"არავინ იცის, რა როლს ითამაშებს გერლიანი კიდევ ერთ ქურდულ ომში" - სკანდალურად დაკავებული "თავისუფალი მხატვარი" თავისუფალია - კვირის პალიტრა

"არავინ იცის, რა როლს ითამაშებს გერლიანი კიდევ ერთ ქურდულ ომში" - სკანდალურად დაკავებული "თავისუფალი მხატვარი" თავისუფალია

19 ივნისს, თბილისის აეროპორტში, უკრაინიდან ჩამოფრენილ მგზავრებთან ერთად, საბაჟო შემოწმება დავით ჩაჩიბაიამაც გაიარა. თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მოქალაქე რამდენიმე წუთში ქვეყნის მედიასაშუალებების მთავარი გმირი გახდებოდა. ჩაჩიბაია აეროპორტიდან გამოსვლის დროს ტელეკამერამ დააფიქსირა და უმალ მოექცა პოლიტიკოსების, სამართალდამცავების და ქართველი ქალბატონების ყურადღების ცენტრში. უკრაინიდან ჩამოფრენილი მგზავრი არც მეტი არც ნაკლები ე.წ კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, მეტსახელად "დათო სვანი" აღმოჩნდა. იმ დღესვე გაჩნდა კითხვა, როგორ შეძლო კრიმინალურმა ავტორიტეტმა საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად შემოსვლა მაშინ, როცა საქართველოში "კანონიერი ქურდობა" და ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია და საკმაოდ დიდ სასჯელს ითვალისწინებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებული უნდა იყოს.

ძალიან მალე გაირკვა კიდეც რომ გერლიანი, რომელსაც პასპორტი ჩაჩიბაიას გვარზე ლეგალურად აქვს აღებული, ოდესიდან იყო დეპორტირებული.

სამართალდამცავების "უყურადღებობა" ოპოზიციის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა უკვე 22 ივნისს ქვეყნის პირველმა სამართალდამცავმა განაცხადა, რომ "კანონიერი ქურდი" "დათო სვანი" საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

სასამართლოზე დაცვის მხარე მზად იყო გირაოს სახით 50 000 ლარი გადაეხადა, თუმცა გერლიანს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გისოსებს მიღმა ყოფნა შეუფარდა.

8 დეკემბერს დავით გერლიანის სასამართლო პროცესი გაიმართა.

„კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში სასამართლომ დავით გერლიანი-ჩაჩიბაია გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო 15 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თუმცა მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებით, მხედველობაში იქნა მიღებული ის, რომ ბრალდებული სასამართლოს განხილვების მიმდინარეობისას წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარიმის ოდენობა 6 500 ლარამდე შემცირდეს. დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს გაასაჩივროს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათთვის მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან, როგორც დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას ინტერესების დამცველმა თამარ აბესაძემ განაცხადა, ბრალდებულის წინააღმდეგ არც ერთ ეპიზოდში არ არსებობდა მტკიცებულება.

"კვირის პალიტრამ" რამდენიმე თვის წინ ატეხილ სკანდალზე მოამზადა სტატია "ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში". ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე წერდა:

"ჯერ არავინ იცის, რა როლს ითამაშებს დათო გერლიანი კიდევ ერთ მოახლოებულ ქურდულ ომში, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ამჯერად შაქრო კალაშოვი იქნება... რომელიც დღეს ქურდული სამყაროს ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა იმის გამო, რომ მისი მოწინააღმდეგეთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიმინალურ სამყაროს ცხელი დღეები კიდევ წინ აქვს..."

გთავაზობთ კიდევ ერთ ამონარიდს სტატიიდან:

სოხუმში დაბადებული დათო სვანი კრიმინალურ ავტორიტეტთა იმ კატეგორიას მიეკუთნებოდა, რომელიც ზედმიწევნით იცავდა ქურდულ კოდექსს, მან ცხოვრების თითქმის ნახევარი (საბოლოო ჯამში ოცი წელი) ციხეში გაატარა. მიუხედავად ამისა, ქურდული სამყარო მის "ოჯახში" მიღებას არ ჩქარობდა. ასეთ შემთხვევებში მიზეზი მარტივი იყო - ძლიერი მეტოქის გამოჩენაზე "ხელს არ მოაწერდნენ". გარდა ამისა, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში კანონიერი ქურდის სახელის მოსაპოვებლად სულაც არ არის საჭირო "ბრადიაგულად" (ქურდულად) ცხოვრება და წლების ციხე - კოლონიებში გატარება, ამისთვის რამდენიმე ათეული ათასი დოლარი და კავშირებიც საკმარისია, განსაკუთრებით ქართველებში.

დავით გერლიანი იღბლიანი გამოდგა და მას ბოლოს მფარველი გამოუჩნდა, ეს ქურდული სამყაროს ძველი თაობის ერთ - ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდი ოჩამჩირელი (სოფ. ილორი) ვალიკო ჯეჯია - მეტსახელად "ვალტერი" გახლდათ. ჯეჯიამ 90 -იანი წლების შუა ხანებიდან შორეულ აღმოსავლეთს მიაპყრო თვალი და სულ მალე გავლენებისა და სერიოზული კავშირების წყალობით წყნარი ოკეანის აუზის ჩრდილოვან მმართველად იქცა. თუმცა პირველობამდე ჯერ შორს იყო, ჯეჯიას ხანგრძლივი კონფლიქტი ჰქონდა შორეული აღმოსავლეთის "პატრონთან" ვინმე ვასინთან, მეტსახელად "ჯემთან". მისი მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ვალიკო ჯეჯია 1999 წელს ქურდულ სამსჯავროზეც დაიბარეს. მართალია მაშინ შეძლო "სახელის" შენარჩუნება, თუმცა იძულებული გახდა იქაურობა სანდო ადამიანისთვის ჩაებარებინა და მოსკოვში გადმობარგებულიყო. მას შემდეგ ჯეჯია ციხეში რამდენჯერმე მოხვდა, ბოლოს 2011 წელს. დათო გერლიანი ვალიკო ჯეჯიას სიძე გახდა, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ გერლიანის "კანონიერი ქურდობა" უკვე დროის საკითხი იყო, როგორც ცნობილია, მისი ქურდად "კურთხევა" 2014 წელს თურქეთში მოხდა.

მალე გერლიანს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდა ქურდულ კლანებს შორის დაპირისპირებაში, (რომელსაც მესამე ქურდული ომები უწოდეს) ვის მხარეს დამდგარიყო, სიმამრის გემოვნებიდან და სოხუმელობიდან გამომდინარე დავით გერლიანი მერაბ ჯანგველაძის (სოხუმსკი) ბანაკში აღმოჩნდა. მართალია გერლიანის სახელი ნაკლებად არიც ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა მისი მეგობრის და თანამოაზრის როვშან ჯანიევის (ლენკორანსკი) სახელი ევროპის ოცდაათამდე ქვეყნის სპეცსამსახურების ანგარიშებში იკითხება. 2013 წლის 16 იანვარს მოსკოვში ქურდული სამყაროს უგვირგვინო მეფედ წოდებული ასლან უსოიანი - მეტსახელად, "დედ ჰასანი" მოკლა სნაიპერმა, რამდენიმე დღეში კრიმინალურმა წრეებმა ჰასანს მკვლელობაში ბრალი როვშან ჯანიევს დასდეს და მის მოსაკლავად ქურდული ბიუჯეტიდან 5 მილიონი დოლარი გამოყვეს კიდეც.

იხილეთ სრულად