", "ლამაზი ქალები" და სხვა ამდაგვარი უამრავი ცნება ოპერირებს და ფარავს იმ მოგონებებს, რომელიც ნამდვილად და პირუთვნელად მეტყველებს ურთიერთობის ფალსიფიკაციამდელ მდგომარეობაზე. ეს არის მცდელობა რომ ეროვნული ენერგიის, ინტელექტის, ძალების, იდეების გარდაქმნა მოხდეს და ის რაც პოტენციალური თვისებების და ღირებულებების მქონეა ერის, სახელმწიფოს ნამდვილი ინტერესებისათვის, მისი ცალმხრივად გადატანა განხორციელდეს იმპერალისტური მიზნების სამსახურში.

პრაქტიკულად გადაიფაროს მოგონებები მოგონებებითვე. ამის ხელსაყრელი საშუალებები კი იმპერიას აქვს და კერძოდ ეს არის დრო.
დრო, რომელმაც მოიცვა ჩენი ქვეყნის მრავალი თაობა და თაობების ცვლილებასთან ერთად ის წარმატებით ახერხებდა მოეხდინა მოვლენების ფასლიფიცირება - მოვლენების, ანუ ისტორიის.

რამდენადაც თავად იყო ოფიციალური ხელისუფლება, რომლის პერიფერიაზე არსებობდა ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოებრიობის გარეშე. ამ დროის განმავლობაში მას აქვს მცდელობა დათრგუნოს, გატეხოს, დააუძლუროს ეროვნული იდეა და ორგანიზმი, დაადამბლავოს ის და ამ მიზანს უწყვეტად ემსახურება. ანუ ის ფლობდა სიტუაციას, ფლობდა ძალაუფლებას და ამ ძალაუფლების ქვეშ ახდენდა იდეების, გეგმების, ნარატივების, ღირებულებების, მსოფლმხედველობის, გეგმების პროდუქცირება - გამოშვებას, რომელიც სრულიად და აბსოლუტურად უცხო იყო და არის ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფო იდეალებთან.

ანუ დრო, როგორც ინსტრუმენტი, მან წარმატებით გამოიყენა და დღეს დავა მიმდინარეობს იმაზე, დამპყრობელი - და ის ასე უნდა ჩაითვალოს, რა თქმა უნდა, რადგან მას შემდეგ, რაც ფორმალურად და ოფიციალურად იმპერიის ნაწილი აღარა ვართ, დამპყრობელის ნიშნები მას კვლავ აქვს შენარჩუნებული, იმიტომ, რომ მისი სამხედრო და ადმინისტრაციული მმართველობა არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილზე და ტერიტორიაზე და ის ამ მმართველობას აგრძელებს ამ ფორმით - ქვეყნის მეხუთედზე სამხედრო-ადმინისტრაციული ინსტრუმენტებით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ცდილობს მოახდინოს გავლენა მოგონებების გადაფარვით - გვთავაზობს რომ ჩვენ დავივიწყოთ წარსულში ჩამორთმეული სახელმწიფოებრიობა, სხვადასხვა დროს ჩატარებული მასშტაბური ეთნოწმენდა, როგორც საომარი ოპერაციების, ასე ცალკეული სადამსჯელო აქტების დროს, ის ცდილობს, დაგვავიწყოს რომ რელიგიური ფაქტორი მან წარმატებით გამოიყენა თითქმის ყოველთვის, რათა მოეხდინა სტოკჰოლმის სინდრომის ამუშავება, რომ ვიქტიმიზაცია მომხდარიყო იმგვარად, რომ მსხვერპლს ვერ შესძლებეოდა მოვლენების სწორად შეფასება და თავადვე მოეხდინა არაკრიტიკულობის დემონსტრირება, მოეხდინა მოძალადის რომანტიზება.

რელიგია კი მოძალადის ხელში ამ როლს თამაშობს და შედეგად მსხვერპლი საუბრობს ერთმორწმუნეობაზე - უფრო კონკრეტულად კი, რადგან ერთმორწმუნეები ვართ არ შეიძლება შენს ეროვნულ ინტერესებზე ოკუპანტთან კრიტიკულად საუბარი - ეს არის უკიდურესად ინფიცირებული და დეგრადირებული იდეა, რადგან ამის საფუძველზე ეს იდეა გვეუბნება, რომ დამონებელი, უფლებაწამრთმევი და სახელმწიფოებრიობიდან ტერიტორიის დონეზე ჩამომქვეითებელი ძალისადმი სენტიმენტების საფუძველი არსებობს.

აი, ახლა კი ვხედავთ ამ გადამფარავი მოგონებების ახალი სიმძლავრით ამუშავების მცდელობას, როცა რუსეთის პირველ პირს ჰქონდა ისტორიის გადაწერის მცდელობა, ყოველ შემთხვევაში მისი ადეპტებისათვის ისტორიის ის ვერსია უკვე წმიდათაწმიდა და უეჭველია.

