ვინ არის სპარტაკ ჯაფარიძე, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ეძებს და რა აკავშირებდა მას მიხეილ სააკაშვილთან?! - კვირის პალიტრა

ვინ არის სპარტაკ ჯაფარიძე, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ეძებს და რა აკავშირებდა მას მიხეილ სააკაშვილთან?!

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, 29 ნოემბერს, ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი.

(იხილეთ: მასშტაბური სპეცოპერაცია ქალაქებში: მადრიდი, ბარსელონა, სევილია... - დაკავებულია საქართველოს 50 მოქალაქე)

დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ფულის გათეთრება. ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა "დოიჩე ველესთან" საუბარში განაცხადა, რომ ესპანეთში ბინების ძარცვა არ ითვლება მძიმე დანაშაულად და ჩვეულებრივ დამნაშავეებს სასამართლომდე ათავისუფლებენ, მაგრამ მისი თქმით, ქართველების შემთხვევაში, ისინი დაკავებულები იქნებიან, რადგან არსებობს საშიშროება, რომ გამოძიებას დაემალებიან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეს ეძებს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსული წყაროების ცნობით, ესპანელი სამართალდამცავები სწორედ მას მიიჩნევენ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელად. ესპანეთის პოლიცია მას "კანონიერ ქურდს" და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს უწოდებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ იმასაც, რომ ის შესაძლოა, იტალიაში იმალებოდეს.

ვინ არის სპარტაკ ჯაფარიძე?

როგორც რუსული საიტები წერენ, ის 1971 წლის 19 იანვარს დაიბადა. სამივე ძმა ჯაფარიძეები კრიმინალური სამყაროს წევრები იყვნენ, მათგან სპარტაკი და ბესო ჯაფარიძეები "კანონიერ ქურდებად" მიიჩნევიან. ის ორჯერ 2001 და 2007 წელს დააკავეს უკრაინაში, უკანასკნელი დაკავებისას მისი დეპორტაცია განხორციელდა და ის ქართულ მართლმსაჯულებას გადასცეს. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ, სპარტაკ ჯაფარიძე ავადმყოფობის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ეს მისი მესამე პატიმრობა იყო. როგორც ამბობენ, ის გათავისუფლებისთანავე თურქეთში წავიდა, იქიდან კი - საბერძნეთში. როგორ და რა აკავშირებს ესპანეთში მომხდარ ქურდობებთან, ამის გარკვევას ესპანელი სამართალდამცავები შეეცდებიან.

ერთ-ერთ რუსულ საიტზე გადავაწყდით სტატიას, რომელშიც სპარტაკ ჯაფარიძისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობების შესახებ წერენ. ეს იმჟამინდელი ამბავია, როდესაც სააკაშვილი კიევში სწავლობდა. იმ დროს კიევშივე იყო ახალგაზრდა სპარტაკ ჯაფარიძე, რომელიც, როგორც ჩანს, სწორედ იმ პერიოდში აკურთხეს "კანონიერ ქურდად". როგორც ირკვევა ამ ორს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა და სააკაშვილი ჯაფარიძის უმაღლეს სასწავლებელში მოწყობასაც ცდილობდა, თუმცა მოგვიანებით, სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობისას აღმოჩნდა ჯაფარიძე ციხეში. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ეს კახპები პოროშენკოს გარემოცვიდან არიან" - სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს გამოერია