"არსებობს საკითხის პოლიტიზირების საფრთხე" - სულხან წულაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"არსებობს საკითხის პოლიტიზირების საფრთხე" - სულხან წულაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მან 11 აპრილს თბილისის ფორუმზე, გახსნა თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წერდა. მეტი დამაჯერობლობისათვის მან ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა.(იხილეთ სტატია)

სულხან წულაძის ოჯახი ავრცელებს განცახდებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 11 აპრილს, ინტერნეტ ფორუმის მომხმარებელმა სულხან წულაძემ (Spliyvi) თბილისის ფორუმზე (www.forum.ge) გახსნა "სახუმარო თემა", სადაც თითქოსდა ის ამზადებდა თავდასხმას საქართველოში აშშ-ს ელჩზე. მეტი დამაჯერებლობისათვის მან გამოიყენა Google Earth-იდან ამოღებული ფოტო, რომელიც აშშ-ს საელჩოს და მიმდებარე ტერიტორიის ადგილმდებარეობას ასახავდა. როგორც შემდგომში გაირკვა, სულხან წულაძემ შესაძლო თავდასხმის სცენარი გადმოიღო ცნობილი ამერიკული სერიალიდან "Homeland", სადაც მოქმედებები მის მიერ აღწერილი სცენარის ანალოგიურად ვითარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს ადეკვატური რეაგირება და სულხან წულაძე დააკავეს. ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც, კერძოდ: სულხან წულაძის საცხოვრებელი სახლის და სამუშაო ადგილის ჩხრეკა, პერსონალური კომპიუტერების, მობილური ტელეფონების, ელექტრონული მეხსიერების მატარებლების, პერსონალური მონაცემების დამუშავება და ა.შ.

მიმდინარე წლის 14 აპრილს სულხან წულაძეს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმას გულისხმობს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სულხან წულაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნის აუცილებლობა დაასაბუთა სამხილების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების და პირის მიმალვის საშიშროების ალბათობის გამო. საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულება არის თბილისის ფორუმზე გახსნილი თემა, ხოლო სულხან წულაძე დაკავების მომენტიდან თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან. სულხან წულაძის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები სრულად ვაცნობიერებთ მის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა მიგვაჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში სრულად შეუსაბამო. ასევე ჩვენთვის გასაგებია, რომ ქართული, ასევე ამერიკული მხარისათვის საჭიროა გონივრული ვადა, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ საქმე გვაქვს ე.წ. ინტერნეტტროლინგთან, თუმცა ვთვლით, რომ საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად სულხან წულაძის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა სულხანს და მის ოჯახს.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საკითხის პოლიტიზირების საფრთხე და შესაძლოა გარკვეულმა პიროვნებებმა, ან პიროვნებათა ჯგუფმა მომხდარი საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს, უმორჩილესად ვთხოვთ თითოეულ ადამიანს, რომ ოჯახთან შეთანხმების გარეშე არ დაგეგმონ/განახორციელონ საჯარო აქტივობები, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ელფერი სდევდეს. თავის მხრივ, ოჯახი აქტიურად გადის კონსულტაციებს იურისტებთან და გარდა ამისა, მიმართავს კანონით დადგენილ ნებისმიერ საშუალებას სულხან წულაძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად".