"მიშველე, შვილი მოვკალიო" - კიდევ ერთი "ტრაგედია უგმიროდ" - კვირის პალიტრა

"მიშველე, შვილი მოვკალიო" - კიდევ ერთი "ტრაგედია უგმიროდ"

"როცა ჰკითხეს, - შვილი რატომ მოკალიო, უთქვამს, - მაინც ვერ იცოცხლებდა, რადგან ლუკმა პურიც არ გვქონდა სახლში და მშიერი მეტანჯებოდა; ამ ტანჯვას მოვუღე ბოლო და დავასვენეო"

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, სადაც 75 წლის დედამ 50 წლის ვაჟი ნაჯახით მოკლა. მომხდარით შეძრწინებულ თანასოფლელებს უჭირს მომხდარის მოტივზე ლაპარაკი, თუმცა ყველაფრის მიზეზად მაინც უკიდურეს გაჭირვებას ასახელებენ.

რუსლან თურმანიძე, სოფელ ციხისძირის მკვიდრი:

- შემზარავი რამ მოხდა - დედამ შვილი მოკლა, საწყალმა მოხუცმა, რომელიც დიდ გაჭირვებას უძლებდა და ოჯახის პატრონობასაც ახერხებდა. 75 წლის ქალი ორ გაუბედურებულ შუახნის ვაჟს და კიდევ დედისაგან მიტოვებულ 4 შვილიშვილს უვლიდა. საწყალმა შვილები დიდი წვალებით გაზრადა. მთელ სოფელს ახსოვს, შრომა და მონდომება არ დაუშურებია მათი გაზაზე დაყენებისთვის, მაგრამ...

მოკლული მისი უმცროსი შვილია, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი მძიმე ავადმყოფობის გამო ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თუმცა მისი აგრესიულობის შესახებ არაფერი გაგვიგია, უბრალოდ, უცხო ხალხთან კონტაქტი უჭირდა; ისე, თავის კარ-მიდამოში თავდადებით მუშაობდა ხოლმე. არც უგონო იყო... მეზობლებს მაღაზიაშიც გვეგზავნებოდა საყიდლებზე; ხალხი ცოტა ფულს აძლევდა, მოკლედ, კეთილგანწყობილი ადამიანი იყო, განსხვავებით უფროსი ვაჟისგან, რომელიც ლოთია. 4 შვილის მამა შვილების, დედის და ძმის პენსიას და სოციალურ დახმარებას სასმელში ხარჯავდა მაშინ, როდესაც ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნდა.

ცოლმა მიატოვა, შარშან სახლში დამსვენებელი ჰყავდათ, იმას გაჰყვა; 4 შვილი - 4 ბიჭი დატოვა უდედოდ. ასე რომ, შვილიშვილები და შვილები, მათი საკვების შოვნა და მომზადება უბედურ მოხუცს დააწვა მხრებზე. პირველად უთქმელად იტანდა, მაგრამ, მერე, როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო, სტრესზე და უბედურებაზე ათასი რამ შეიძლება დაემართოს ადამიანს. უკიდურესი ეკონომიკური მდგომარეობის გამო უფროსი ბიჭის გარდა, რომელიც მეათე კლასშია, დანარჩენები ბავშვთა სახლში წაიყვანეს. ამას ისიც დაერთო, რომ იმ ვაჟს, რომელიც მოკლა, დიაბეტი აღმოაჩნდა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. როგორც ირკვევა დიდწილად მშივრები იყვნენ. როგორც ჩანს, ამ მდგომარეობამ საწყალი მოხუცი შეშალა...

- კი, მაგრამ ახლობელი, მეზობელი რისთვის ჰყავს ადამიანს, თუ შიმშილობდნენ, რატომ არავინ არაფერი მიაწოდა?

- მეზობლები ხშირად ეხმარებოდნენ, ცხელი კერძები გადაჰქონდათ, მაგრამ ერთ დღეს მოხუცმა ყველას აგვიკრძალა. მისი უმცროსი შვილის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, კონკრეტულად რა მოხდა, არავინ იცის... ამბობენ რომ ბოლო დღეებში ლოგინიდან აღარ დგებოდა და დედა უვლიდა.

ერთ დღესაც, შუადღეზე ჩვენივე სოფელში მცხოვრებმა, მისმა მაზლის ცოლმა ატეხა კივილი, - მიშველეთო! მეზობლები შევიდნენ და ის უბედური კაცი საწოლში ყელგამოჭრილი დახვდათ, ზემოდან ზეწარი ჰქონდა გადაფარებული, უბედური დედამისი კი დადუმებული იჯდა და ხალხს უაზროდ მისჩერებოდა.

-აღიარა, რომ  შვილი მოკლა?

- მაზლის ცოლთან წასულა, რომელიც საკმაოდ მოშორებით ცხოვრობს და უთქვამს: - მიშველე, შვილი მოვკალიო. გამოქცეულა ისიც და ეს უბედურება დახვედრია. ეს უბედური დედა პოლიციაში მოვიდა გონზე. როცა ჰკითხეს, - შვილი რატომ მოკალიო, უთქვამს, - მაინც ვერ იცოცხლებდა, რადგან ლუკმა პურიც არ გვქონდა სახლში და მშიერი მეტანჯებოდა; ამ ტანჯვას მოვუღე ბოლო და დავასვენეო. ისიც უთქვამს, მეზობლებისაც მრცხვენოდა, - რამდენჯერ უნდა გამოეცლიათ საკუთარი შვილებისთვის ლუკმა და ჩემი შვილისთვის შემოეტანათო.

იხილეთ ასევე: "თოკო, სად იყო იმ დროს? იქნებ მანქანაში მარტო..." - მაგდა პაპიძის წერილი ციხიდან (ექსკლუზივი)

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)