მწერლობა ათვინიერებს
28-04-2020
მწერლობა ათვინიერებს
"ადამიანური ბედნიერება დღეს მდგომარეობს - "გართობაში".
გართობა - ნივთების, სანახაობის, საკვების, სასმელის, სიგარეტის, ადამიანების, ლექციების, წიგნების, ფილმებისა და სხვათა შთანთქმაში.
ყველაფერი შთაინთქმება, იყლაპება! სამყარო ჩვენთვის ერთი დიდი მადისაღმძვრელი ობიექტია."

გასული საუკუნის 50-იან წლებში, მაშინ როცა ერიხ ფრომი ამ სიტყვებს წერდა და აქვეყნებდა, მსოფლიოში ბევრი საინტერესო რამ მოხდა:

მაგალითად, საბჭოთა კავშირმა წყალქვეშა ნავებზე ბირთვული რაკეტების განთავსება დაიწყო;

ხოლო ვისკონსინელი სენატორი ჯოზეფ მაკარტი, პრეზიდენტ ტრუმენს კომუნისტების თეთრ სახლში განთავსება-შეღწევაზე აფრთხილებს
და დევნისა და "შავი სიების" რამდენიმეწლიან კამპანიასაც უდებს სათავეს;

შტატებსა და ევროპაში სახეზეა ომის შემდგომი "Baby Boom" - შობადობის არნახული ზრდა. 50-იან წლებში მხოლოდ ამერიკაში 29 მილიონი ბავშვი დაიბადა;

ელისაბედ II-მ დედოფლის ტახტი დაიკავა;

მკვიდრდება ტერმინი "როკ-ენ-როლი";

მილიონობით ამერიკელი უკვე საკუთარ ტელევიზორს ფლობს და იქ CBS-ის მიერ
ტრანსლირებულ პირველ ფერად ტელე-პროგრამას უცქერს;

გერმანია და ისრაელი, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ებრაელებისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე თანხმდებიან;

ცხადდება აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სიგარეტი ფილტვების კიბოს იწვევს;

პირველად იპყრობენ ევერესტსს და Sony ამზადებს პირველ ჯიბის რადიოს;

როზა პარკსს კი იმისთვის აპატიმრებენ, რომ მან უარი თქვა ავტობუსში საკუთარი ადგილი თეთრკანიანისათვის დაეთმო. ეს ფაქტი სამოქალაქო უფლებებისათვის ხანგრძლივი ბრძოლის საფუძველი ხდება;

ნიკიტა ხრუშოვმა
"დესტალინიზაციის" პროცესის დაწყება გამოაცხადა, ხოლო პარალელურად სტალინივით მოიქცა და უნგრეთში სისხლიანი რეპრესიები წამოიწყო;

ელვის პრესლიმ
პირველი ალბომი გამოსცა; გრეის კელი კი მონაკოს პრინცის მეუღლე გახდა;

ბრიტანელებმა სწორედ აი ამ პერიოდში აღიარეს ქალთა მიერ ლორდთა პალატის სავარძლების დაკავების უფლება;

XEROX-ი პირველ ასლგადამღებ აპარატს უშვებს ბაზარზე;

საბჭოთა კავშირის უპილოტო რაკეტა "Луна-2" მთვარემდე აღწევს, ხოლო ამერიკელები "Little Joe 2"-ით მაიმუნ სემის გზავნიან მთვარეზე - ალბათ ბევრს ექნება ნანახი მისი ფოტო - მაკაკა სკაფანდრით და სამხედრო სალმის იმიტაციით.

ხოლო, ალბერტ საბინი შეიმუშავებს ვაქცინას პოლიომელიტის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ხანგრძლივ იმუნიტეტს, ვიდრე მისი წინამორბედი...

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მაშინდელი სამყარო არნახული სისწრაფით გადადის გართობისა და დასვენების შესაძლებლობების ზრდის ახალ ეტაპზე, როცა პოპ-კულტურა ფრომისეული ყველა კატეგორიით სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა კულტურა პოსტმოდერნისტულ შესაძლებლობებს იძენს, მისი იდეები და პერსპექტივები კი საოცარი ძალით მსჭვალავს სამყაროს ბინადართ, ერიხ ფრომი, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ფრაზა - "ადამიანური ბედნიერება დღეს მდგომარეობს - "გართობაში" – "... წიგნების, ფილმებისა და სხვათა შთანთქმაში" - ასეთი აქტუალური ოდესმე ისე გახდებოდა, როგორიც ის დღეს არის.

ვერც იმას, რომ ადამიანი მათში ასეთი ძალით იპოვიდა ცხოვრების აზრს და ახალი მომაკვდინებელი ვირუსით წარმოქმნილი პრობლემებით გამოწვეულ ტკივილს, სწორედ ამ საშუალებებით გაიყუჩებდა.

ალბათ ფრომი ვერც იმაზე იქონიებდა წარმოდგენას, რომ არტურ შოპენჰაუერის ცნობილი მოსაზრება "ნივთები რომლებიც გარს გვარტყია აზროვნებენ ჩვენი აზროვნებისაგან დამოუკიდებლად" ასე ადვილად განიცდიდა დევალვირებას და დაპატარვდებოდა მისი პრაქტიკული მნიშვნელობაც, რადგან ნივთებმა დღეს ყველაზე უფრო მეტად შეიძინეს უკიდურესად სამომხმარებლო თვისება, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათ მიმართ სასიცოცხლო დამოკიდებულებაშიც კი ვლინდება.

და გამოვიდა, რომ ნივთები და მით უფრო, წიგნი, "გარეთ" მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის პარალელურად - რომლის არენა მთელ პლანეტაზე გადაიშალა - გახდა შესაძლებლობა, უკიდურესად ექსკლუზიური და სასიცოცხლოდ საჭირო სამყაროს, "შიგნით", ჩვენშივე შექმნისთვის და ამით საზრდოობისთვის.

ამ თვალსაზრისით, ის ახლა ყველაზე უფრო მეტად დაექვემდებარა ჩვენი აზროვნების, აღქმების, წარმოდგენების სფეროს და ის ყველაზე უფრო უკეთ მოექცა ჩვენი გამოცდილების სფეროში - რადგან ნივთები, საჭიროებას, ფუნქციას, მნიშვნელობას და ღირებულებასაც კი იძენენ ჩვენი გამოცდილების შედეგად, იმ ხარისხითა და ინტენსივობით, რა სახის სიგნალსაც ჩვენი ცნობიერება ნივთების მიმართ გზავნის.

და დიახ, ისინი სწორედ ჩვენს ცნობიერებაზე არიან დამოკიდებულნი, ჩვენი შინაგანი მოვლენებისა და გარეგნული პირობების აღქმა აძლევს მათ დანიშნულებასა და მნიშვნელობას, რადგან ამ ნივთებმა ამ ვითარებაში ფორმირებული აზროვნების წესის შესაბამისად დაიწყო აზროვნება და ეს პირველ რიგში ეხება წიგნებს, ეხება მწერლობას.

საოცარია, ამ ბრწყინვალე სამყაროში, რადაც წიგნს და მწერლობას სამართლიანად აღვიქვამთ, ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს - მკითხველებსაც და ავტორებსაც და თან არაჩვეულებრივი პატიოსნებით ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან.

მკითხველი საკუთარ თავს ეძებს წიგნებში და როგორც წესი, ყველაზე დადებით პერსონაჟში პოულობს კიდეც მას (თორემ, დარწმუნებული ვარ, არავის უოცნებია როდიონ როსკოლნიკოვობა, ან სულ მცირე, მასთან რაიმე სახით კონტაქტიც კი, ვთქვათ, სონია მარმელადოვას სახელით, სულით და ხორცით) აი, მწერლები კი, დი ჯოვანისეულ ადამიანებზე და მკითხველებზე ოცნებობენ, რომლებიც ისე გაუხსნიან კარს ახალი სამყაროს წყლებში - წიგნის მოყვარულთა გონებაში ნაოსნობისათვის - როგორც ნორმან თომას დი ჯოვანიმ შეძლო ეს ხორხე ლუის ბორხესისათვის, მის ინგლისურენოვან სამყაროში დასამკვიდრებლად, სწორედ იმისთვის რომ კვლავ მკითხველებს შესძლებოდათ ლიტერატურულ ალტერ ეგოდ ექციათ ის გმირები, რომლებიც სასიამოვნო, ამაღელვებელ და ამ მიზეზით დაუვიწყარ სახეებად და სახელებად გადაიქცნენ.

ასეთი სურათ-ხატები და გმირები კი ბევრ კარგ მწერალს შეუქმნია და მათთან ერთად გვიმოგზაურია კიდეც ტოლედოდან მთელი კასტილიის გავლით, სადგურის ბაქნიდან ზოფერ შტრასემდე და უკან, ათენისკენ მიმავალ მატარებლამდე. ზოგიერთ მათგანთან ერთად გაგვიგონია წმინდა გიორგის ეკლესიის ზარების ხმა ბლუმების სახლში და საგუნდო მუსიკისა ალფონსთან, სადილზე. მუსიკის ხმა კი ისმის იქაც კი, სადაც საკუთარ ტექსტებში სიუიტებსა და უვერტიურებს საერთოდ არ ახსენებენ მწერლები.

