ვინ არის არაქართული გარეგნობის მამაკაცი, რომელსაც კიწმარიშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ეძებენ?! - კვირის პალიტრა

ვინ არის არაქართული გარეგნობის მამაკაცი, რომელსაც კიწმარიშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ეძებენ?!

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, რომელიც გარდაცვალების ადგილზე პოლიციის მისვლამდე იმყოფებოდა.

ამასთანავე, პროკურატურამ საქმის ფარგლებში გამოავლინა კიდევ ერთი პირი, რომელზეც გამოძიება ცალკე წარმოებად დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პარალელურად გარდაცვალების ადგილიდან აღებული დნმ-ს ნიმუშის შედარების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება არაქართული გარეგნობის პირს, როგორც ზურაბ კიწმარიშვილმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე ამოღებულ ვიდეომასალაში რამდენიმე პირი საეჭვოდ იქნა მიჩნეული, საიდანაც ორის იდენტიფიცირება და დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე მოხდა.

"ვერ მოხდა ვიდეომასალაში დაფიქსირებული კიდევ ერთი პირის – არაქართული, უფრო ზუსტად ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის იდენტიფიცირება, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა უნდოდა მას იმ ადგილას", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება კიდევ ერთ პირზე, რომელიც არა ვიდეომასალების დათვალიერების შედეგად, არამედ არსებული გარემოებების საფუძველზე გამოვლინდა.

გარდაცვლილის ძმის ინფორმაციით, აღნიშნული პირი გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა.

"ეს პირი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. გამოძიება ამ პირამდე მიიყვანა არსებულმა გარემოებებმა. მასზე ცალკე საქმეა გახსნილი. მიმდინარეობს მისი საქმიანობის შესწავლის მიზნით ღონისძიებები. თეორიულად მას შესაძლოა, რაიმე შემხებლობა ჰქონდეს", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

რაც შეეხება დნმ-ს შედარების პროცედურებს, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი დიდი ხანია ითხოვდა აღნიშნულის დაწყებას, თუმცა პროცედურა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის გამოვლენა სწორედ დნმ-ის ნიმუშის შედარების შედეგად მოხდა.

შეგახსენებთ, ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება დღემდე თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

წაიკითხეთ ასევე