"29 ჭრილობა დედას მიაყენა, 16 - მის მცირეწლოვან შვილს" - სასტიკი მკვლელობა გახსნილია - კვირის პალიტრა

"29 ჭრილობა დედას მიაყენა, 16 - მის მცირეწლოვან შვილს" - სასტიკი მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოძიება თვეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა, დაიკითხა არაერთი პირი და ჩატარდა საექსპერტო კვლევები, რის შედეგად დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ. მიმდინარე წლის 22 თებერვალს დილით თბილისში ზემო ფონიჭალაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით მისი მცირეწლოვანი შვილი მარიამ მამფორია, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. იარაღზე და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა", - განაცხადა პერტაიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და მათ შორის მცირეწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რა შემხებლობა ჰქონდა ბრალდებულს გარდაცვლილებთან და ასევე არ სახელდება დანაშაულის ჩადენის მოტოვი.

თეა პერტაიას თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით კი ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ოჯახის ნათესავმა, ოთარ კვირკველიამ განაცხადა, მკვლელობა გარდაცვლილი ქალის ქმრის პირველი ცოლის ძმის მეგობარმა ჩაიდინა.

„ჩვენს სიძეს პირველი ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა. სწორედ, პირველი მეუღლის ძმის მეგობარმა დახოცა დედა-შვილი“, - აღნიშნა სააგენტოსთან საუბრისას მოკლული ქალის ბიძა ოთარ კვირკველიამ.

მისივე განმარტებით, მკვლელობის მოტივი ფულის გამოძალვა იყო. ოთარ კვირკველიას ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენმა მოზარდიც იმიტომ მოკლა, რომ თვითმხილველი მოეშორებინა.

„ბედნიერები ვართ, რომ არ ვიცნობთ იმ არაკაცს, არ ჩამოდიოდა ქობულეთში. მკვლელი ჩვენი სიძის პირველი მეუღლის ძმის მეგობარი აღმოჩნდა. ბინაში იმიტომ შევიდა, რომ ფული უნდოდა. ჰკითხეს, ბავშვი რატომ მოკალიო, უთქვამს, დროთა განმავლობაში მაინც მიცნობდა და როგორც თვითმხილველი მოვიშორეო“, - აღნიშნა ოთარ კვირკველიამ.

ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავის გამოვლენისთვის მადლობას უხდის

იხილეთ ასევე: "თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..."