"შვილის სიკვდილში ყოფილ ცოლს ადანაშაულებდა" - თვითმკვლელობა ორმაგი მკვლელობის შემდეგ - კვირის პალიტრა

"შვილის სიკვდილში ყოფილ ცოლს ადანაშაულებდა" - თვითმკვლელობა ორმაგი მკვლელობის შემდეგ

10 თებერვალს, გორში, გურამიშვილის ქუჩის ერთ ეზოში, რამდენიმე კაცი შეკრებილიყო - ისრაელიდან 25 წლის მარიამ ქისიშვილის ჩამოსვენებას ელოდნენ. მარიამი, დედასა და ძმასთან ერთად, რამდენიმე წლის წინ ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.

ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად ავად გახდა. უმძიმესი ოპერაციაც ჩაუტარდა - ღვიძლი გადაუნერგეს. არაფერი ეშველა, მარიამი საავადმყოფოში გარდაიცვალა... ისრაელიდან ცხედარი დედამ და მარის მეუღლემ ჩამოასვენეს. ღამის 2 საათზე ის იყო, ცხედარი მანქანიდან გადმოასვენეს, რომ დამხვდურთა თვალწინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა - მარიამის მამამ, 50 წლის კახა ქისიშვილმა ყოფილი მეუღლე, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი მეორე ქმარი, რომა ჯოჯიშვილი "მაკაროვის" პისტოლეტის რამდენიმე გასროლით მოკლა და მიიმალა...

ახლობლების თქმით, "კახა ქისიშვილი შვილის სიკვდილში ყოფილ ცოლს ადანაშაულებდა", რაც გახდა ორმაგი მკვლელობის მიზეზი.

მისი დაკავება სამართალადამცავებმა ვერ შეძლეს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონს აფარებდა თავს.

16 მარტს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა ქისიშვილი თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი ოთხი დღის წინ ჩამოიხრჩო.

კახა ქისიშვილზე მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად "კვირის პალიტრა" ამ ერთი თვის წინ, გორში, მანქანების ბირჟაზე, სადაც კახა მუშაობდა, მის თანამშრომლებს გაესაუბრა.

ვაჟა ბაბუციძე, მძღოლი: - კახა წესიერი კაცი იყო. დღე და ღამე შრომობდა.¬ რა მოხდა, არ ვიცით. დილით გავიგეთ მომხდარი. მეუღლესთან დაშორების შემდეგ მდგმურად ცხოვრობდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მასზე საყვედურის მთქმელს აქ ვერ ნახავთ.

შვილის ამბავი ადარდებდა, - ძალიან ცუდად არის, ღვიძლი კი გადაუნერგეს, მაგრამ, ეტყობა, ორგანიზმმა ვერ შეითვისაო. რამე რომ დაემართოს, გავგიჟდებიო... როგორც ვიცი, მისი ყოფილი ცოლი და შვილები ისრაელის მოქალაქეები არიან. მარიმ ისრაელის ჯარშიც კი იმსახურა. კახა ამ ტრაგედიამდე 2-3 დღით ადრე ვნახე, მანქანაში იწვა გასაცოდავებული, მაგრამ არ უთქვამს, შვილი რომ გარდაეცვალა.

იხილეთ ასევე: "უთქვამს, ერთი "ტრუპიც" დავიმატეო"

მოამზადა თათია ქუჯოშვილმა