"გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან" - რას აპირებს ბენსუდა? - კვირის პალიტრა

"გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან" - რას აპირებს ბენსუდა?

"ჰააგის სასამართლო ქვეყნებს შორის დავის გარკვევით არ არის დაკავებული"

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი პროკურორის ოფისთან ითანამშრომლებენ, თუმცა ასე რომ არ მოხდეს, აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არ შეფერხდება. "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბენსუდამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს, გამოძიება ჩიხში არ შევა.

"ჩვენ ახლახან მივიღეთ ნებართვა, რომ უნდა გამოვიძიოთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩემი ოფისი აფასებს, შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ საქართველოში ჩადენილი დანაშაული, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში. ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ შევძლებთ ან ვერ შევძლებთ თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო, ხაზგასმით ვამბობ, დე ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნას გავაგზავნით.... კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, რომ ითანამშრომლონ ჩემს ოფისთან, ეს არის საჭირო იმისთვის, რომ დავადგინოთ სიმართლე. გამოძიების წინასწარ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ მასალები როგორც საქართველოდან, ასევე, სხვათა შორის, რუსეთიდან. მათ ნამდვილად გამოგვიგზავნეს დოკუმენტები და მჭიდროდ ითანამშრომლეს, ისევე, როგორც საქართველომ. მე ამ მომენტისთვის ვიტყოდი, რომ მჯერა, მწამს, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება, რადგან წამოვიდნენ კონტაქტზე და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ხელს გვიშლიან. წინასწარი გამოძიების დროსაც არ იყო რუსეთი რომის სტატუტის წევრი, მაგრამ ჩვენთან ითანამშრომლეს".

ჰააგის სასამართლოს პროკურორის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, კონკრეტულად არ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ფაქტების მოძიებას.

"ჩვენს იურისდიქციაში შედის კაცობირობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ომის დანაშაული და გენოციდი. ოფისი გამოიძიებს, მაგალითად, სამშვიდობოების მკვლელობის ფაქტებს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო ორივე - როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან. ამის შესახებ ვაპირებთ, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ".

"ჰააგის სასამართლო ქვეყნებს შორის დავის გარკვევით არ არის დაკავებული. ჩვენი მანდატი არ არის საუბარი თუნდაც ტერიტორიულ საზღვრებზე და ა.შ. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ ჩადენილ სისხლის სამართლის ყოველ კონკრეტულ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები, ამიტომ არის საჭირო მყარი მტკიცებულებები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და გამოვავლინოთ პასუხისმგებელი პირები, ვინც უნდა აგოს პასუხი. მხოლოდ მტკიცებულებები მიგვიყვანს ინდივიდუალურ პირებამდე. ამ პირებზე მოვითხოვთ დაპატიმრების ორდერის გაცემას. ეს შეიძლება იყოს ერთი პირი ან ერთზე მეტი".

იხილეთ ასევე: ჰააგის პროკურორის შეგროვილ მასალებში მნიშვნელოვან ადგილს გიორგი ანწუხელიძის საქმეც იკავებს (ექსკლუზივი)