საოცარია ის აღფრთოვანებაც, როცა მაგალითად შენთვის განსაკუთრებით ძვირფასს იპოვი კითხვისას. ასე მაგალითად, დიდი ინგლისელი მწერლის ჯულიან ბარნსის ტექსტში "სულიკოს", თბილისს, სოხუმს, ბათუმს, არაგვს და ყაზბეგის მთის ფონზე მოჯირითე ცხენოსანს და მით უმეტეს ქართველ კომპოზიტორზე თხრობას რომ აღმოაჩენ, თუმცა ეს აღფრთოვანება გინელდება მაშინ როცა იმას არკვევ, რომ ჯულიან ბარნსი საერთოდ ვერ ერკვევა 1918-20-იანი წლების კავკასიის გასაბჭოების პერიპეტიებში, რომლის თხრობისას ქართველთა წინააღმდეგობის მოძრაობას არც კი ახსენებს. ესეც ლიტერატურაა, შესაძლოა იმედიც გაგიცრუვდეს...

ან პიტერ აკროიდის ძია დონაშიანუ ისევე რომ მისტირის მეტი ჰაერით სავსე ძველ რიო-დე-ჟანეიროს, როგორც ჩვენ მივსტირით ურბანულ-არქტიექტურულად გაცილებით მოწესრიგებულ თბილისის წარსულს.

მერე, ფილანტროპულად განწყობილი იაკობ ფონ გუნთერის სიტყვებს კითხულობ, და დაგენანება, კიბის ქვეშ მცხოვრებ ნიკალას რომ ვერ წააწყდა.

იმის აღმოჩენაც გახარებს, თუ იგივე იაკობ ფონ გუნთერის შემოქმედი რობერტ ვალზერი, როგორ ჰგავს ჰარი ჰალერის შემოქმედ ჰერმან ჰესეს მაშინ, როცა ორივე ქვეცნობიერის საუცხოო სანახებს აღწერენ.

მერე გავოცებულვართ მსგავსებითა და დამთხვევებით, მაგალითად იმით, თუ როგორ ჰგავს ვოლფგანგ შიფერის ცოლ-ქმრის დიალოგი, ნუგზარ შატაიძის "რძალ-დედამთილიანს" "მეკვლედან" ან იმით, რომ ბრუნო შულცს აქვს რაღაც პრუსტისეული შინაგანი მონოლოგით და თხრობის დეტალურობით, მაგიური რეალიზმითა და არომატული სიტყვა-ფორმულებით. ფილოსოფიური დისკურსით მამაზე, ქალაქზე, სიცოცხლეზე, მშვენიერებასა და შესაქმეზე - ძველი მორალის ახალი მაქსიმები.

გაკვირვება არც მაშინ დაახანებს, როცა გმირში იმას აღმოაჩენ, ვისაც არ ელოდი, ასე, მაგალითად, პატრიკ ზიუსკინდის კონტრაბასისტში ოიდიპოსს და სხვა.

ასეთი შესაძლო გარდასახვა იმ წამებში როცა წიგნით და მისი პერსონაჟით აღფრთოვანება წარმოსახვის სისავსეს და თვალუწვდენელ, გრძნობით წარმოსადგენ სიმაღლეებს აღწევს, ბუნებრივია და ამით ტკბობა ან ესთეტიური სიამოვნება არის კიდეც ლიტერატურის უპირატესობა.

და თუ გმირებს შორის ურთიერთობა და მნიშვნელოვან პერსონაჟობაზე ოცნებაა, ალბათ მაინც ეპისკოპოსი ბენვენიუ ჯობია, რომელიც სიკეთის ძალით მთლიანად გარდაქმნის და აღავსებს სხვას - სრულიად უცხო ადამიანს და ყოფილი კატორღელი ჟან ვალჟანისგან ვიღებთ კაცთა წინაშე მბრწყინავ ნათელს. ეს თანაგრძნობის ძალაა, და ამას განიცდის ყოველი სული, რომელიც მზად არის მიიღოს ის სხვადასხვა ფორმით და თუ ჟან ვალჟანი ვერცხლეულის ქურდობის დიდსულოვნად მიტევების გამო ხდება უკეთესი, ჩეხოვის დედა-შვილი, ვასილისა და ლუკერია სტუდენტის ნაამბობის ძალით განიცდიან საკუთარ თავში გამოღვიძებას.

და მაშინ, როცა ჩვენ თავდავიწყებით ვეძლევით წიგნის ფურცლებზე წარმოდგენილ ალტერნატიულ სამყაროს, წიგნიც არ რჩება უქმად და ვალში და ჩვენს მიღმა და "გარეთ" არსებული სამყაროსაგან შესაშური ერთგულებით და სრულყოფილად გვაზღვევს, გვიცავს, ჩვენს გაავებულ ხასიათს და აშლილ ნერვებს ამშვიდებს და ერთგვარად, გვათვინიერებს კიდეც. ეს წიგნის და მწერლობის პერსევსის ბადროა, მისი გარდაუვალი ბედისწერა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ქლოე
13 მაისი 2020 12:42
ვისიამოვნე
Kote
07 მაისი 2020 13:47
ზაზა შესანიშნავი ადამიანია, ესსე კი ძალიან საინტერესო
კაკი
05 მაისი 2020 15:44
ძალიან კარგი წერილია

რედაქტორის რჩევით