ვინ არის სულხან წულაძე, ვისაც აშშ-ს ელჩზე შესაძლო თავდასხმაზე ხუმრობისთვის სამუდამო პატიმრობაც კი ემუქრება? - კვირის პალიტრა

ვინ არის სულხან წულაძე, ვისაც აშშ-ს ელჩზე შესაძლო თავდასხმაზე ხუმრობისთვის სამუდამო პატიმრობაც კი ემუქრება?

"ჩემმა ძმამ იხუმრა"

თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დეტალების გასარკვევად kvirispalitra.ge დაკავებულის ძმას, გიორგი წულაძეს ესაუბრა:

- 11 აპრილს სულხან წულაძემ, რომელიც თბილისის ფორუმზე ცნობილია, როგორც იუზერი "სპლიყვი", გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წერდა. მეტი დამაჯერობლობისათვის მან ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა. მომხდართან დაკავშირებით, სამართალმადცველმა ორგანოებმა მოახდინეს რეაგირება და დააკავეს სულხანი. მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს (მუხლი 326, მეორე ნაწილი ), რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სულხანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, არადა, ჩემმა ძმამ იხუმრა.

- თქვენი ძმა რამდენი წლის არის, თუ ჰყავს ოჯახი?

- 34 წლის არის,  ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

- რას საქმიანობს?

- კერძო ბიზნესი აქვს. რა თქმა უნდა, ამ თემის გახსნა არაეთიკური იყო, მაგრამ ცუდი მუხლით აღიძრა საქმე, გირაოთი რომ გამოეშვათ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ გირაოც არ დააკმაყოფილეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფორუმის მომხმარებელს, შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, პროკურატურამ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს ჩაინიშნა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ. როგორც საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო - ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.

”საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია”, - ნათქვამია განცხადებაში.

სულხან წულაძის მხარდასაჭერად ფორუმზე გაიხსნა პეტიცია, სადაც ხელმოწერები გროვდება.

იხილეთ ასევე: "არსებობს საკითხის პოლიტიზირების საფრთხე" - სულხან წულაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)