რაც შეეხება ისტორიის გადაწერას. იყო ასეთი საბჭოთა ანეგდოტი - ადვილია მომავლის წინასწარმეტყველება, ის, რაც რთულია, ეს წარსულის პროგნოზირებაა.

ზოგადად ისტორიის ინტერპრეტირება და თავისებურად "პროგნოზირება" რუსეთის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი და საყვარელი საქმეა. მან და მისმა პროპაგანდამ სტალინურ წმენდებს და რეპრესიებს კაპიტალისტური ქვეყნებისადმი გასაგები რეაქცია უწოდა - ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია.

მისი სიტყვები და ისტორიის ინტერპრეტირების შესახებ განცხადებები უკიდურესად არასერიოზულია და ეს მისი სამარკო ნიშანია.

მაგალითად მოვიყვან ამბავს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ. ის მხარს უჭერს და იწონებს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რაც პოლონეთში ნაცისტური გერმანიის შეჭრის და აღმოსავლეთ ევროპის ორად გახლეჩის საფუძველი გახდა.

თუმცა ის ამ თემით თამაშობს. მაგალითად, 2009 წელს პოლონეთში ვიზიტისას, მან ამ პაქტს ამორალური უწოდა, ხოლო 2015 წელს გერმანიაში ჩატარებული პრეს-კონფერენციის დროს, მან დაიცვა ეს ხელშეკრულება.

სხვათაშორის ისტორიის გადაწერის ეს პრეცედენტი შედგა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ანუ მაშინ, როცა ეს მის იმპერიულ ინტერესებს დასჭირდა, ისევე, როგორც ახლა, როცა მის იმპერიულ ინტერესებს დასჭირდა საქართველოს ისტორიის გადაწერა, ფალსიფიკაცია და დისკრედიტაცია.

ასეთივე პროპაგანდისტული მეთოდებით ამართლებს იმპერია 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრას და 2014 წელს უკრაინაში ინტერვენციას, ანუ ყველაფერი ბრალდება სხვას.

მაგალითად, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე საუბრისას შეცვალა ყველა ნიუანსი, დაადანაშაულა მთელი დასავლეთ ევროპა და ყველა აქტორი ბრიტანეთის პრემიერ ჩემბერლენის ჩათვლით, თქვა არაერთი ტყუილი პაქტის საიდუმლო ოქმებისა და სხვა დოკუმენტების შესახებ.
რუსული პროპაგანდისტული მეთოდების მაილუსტრირებელი ეს მაგალითები მოვიყვანე იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორ მუშაობს ეს მანქანა, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი, თუ ეს მას დასჭირდა, მისი უმაღლესი ხელმძღვანელის პირითაც კი, იმ პირით, რომლითაც უსასტიკესი, რეპრესიებით, სისხლით, ტანჯვით, სასჯელებითა და სიკვდილით სავსე საბჭოთა იმპერიის დაცემა გეოპოლიტურ კატასტროფად და ტრაგედიად შეაფასა.

ცხადია, არც სიძულვილი და მით უმეტეს არც კონფლიქტის გაღრმავება არ არის გამოსავალი, რადგან ჩვენ გვჭირდება ფაქტების, მოქმედებების, მოვლენების ცივი გონებით და საღად შეფასება და ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის მშვიდი და თანმიმდევრული მოქმედებები, მათ შორის შიდა და გარე პროვოკაციების მეხამრიდის ფუნქციის მქონე მექანიზმების შექმნა და მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ნაბიჯებით დეოკუპაციის მიღწევა.

ამიტომ, კატეგორიული, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ გვქონდეს მოგონებები, შევინარჩუნოთ სწორი, დაუმახინჯებელი მოგონებები და არ მიეცეს საშუალება იმპერიულ ინტერესებს, რომ მოგონებების ეს ფაილი გამოცვალოს იმპერიისვე ინტერესების სასარგებლოდ.

ცხადია, მოგონებების გადაფარვის მცდელობა არის ცალკეული პირების მიერ ქართველი ხალხის პატივისცემაზე საუბარიც, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ მათგან, ვისთვისაც ქართველი ხალხი მასაა, ხოლო ერთი ინდივიდი უმნიშვნელო, როგორც ეს არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში, ასეთი სენტიმენტები ძნელად დასაჯერებელია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
...
13 ივლისი 2019 21:32
ყოჩაღ!ძალიან კარგი პასუხია!!!გადაფარვა არ მოხდება!ქართველი ხალხი ბრძენია--ყველა ყველაფერს მიხვდა!!
Alex.F.
12 ივლისი 2019 12:16
ავტორს-უმორჩილესად გთხოვთ,რაც შეიძლება მეტი ასეთი სტატია!!! ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის!!!ამით ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ!!!პატივისცემით თქვენი მკითხველი.
ალეკო
11 ივლისი 2019 19:20
ბრავო! ქართველი ხალხის სათქმელი თქვით შეურაცხყოფის გარეშე, სახელმწიფოებრივი მიდგომით და აკადემიურად!