"მაგდა პაპიძე იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მკვლელობის ღამეს ქმარს ტელეფონზე ელაპარაკა" - რა თქვა გამომძიებელმა სასამართლოზე? - კვირის პალიტრა

"მაგდა პაპიძე იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მკვლელობის ღამეს ქმარს ტელეფონზე ელაპარაკა" - რა თქვა გამომძიებელმა სასამართლოზე?

"მონადირეს პაპიძე ოთარ ბერძენიშვილს უწოდებდა"

უკვე რამდენიმე დღეა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 22 ივნისს სასამართლო სხდომა განახლდა ერთ-ერთი მოწმის დიანა დიასამიძის დაკითხვით. ის იმ მაღაზიის გამყიდველია, სადაც ბრალდებულმა პაპიძემ 25 ლარად ურო შეიძინა.

დიანა დიასამიძე: "19 დეკემბერს დაახლოებით დილის 11 საათზე, მოვიდა მაგდა პაპიძე, მას ახლდა ბავშვი, დაათვალიერა იქ არსებული უროები, რაც ყველაზე დიდი იყო, ის იყიდა და წავიდა. მეორე დღეს ჩემთან მოვიდა ვიღაც მამაკაცი(გამომძიებელი) და მითხრა, ეს ურო ხომ არ გაგიყიდიათო და მაჩვენა სურათი, დავუდასტურე, რომ ჩემთან იყო ნაყიდი, მერე წამიყვანეს განყოფილებაში, ჩემს თვალწინ გახსნეს ურო და შევამჩნიე ტარზე სისხლის კვალი და უროზე ჩემი ხელით დაწერილი ფასი, 25 ლარი იყო მიკრული".

სასმართლო პროცესზე პროკურატურამ წარადგინა ამ მაღაზიის მიმდებარედ მდებარე ვალუტის ჯიხურის ვიდეოთვალიდან ამოღებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ შედის მაგდა პაპიძე, ბავშვთან ერთად, მაღაზიაში და იქიდან გამოსულს ხელში უჭირავს ცელოფნის პარკი, რომელშიც დევს ურო.

როდესაც ეკრაზე დედა-შვილის სურათები გამოჩნდა, მაგდა პაპიძე ატირდა.

მოწმის, დიანა დიასამიძის თქმით, მას წინ დაუყენეს 3 ქალი ამოსაცნობად და მან ამოიცნო პაპიძე.

მოწმის შემდეგ, დაიწყო საქმის გამომძიებელის, ნუგზარ ნათელაშვილის დაკითხვა, რომლის თქმითაც, მკველობის ღამეს, შემთხვევის ადგილზე მისული იყო სხვა გამომძიებელი, თავად კი იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მიჰყავდათ მოწმეები, ის კი მათ ჰკითხავდა.

ნუგზარ ნათელაშვილი: "თანამშრომლებმა მაცნობეს, გარდაცვლილის გვამს ეტყობა თრევის კვალი, სისხლის კვალი იწყება სახლის ზღურბლზე, სისხლი აღმოჩენილია სახლშიც და მანქანასთანაცო. რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ეს დანაშაული ოჯახში იყო ჩადენილი. ოთახში სისხლი მოწმენდილი იყო, მაგრამ კვალი მაინც იყო დარჩენილი. მაგდა პაპიძე წარმოადგინეს პოლიციაში და რადგან ქალი იყო, ის გამომძიებელმა, თამარ ზედგენიძემ დაკითხა. პირველი ჩვენება, რაც მოგვცა პაპიძემ, რადიკალურად განსხვავდებოდა შემთხვევის ადგილზე ნანახი სურათისგან, რომლის მიხედვითაც სახლში იყო სისხლის კვალი და ამიტომ პირდაპირი ეჭვი იყო პაპიძეზე, მაგრამ რადგან ეჭვის საფუძველზე დაკავების უფლება არ გვქონდა, ვეძებდით სამხილებს დანაშაულის ადგილზე. ვიპოვეთ ურო...

22 დეკემბერს, როცა აღკვეთი ღონისძიების სახით იკითხებოდა მაგდა პაპიძე, დამიკავშირდა ლანა პაპიძე და მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, აინტერესებდა რა ხდებოდა ამ საქმეზე და ასევე აინტერესებდა ოთარ ბერძენიშვილის სახლიდან ამოღებული ოქროს ბედი. შეხვედრისას, ლანა პაპიძემ მკითხა, დავუბრუნებდით თუ არა მას ოქროულობას, ვუპასუხე, რომ ამაზე ლაპარაკი ნაადრევი იყო და უტარდებოდა ექსპერტიზა, მან კი მითხრა, რომ იმ ოქროულობაში რამდენიმე მისი იყო".

გამომძიებლის ამ სიტყვების მოსმენისას, სასამართლო დარბაზში მყოფმა ლანა პაპიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, მოგვიანებით კი, ჟურნალსიტებთან განაცხადა:  "გამომძიებელი იტყუება, ჩვენ ტალახს გვესვრიან, მე ასეთი რამ არ მითქვამს".

გამომძიებლის, ნუგზარ ნათელაშვილის თქმით კი, მასთან მისული ლანა პაპიძე ემოციურად საშინელ მდგომარეობაში იყო.

"ლანას ვკითხე, ხომ არ ეჭვობდა, რომ ეს მაგდას ჩადენილი იყო, მან თქვა, რომ ეს მაგდას ჩადენილიაო, როცა დედას დავურეკე თურქეთში, მანაც პირდაპირ მაგდაზე მიიტანა ეჭვიო. ლანა პაპიძემ ჩვენთან თქვა, რომ მის დას საყვარელი ჰყავდა და გაიხსენა ფაქტი, ერთ საღამოს "ლუკოილთან", მაგდას მაღაზიაში რომ შევედიოდი, დავინახე ოთო, მისი გვარი იმ დროს არ იცოდა, ჩემს დაზე ეკიდა ხელი და ძალიან ტკბილად საუბრობდნენო, ამის გამო მაგდას შენიშვნა მივეციო. მოგვიანებით დავკითხეთ ოთარ ბერძენიშვილი, ბუნებრივია მუშავდებოდა ვერსია, იქნებ, მაგდა პაპიძეს ჰყავდა თანამზრახველი. გადავამოწმეთ ბერძენიშვილის ჩვენება, როცა თქვა, რომ იმ დღეს იყო ორთაჭალაში და სახლში გვიან დაბრუნდა, ვნახეთ სატელეფონო ამონაწერები და სატელეფონო ანძების საშუალებით, ის მართლაც იმყოფებოდა იმ დროს ორთაჭალაში. ღამის 3 საათზე დაბრუნდა სახლში, 03:13 წუთზე კი მის ტელეფონზე მაგდა პაპიძის ზარი შევიდა.

შესწავლილია მაგდა პაპიძის ნომერიც, მისი სატელეფონო კავშირების გაშიფვრისას დავრწმუნდით, რომ პაპიძე იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მკვლელობის ღამეს ქმარს ტელეფონზე ელაპარაკა, თუმცა 19 დეკემბერს ინტენსიური სატელეფონო კავშირები ჰქონდა ოთარ ბერძენიშვილთან, ხოლო იმ დღეს ქმარს დაურეკა მხოლოდ ერთხელ 15:20-წუთზე. 17:00-დან 19:00 საათამდე მის ტელეფონზე ზარი არ შედის და 19:00 საათის მერე ინტენსიურად წერს მეზობელ ნანა ტუხაშვილს, რომლისთვისაც თმა უნდა შეეღება.

ასევე გაიშიფრა დედამთილთან, დარეჯან მინდიკაურთან მიწერილი შეტყობინებები, მაგდა პაპიძე დედამთილს წერს, რომ ომარი და ბავშვი მოდიან, დაიძინეო, რეალურად კი, ამ დროს მეუღლესთან კავშირი ვერ ექნებოდა, რადგან ის უკვე გარდაცვლილი იყო. პაპიძე  ჯერ 17:07 წუთზე ურეკავს ბერძენიშვილს და ბოლოს ურეკავს 03:13 წუთზე, მას სხვასთან არ დაურეკავს, არც ის დადასტურდა, რომ თითქოს მაგდა პაპიძემ პატრულში დარეკა. გაიშიფრა ასევე ომარ ქაფიაშვილის სატელეფონო საუბრები, ლანა პაპიძე თავის ჩვენებაში ამბობს რომ თავის სიძეს ვიღაცამ დაურეკა და მისი ზარის გამო გავიდა სახლიდანო, არც ეს დადასტურდა, რადგან 16:00 საათიდან ომარ ქაფიაშვილის ტელეფონზე არავის დაურეკავს.

25 დეკემბერს დამირეკა ომარ ქაფიაშვილის ძმამ, მალხაზ ქაფიაშვილმა, რომელმაც წარმიდგინა პატარა თორნიკეს ქურთუკები და პარკში ჩაწყობილი გირჩები, ბუმბული, ხელნაწერები, მონადირის ქანდაკება და მითხრა, რომ კარადაში აღმოაჩინა. ეს იყო პაპიძის სასიყვარულო ხელნაწერები, სადაც საუბარია ვიღაც მონადირეზე, და ამ მონადირეს პაპიძე ოთარ ბერძენიშვილს უწოდებდა".

გამომძიებელ სასიყვარულო წერილები დამსწრეთათვის უნდა გაეცნო, თუმცა მაგდა პაპიძის ადვოკატებმა სხდომის დახურვა მოითხოვეს, ამისათვის მხარეები მოსამართლესთან მოსალაპარაკელბად მივიდნენ, მოსამართლემ კი ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა. სასამართლო პროცესი გამომძიებელ ნუგზარ ნათელაშვილის დაკითხვით გაგრძელდება.

იხილეთ ასევე: "ჩემთვის ის ერთი რიგითი ქალი იყო... არასოდეს მიფიქრია მასთან ბავშვის ყოლა" - რა ჩვენება მისცა ოთარ ბერძენიშვილმა გამოძიებას?

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)